საქმე №ას-1274-2018 25 დეკემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ვ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ვ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2011 წლის პირველი ივლისიდან წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ს–”ში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან კლინიკა) მეან-გინეკოლოგად მუშაობდა (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 6.1. მუხლი). მხარეთა შორის ხელშეკრულება 6 თვით გაფორმდა, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, უვადოდ გაგრძელდა.
2. მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 600 ლარს შეადგენდა (იხ. ხელფასის ჩარიცხვის რეესტრი, ს.ფ. 56-57; საბანკო ამონაწერი, ს.ფ. 113-118).
3. მოპასუხემ მოსარჩელეს 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში ხელფასი სრულად არ გადაუხადა, კერძოდ, მითითებულ თვეებში, დასაქმებულს, 600-600 ლარის ნაცვლად, 300-300 ლარი ჩაერიცხა. გარდა ამისა, ამ უკანასკნელს 2017 წლის სექტემბერში ხელფასი საერთოდ არ მიუღია.
4. 2017 წლის 1 ნოემბერს, მოსარჩელემ წერილობითი განცხადებით მიმართა კლინიკის დირექტორ - ი.გ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დირექტორი), 2017 წლის 1 დეკემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლებისა და კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
5. დირექტორის ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 1 ნოემბრიდან და არა 2017 წლის 1 დეკემბრიდან, როგორც ამას დასაქმებული მოითხოვდა. გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტი დაედო.
6. 2017 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელემ წერილობითი განცხადებით მიმართა დირექტორს და 2017 წლის 1 დეკემბრამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების საშუალების მიცემა მოითხოვა, თუმცა აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია.
7. 2017 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელემ (წარმომადგენელმა) კლინიკის დირექტორს კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით კვლავ მიმართა, თუმცა არც ამას მოჰყოლია შედეგი.
8. 2018 წლის 12 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, შრომის ანაზღაურების (სახელფასო დავალიანების) - 1800 ლარისა და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისთვის, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის - 233.73 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ წლების განმავლობაში ის კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დამსაქმებელი მას კუთვნილ ხელფასს სრულად არ უნაზღაურებდა. გარდა ამისა, მოპასუხე მას დისკრიმინაციულად და დამამცირებლად ეპყრობოდა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დასაქმებული პრეტენზიას გამოთქვამდა ხელფასის არასრულად დარიცხვასთან დაკავშირებით. ამრიგად, მოპასუხეს სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება უნდა დაჰკისრებოდა.
9. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არა 600 ლარს, არამედ 300 ლარს შეადგენდა, დასაქმებულისთვის სადავო პერიოდამდე, შეთანხმებულზე მეტი ოდენობის ჩარიცხული თანხა წარმოადგენდა დანამატს წახალისების მიზნით, შესაბამისად, მოსარჩელემ შესრულებული სამუშაოს ხელფასი სრულად მიიღო და მოპასუხეს დასაქმებულის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. დასაქმებული სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, ამასთან, ამ უკანასკნელს მოპასუხე დისკრიმინაციულად და დამამცირებლად არასდროს მოპყრობია.
10. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების 1800 ლარისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) - 233.73 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, სშკ-ის მე-2, 6.1, მე-7, მე-13, 31-ე, 32-ე, 34-ე, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტი, 38.3, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე-317-ე მუხლები გამოიყენა.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე, მართებულად დაკმაყოფილდა;
12.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში მხოლოდ ხელფასის ნახევარი, 300-300 ლარი დაერიცხა, ხოლო სექტემბრის ხელფასი - 600 ლარი საერთოდ არ მიუღია, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეების სახელფასო დავალიანება - 1200 ლარი;
12.3. სააპელაციო პალატამ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შრომის ანაზღაურების გამო პირგასამტეხლოს - 0.07%-ის, ჯამში - 233.73 ლარის დაკისრების თაობაზე და, სშკ-ის 31-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით, განმარტა, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საუძვლები;
12.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულმა დამსაქმებელს წარუდგინა წინადადება (გაკეთდა ოფერტი) და 2017 წლის 1 დეკემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა. დამსაქმებელმა თანხმობა განაცხადა ოფერტზე, თუმცა სხვა პირობებით, კერძოდ, კლინიკის დირექტორის ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან არა 2017 წლის 1 დეკემბრიდან, არამედ 1 ნოემბრიდან. პალატამ სსკ-ის 333-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ აქცეპტანტის მხრიდან განხორციელებული ამგვარი ქმედება (ოფერტზე თანხმობა სხვა პირობებით) ფასდება - როგორც უარი ოფერტზე, ამავდროულად ის მიიჩნევა ახალ წინადადებად და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არა ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე, არამედ - დამსაქმებლის ინიციატივით, სრულიად დაუსაბუთებლად განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ სახეზე იყო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ნოემბრის ხელფასი სრული ოდენობით მართებულად დაეკისრა.
13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
13.1. გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი;
13.2. მოპასუხემ მოსარჩელეს ხელფასი სრულად გადაუხადა, შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის დასკვნა, სახელფასო დავალიანების არსებობის თაობაზე. გარდა ამისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ხელფასის ჩარიცხვის რეესტრის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერის საფუძველზე, არასწორად მიიჩნიეს, რომ დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი 600 ლარს შეადგენდა. მათ არ გაითვალისწინეს საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება არა 600, არამედ 300 ლარი იყო, მოსარჩელეს 600 ლარი წახალისების მიზნით ერიცხებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელს ამის შესაძლებლობა ჰქონდა;
13.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 600 ლარის ანაზღაურებაც. ამ თვალსაზრისით, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, ამასთან, ამ უკანასკნელს არც გათავისუფლების შესახებ ბრძანება გაუსაჩივრებია;
13.4. კლინიკის შინაგანაწესის მიხედვით, ხელფასი შეიძლება გაცემულიყო დაგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ თავად შემკვეთი დააგვიანებდა კლინიკისათვის თანხის ჩარიცხვას. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სადავო პერიოდში ხელფასების გაცემა შემსყიდველის თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის გამო ფერხდებოდა, შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლო უსაფუძვლოდ დაეკისრა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომის ანაზღაურებისა და თანხის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), 32.1 (თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით) და 31.3 (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) მუხლებიდან გამომდინარეობს.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ შრომითი ურთიერთობა, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. სუსგ № ას-921-871-2015, 26.11.2015).
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც შრომითსამართლებრივ ურთიერთობებს ახასიათებს, ამდენად, განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (შდრ. სუსგ № ას-98-94-2016, 26.07.2016). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015).
20. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება არა 600 ლარს, არამედ 300 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელფასის ჩარიცხვის რეესტრითა და საბანკო ამონაწერით დგინდება ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან ყოველთვიური ხელფასის სახით სისტემატურად იღებდა 600 ლარს, რაც თავის მხრივ ადასტურებს მხარეთა ზეპირ შეთანხმებას, მოსარჩელის ხელფასის 600 ლარით განსაზღვრის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მტკიცება, რომ ვინაიდან ეს უკანასკნელი მოსარჩელის სასარგებლოდ იხდიდა ხელფასს 300-300 ლარის ოდენობით, მას მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. გარდა ამისა, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის 2017 წლის სექტემბრის ხელფასის ნაწილობრივ ან სრულად გადახდა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.
21. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ მოსარჩელის იძულებით მოცდენას, რის გამოც, მოსარჩელეს მართებულად მიეცა 2017 წლის ნოემბრის შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით (სშკ-ის 32.1 მუხლი).
21.1. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა იმავე წლის 1 დეკემბრიდან. მოპასუხემ კი, აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მოსარჩელე 2017 წლის 1 ნოემბრიდან გაათავისუფლა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (დასაქმებულის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა) მითითებით.
21.2. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, ვინაიდან მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა 2017 წლის პირველი დეკემბრიდან, მოპასუხემ კი, ის 2017 წლის პირველი ნოემბრიდან უსაფუძვლოდ, მხოლოდ დასაქმებულის განცხადებაზე (ინიციატივაზე) მითითებით გაათავისუფლა, იკვეთება 1 თვის (ნოემბერი) განმავლობაში დამსაქმებლის ბრალით დასაქმებულის იძულებითი მოცდენა, რაც, სშკ-ის 32.1 მუხლის საფუძველზე, ექვემდებარება შრომის სრულად ანაზღაურებას.
22. სშკ-ის 31.3-ე მუხლის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი“, ე.ი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ, როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. „სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმებას, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს (შდრ. სუსგ-ები: #ას-82-82-2018, 09.03.2018; # ას-285-271-2013, 30.09.2013).
22.1. საკასაციო პალატა არ იზიარებს კლინიკის შინაგანაწესზე მითითებით კასატორის პრეტენზიას, რომ დამკვეთის მხრიდან კლინიკისთვის თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის გამო, ის უფლებამოსილი იყო, დაგვიანებით გაეცა ხელფასი დასაქმებულზე.
22.2. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან კლინიკის შინაგანაწესის მოსარჩელისთვის გაცნობის ფაქტი, შესაბამისად, იმ შინაგანაწესის დებულებები, რომელიც მოსარჩელისთვის უცნობია, ამ უკანასკნელისთვის შესრულების სავალდებულო ძალა არ გააჩნია და მხარეთა შრომითი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, არ გამოდგება.
22.3. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების თაობაზე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანი იყო და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: №ას-82-82-2018, 09.03.2018; № ას-285-271-2013, 30.09.2013; № ას-98-94-2016, 26.07.2016; № ას-922-884-2014, 16.04.2015; № ას-921-871-2015, 26.11.2015).
25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს–ს“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N 5146076600, გადახდის თარიღი 13.08.2018 წ.) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი