საქმე №ას-869-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ბათუმის მერია, შპს „B.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – აღნაგობის ხელშეკრულების მოშლის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „დ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ბათუმის მერიისა და შპს „B.-ის“ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტები ან კერძი საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა პირველი მოპასუხის დავალდებულება, მოშალოს მეორე მოპასუხესთან 2010 წლის 10 ივნისს დადებული მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში _ აღნაგობის ხელშეკრულება).
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს აღნაგობის უფლების მოშლის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხეს დაევალა მეორე მოპასუხესთან დადებული აღნაგობის ხელშეკრულების მოშლა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებდა არათანაბარი პირობების შექმნასა და კონკურენციის წესების დარღვევაზე, რის გამოც, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე, ჩათვალა, რომ საკითხის განხილაზე განსჯადს თბილისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 186-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად, განუხილველად დატოვა სარჩელი, რაც არასწორია, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლომ წინამდებარე დავის განხილვისას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, არც მხარეს და არც სასამართლოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები არ გამოუყენებიათ, მართალია ხსენებული კანონი ადგენს სამართლიანი კონკურენციის პრინციპს, თუმცა სააპელაციო პალატას საკმარისად არ გამოუვლენია ხსენებული კანონის გამოყენების წინაპირობების არსებობა, შესაბამისად, მიღებული განჩინება იურიდიულად არაა საკმარისად დასაბუთებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინამდებარე საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა, თუმცა საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დავა სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული წესით უნდა გადაწყვეტილიყო, ამ განმარტების წინააღმდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დავას თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადად მიიჩნევს და არასაკმარისად ასაბუთებს, თუ რატომ უნდა განიხილოს წინამდებარე საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „დ.“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს განსჯადობის წესების დარღვევის მოტივით სარჩელის განუხილველად დატოვების კანონიერება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორი და მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას. მხარის პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე გარემოებაზე:
1.2.1. განსახილველი სარჩელის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა შორის დადებული აღნაგობის ხელშეკრულების კანონიერება და მოსარჩელე მოითხოვს ქონების მესაკუთრის _ პირველი მოპასუხის დავალდებულებას, მოშალოს მეორე მოპასუხესთან დადებული აღნაგობის ხელშეკრულება. სარჩელის საფუძვლად კი, მიუთითებს შემდეგს:
i 2006 წელს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - „ზღვისპირა პარკმა“ გამოაცხადა კონკურსი ბათუმის ზღვისპირა პარკში მოწონებული და დადგენილი წესით დამტკიცებული სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ორი იდენტური ახალი კაფე-ბარის მშენებლობისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სრული განახლების მოთხოვნით. გამოცხადებული კონკურსის პირობების დაკმაყოფილებისა და საუკეთესო შეთავაზების გამო, კონკურსში გაიმარჯვა მოსარჩელემ. მშენებლობის დასრულებისა და ინფრასტრუქტურის სრული განახლების შემდგომ ბათუმში, კ.გამსახურდიას ქ#...-სა და #...-ში გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო საზოგადოებრივი კვების, დასვენებისა და გასართობმა ცენტრმა „ტ.“. კომერციული საქმიანობა სრულად აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და იყო მომგებიანი, შესაბამისად, საქართველოს ბიუჯეტში შეიტანებოდა მნიშვნელოვანი გადასახადები. 2010 წელს გასართობ ცენტრ „ტ.“ მეზობლად, პირდაპირ პლაჟზე შპს „B.-მა“ უნებართვოდ ააშენა კონსტრუქციები და დაიწყო ფუნქციონირება იდენტური პროფილის მრავალფუნქციურმა გასართობმა ცენტრმა „P. B.-მა“. უნებართვო მრავალფუნქციური გასართობი ცენტრი განთავსდა 7392 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელმაც გასართობ ობიექტს, შპს „დ.“ დაუკარგა ფუნქციონალური დატვირთვა: ჩაიკეტა პლაჟზე თავისუფალი გასასვლელი, დაიხურა ზღვის ხედი, სანებართვო მოთხოვნების შეუსრულებლობის გზით მომხმარებელს მიაწოდა მომსახურება ნაკლებ ფასად და უკეთეს ადგილზე. ამიტომ, მოსარჩელის გასართობმა ცენტრმა დაკარგა ფუნქციური დატვირთვა, ვეღარ მიიზიდა მომხმარებელი, რადგანაც კონსტურქციულ ნაგებობებს შორის დაიბადა არაჯანსაღი კონკურენცია, მიმზიდველი აღმოჩნდა დიდი გასართობი ცენტრი, ხოლო ყველა სხვა ობიექტებმა ითამაშა მეორეხარისხოვანი როლი. „P. B.-ის“ უნებართვო შენობა-ნაგებობებმა წაართვა მომხმარებელი მეზობლად განთავსებულ ობიექტებს და ეს საზიანოდ აისახა ბრუნვაზე, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებზეც.
ii ქ.ბათუმის მერიის მიერ საქართველოს რეზიდენტი პირებისათვის გაცხადებული შეთავაზება ითვალისწინებდა და მოითხოვდა ამ ტერიტორიაზე ე.წ პირსის მშენებლობას უკვე დამტკიცებული პროექტით, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის ამ მონაკვეთში (აკვატორიაში) უნდა აშენებულიყო ზღვაში შემავალი სასეირნო ბილიკები ნავმისადგომით (პირსი), რომელზეც განთავსდებოდა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, მათ შორის - კაფე-ბარები. გამოცხადებული პროექტი მოითხოვდა მნიშვნელოვან დანახარჯებს, რადგანაც კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი უნდა განთავსებულიყო უშუალოდ ზღვაში და არა პლაჟზე. საამისო სახსრების უქონლობის გამო ქართველი მეწარმეები (რეზიდენტები) ვერ დაეთანხმნენ წინადადებას, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ასეთი მოთხოვნები უცხო ქვეყნის პირებს (არარეზიდენტებს) არ წარედგინებოდა.
iii ვინაიდან მეორე მოპასუხის მიერ აგებული ობიექტი უკანონოა, მისი შემოსავალიც უკანონოა, ქ.ბათუმის მერიას კი გააჩნია აღნიშნული უკანონობის აღკვეთის უნარი და სამართლებრივი შესაძლებლობა, თუმცა იგი არ იყენებს მას, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქ.ბათუმის მერია უნდა დავალდებულდეს მოუშალოს მეორე მოპასუხეს მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და აღკვეთოს უკანონო ფართით სარგებლობა, რომლის უკანონო სარგებლობით მას ადგება ზიანი.
1.2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ როგორც მოსარჩელე, ისე _ მეორე მოპასუხე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ პირველ მოპასუხესთან. ამ უკანასკნელმა სადავო სამართალურთიერთობით შექმნა არაკონკურენტული გარემო ხელშემკვრელ მხარეებთან განსხვავებული მოპყრობის გზით, კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელესთან გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულებით მეორე მოპასუხე ჩაყენებულ იქნა უპირატეს მდგომარეობაში, რაც იმით გამოიხატა, რომ მოსარჩელე 1 კვ.მ მიწის ნაკვეთში სასყიდლის სახით წელიწადში 37,40 ლარს იხდიდა და 2016 წლიდან ეს გადასახადი 49,90 ლარს შეადგენდა, ხოლო მეორე მოპასუხე, აღნაგობის მთელი პერიოდის განმავლობაში, 1 კვ.მ მიწის ნაკვეთში მხოლოდ 2,03 ლარს იხდიდა, შესაბამისად, აღნაგობის უფლებით აღებული მიწის ნაკვეთის სიდიდე და დაბალი გადასახადი უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა მეორე მოპასუხეს, რომელსაც შეეძლო კონკურენტის მიმართ დემპინგური ფასების გამოყენება. გარდა ამისა, სასამართლოს მხრიდან დადგენილია, რომ მეორე მოპასუხესთან, ხელშეკრულებისა და მშენებლობის ნორმების დარღვევის მოტივით, მისი დაჯარიმების მიუხედავად, პირველმა მოპასუხემ არ მოშალა აღნაგობის ხელშეკრულება მეორე მოპასუხესთან.
1.2.3. სააპელაციო პალატამ, გასაჩივრებული განჩინებით სადავო გარემოებათა შეფასების შედეგად დაადგინა, რომ სარჩელის სამართლებრივ საფუძველს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები წარმოადგენდა და ხსენებული კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ვინიდან განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 187.2 მუხლების საფუძველზე, განუხილველად დატოვა სარჩელი.
1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მხარის ან პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სამართლის ამა თუ იმ ნორმის მიუთითებლობის გამო, ზემდგომ სასამართლოს სამართლებრივი ურთიერთობის სწორი კვალიფიკაციისათვის არ გააჩნია მატერიალური სამართლის სხვა რომელიმე დანაწესის გამოყენების შესაძლებლობა. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე (1) მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართალია, სარჩელში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა დავის განხილვისას მხარის სამართლებრივი პოზიცია არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი. სამოსამართლო საქმიანობა სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიების თავისუფლებით ხასიათდება. მხარის პოზიცია მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთან მიმართებით, სასამართლოსათვის შემზღუდველი არ არის. საქმის განხილვისას მოსამართლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმის სწორად განსაზღვრა, რომლის აღწერილობით ნაწილში გადმოცემული აბსტრაქტული შემადგენლობა (მისათითებელი ფაქტები) წარმოადგენს ძიების ობიექტს. ამდენად, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, აღნაგობის მოშლის დავალდებულების შესახებ მოთხოვნა, შეიძლება ემყარებოდეს კიდევაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას და, ამ შემთხვევაში, კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განსჯადობის სპეციალური წესს (ამ კანონის დარღვევის თაობაზე დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო), თუმცა, ეს გარემოება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ვერ გახდება.
1.4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რადგანაც, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. მითითებული ნორმა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპის განმტკიცებაა, რადგანაც ნორმის მიზანს წარმოადგენს სასამართლოს მიერ განსჯადობის დაცვით მიღებული იმ სარჩელის განხილვის აუცილებლობა, რომელიც, საქმის გარემოებათა შესწავლის შემდგომ შეიძლება ტერიტორიული ან განსჯადობის სხვა სპეციალური წესებიდან გამომდინარე, სხვა სასამართლოს განსჯადი აღმოჩნდეს. კანონის ხსენებული ნორმის მიზანს წარმოადგენს სამართალწარმოების გაჭიანურების თავიდან არიდება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ან უთანხმოების საბოლოოდ აღმოფხვრა. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს მხრიდან ამ პრინციპების დარღვევა კი, არ ემსახურება განსჯადობის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვას.
1.5. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოვლინდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა _ იგი მიღებულია საპროცესო წესების იმგვარი დარღვევით, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, შესაბამისად, საკასაციო პალატა აუქმებს მას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ.“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური