Facebook Twitter

საქმე №ას-1053-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ლ. ბ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ძე, მ. ბ-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ლ. ბ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მაპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჩ-ძისა და მ. ბ-იას (შემდგომში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან მოვალეები) მიმართ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (სესხის ძირი თანხის _ 4 221,93 ლარის, სარგებლის _ 2 943,92 ლარის, ჯარიმის _ 1 000 ლარისა და გამარტივებული წარმოების საფასურის _ 100 ლარის) მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის მოტივით განაცხადეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კერძო საჩივრის ავტორს არ ჩაბარებია უწყება სასამართლოს სხდომის თაობაზე, საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც კრედიტორის მიერ სასამართლო უწყების ჩაბარების ფაქტს დაადასტურებს. ერთადერთი მტკიცებულება, არის ფოსტის დასტური, სადაც ტექნიკური შეცდომაა და სააპელაციო შესაგებელთან ერთად შეცდომითაა დატანილი უწყების ჩაბარების შესახებ მითითება. სააპელაციო სასამართლოდან გადაცემული კორესპონდენციის რეგისტრაციის მასალებით ირკვევა, რომ კრედიტორს ჩაბარდა მხოლოდ სააპელაციო შესაგებელი რვა ფურცლად. არც სასამართლოს მიერ მითითებულ გზავნილში არაა აღნიშნული, რომ მხარეს შესაგებელთან ერთად ეგზავნებოდა სასამართლო უწყება. ასეთ ვითარებაში კი, საჩივრის განუხილველად დატოვება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და არღვევს პირის ხელმისაწვდომობის უფლებას სასამართლოზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ლ. ბ.“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ დადგენილი წესით;

1.3.2. 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით განისაზღვრა სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თარიღი _ 2018 წლის 22 მაისი, 12:00 საათი და ამოწერილია შესაბამისი უწყებები, თუმცა საქმეში წარმოდგენილი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საფოსტო რეესტრის თანახმად, სს „ლ. ბ.“ გაეგზავნა გ.ჩ-ძისა და მ.ბ-იას მიერ წარდგენილი შესაგებელი;

1.3.3. შპს „ს. ფ.“ უკუგზავნილზე, მართალია, აღნიშნულია, რომ აპელანტს გაეგზავნა „სააპ.შესაგებელი, უწყება“ და ეს დოკუმენტი ხელმოწერილია ორგანიზაციის კანცელარიის უფროსის მიერ, თუმცა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უწყების აპელანტისათვის ჩაბარების ფაქტს, საქმეში არ არის წარმოდგენილი, გარდა ამისა, კერძო საჩივარს ერთვის ბანკის კანცელარიის საძიებო სისტემის ელექტრონული ამონაწერი, რომლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შესწავლით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 აპრილს სააპელაციო სასამართლოსგან ჩაბარდა მხოლოდ შესაგებელი და ეს თარიღი ემთხვევა საქმეში წარმოდგენლ შპს „ს. ფ.“ უკუგზავნილს, რაც მეტად სარწმუნოს ხდის კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას დადგენილი წესით არ ჩაბარებია უწყება საქმის განხილვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამა თუ იმ დოკუმენტის ჩაუბარებლობის მტკიცება თავისთავად ფაქტის ნეგატიური მტკიცებაა, რომელიც, საკმაოდ რთულია და გარკვეულწილად ეწინააღმდეგება კიდეც მტკიცების ზოგადპროცესუალურ წესს, მეტად სარწმუნო მტკიცებულებას კი, საკასაციო პალატა ვერ მოითხოვს მხარისაგან, ვინაიდან ამგვარი მოთხოვნით მტკიცების პრაქტიკულად დაუძლევადი ტვირთი დაეკისრება მხარეს. ამასთანავე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ კრედიტორს უშუალოდ ჩაბარდა უწყება, პალატა იზიარებს მხარის არგუმენტს, რომ არ იყო მიწვეული სხდომაზე;

1.3.4. 2018 წლის 22 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც გაიზიარა კიდევაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ არის ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხველი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

1.4.2. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე იმ საფუძვლით ედავება, რომ სხდომაზე არ იყო მიწვეული კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მას არ ჩაბარებია სასამართლო უწყება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, საქმეში არ არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ აპელანტს გაეგზავნა და ჩაბარდა უწყება 2018 წლის 22 მაისს დანიშნული სხდომის თაობაზე, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი კანცელარიის სააღრიცხვო მონაცემებით ირკვევა, რომ ბანკს გადაეცა მხოლოდ მოვალეთა შესაგებელი, ამდენად, პალატა ასკვნის, რომ იკვეთება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამომრიცხველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საფუძვლიანია და ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ლ. ბ.“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური