საქმე №ას-886-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ვ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ლ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების რეგისტრაციის შეჩერება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ლ-ძის სარჩელი საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის პირობით სადგომის გამოსყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდა, მ. ვ-ძის საკუთრებაში არსებული 471,42 კვ.მ საცხოვრებელი სადგომიდან (მდებარე ქ.თბილისში, ჯავახიშვილის ქ#..-ში, ს/კ #01....) ა. ლ-ძის სარგებლობაში არსებული 77,64 კვ. მეტრის გამოსყიდვის მიზნით, უძრავი ქონების ღირებულების _ 49 154 ლარის, 25%-ის _ 12 288,5 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ა. ლ-ძეს გადაეცა საკუთრებაში ქ.თბილისში, ჯავახიშვილის ქ#...-ში არებული 77,64 კვ.მ ფართი.
2. საქმისწარმოების განახლების თხოვნით სხვადასხვა საფუძვლით საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, როგორც მ. ლ-ძემ, ისე _ მესამე პირებმა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ არც ერთი განცხადება არ დააკმაყოფილა. ეს განჩინებები კერძო საჩივრით იქნა ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებული.
3. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ვ-ძემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რეგისტრაციის შეჩერება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. ეს განჩინება მ.ვ-ძემ გაასაჩივრა საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 25 მაისის განჩინებით საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ხოლო 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით, იმ მოტივით, რომ დადგენილი ხარვეზი არ გამოსწორდა დროულად, საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. ვ-ძის საჩივარი შინაარსობრივად წარმოადგენს არა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წარდგენილ საჩივარს, არამედ, კერძო საჩივარს, რომელიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. უპირველესად საკასაციო პალატა შეჩერდება საჩივრის ბუნების განმარტების საკითხზე. უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული კერძო საჩივრები შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განჩინებების კანონიერებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის განცხადებები კანონიერ ძალაში შესული საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე. თავის მხრივ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საჩივარი, პროცესუალური ბუნებიდან გამომდინარე, დავის უშუალოდ მატერიალურ მოთხოვნას არ შეეხება, არამედ, ამგვარი საჩივარი, როგორც წესი, პროცესუალურ საკითხებზე დაიშვება და სწორედ ამითაა გამართლებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული.
2. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მხარე ფაქტობრივად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას მოითხოვდა, შესაბამისად, მისი მოთხოვნის საფუძვლიანობაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში უნდა შეფასდეს (სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს), ხოლო, რადგანაც განცხადების საგანს წარმოადგენდა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, მისი განხილვის პროცედურულ წესად გამოყენებულ უნდა იქნას ამავე კოდექსის 2671 მუხლის პირველი ნაწილი (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას), მიღებული განჩინება კი, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჩივრდება კერძო საჩივრით, სწორედ ამ მიზნით საკასაციო პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით დაუდგინდა მ.ვეფხვაძის კერძო საჩივარს ხარვეზი და საპროცესო მოთხოვნებთან მიმართებით საჩივრის სრულყოფა დაევალა.
3. რაც შეეხება უშუალოდ კერძო საჩივრის საფუძვლიანობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
3.2. როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის საგანს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება წარმოადგენს, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მხარე ძირითადად მიუთითებს ეროვნული და საერთაშორისო აქტების საფუძველზე განმტკიცებულ საკუთრების უფლების დამახასიათებელ დებულებებზე, რომლებიც საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას შეეხება. არც თავდაპირველად წარდგენილი განცხადება და არც შემდგომში წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და რა გამოუსწორებელი ზიანი მიადგება მას იმ შემთხვევაში, თუკი ა. ლ-ძე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპოვებულ უფლებას აღირიცხავს საჯარო რეესტრში, მხოლოდ ის გარემოება, რომ, რეგისტრაციის განხორციელების შემთხვევაში, მ.ვ-ძე კარგავს კონსტიტუციით გარანტირებულ პრივილეგიას, ასევე, ფაქტობრივად დაკავებული ფართი შეესაბამება თუ არა ა.ლ-ძის რეალურ მფლობელობას და სხვა, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება (გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ფარგლებში, სსსკ-ის 414.1 მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ იმსჯელებს მხარის იმ პრეტენზიებზე, ა.ლ-ძეს ჰქონდა თუ არა სადეპოზიტო ანგარიშზე თანხა განთავსებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ სწორად გამოიყენა თუ არა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები).
3.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შეფასება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია მხოლოდ კერძო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების ფარგლებში, შესაბამისად, იმ შესაძლო საფრთხეებზე, რაც მხარეს საჩივრის საფუძვლად არ აქვს მოყვანილი, საკუთარი ინიციატივით ვერ იმსჯელებს სასამართლო, სხვა შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივი ვითარებიდან გამომდინარე (არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებაც მოთხოვნილია მ.ვ-ძის არაერთი განცხადებით, ეს განცხადებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არ არის დაკმაყოფილებული და სწორედ ამ საკითხზე წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობა წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს) ა.ლ-ძეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპოვებული აქვს ნივთზე უფლება და, ბუნებრივია, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იარსებებს, მას დაუსაბუთებლად არ უნდა შეეზღუდოს მოპოვებული უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ სასამართლოს წარმოებაშია მ.ვ-ძის კერძო საჩივრები საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ შეიძლება ყოველგვარი წონადი არგუმენტებისა და დასაბუთებული პრეტენზიის გარეშე საფუძვლად დაედოს ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების სამართლებრივი ძალის შეზღუდვას, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპიდან და არღვევს ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას (კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
3.4. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ამტკიცებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლით განსაზღვრული იმგვარი წინაპირობების არსებობას, რაც შეიძლება, საფუძვლად დასდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, გარდა ამისა, მართალია, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მ.ვ-ძის განცხადების განხილვის პროცესუალური წესები, თუმცა, ვინაიდან ამ დარღვევას საკითხის არასწორად გადაწყვეტა არ მოჰყოლია, არ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
4. რაც შეეხება მ.ვ-ძის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერსა და საკადასტრო გეგმას, პალატა მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს განმცხადებელს, ისინი გადაწყვეტილების რეგისტრაციის შეჩერების საკითხს არ უკავშირდებოდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. მ. ვ-ძეს დაუბრუნდეს 12.09.2018წ. #ა-4142-18 განცხადებაზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო გეგმის ასლი 3 (სამი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური