საქმე №ას-1547-1467-2017 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ნ. თ. ჯ. ქ.“ უფლებამონაცვლე შპს „ე. +“ (შეგებებული მოსარჩელე, მოპასუხე თავდაპირევლ სარჩელზე), დირექტორი გ. ხ-ძე, გ. ხ-ძე (მოპასუხეები თავდაპირველ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
თანამოპასუხე თავდაპირველ სარჩელზე _ თ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (თავდაპირევლ სარჩელში), ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად ჩათვლა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის, შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. სს „ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ. თ. ჯ. ქ.“ უფლებამონაცვლე შპს „ე. +-ის“, გ. ხ-ძის, გ. ხ-ძისა და თ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, შპს „ე. +“ ასევე წოდებული, როგორც შეგებებული მოსარჩელე, აპელანტები, შპს „ე. +“, გ. და გ. ხ-ძეები, ასევე, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ და მოითხოვა შპს „ე.+-ისა“ და გ. ხ-ძისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის _ 199 997.83 აშშ დოლარის, ჯარიმის _ 27 549.46 აშშ დოლარისა და 2014 წლის 13 ნოემბრის შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენამდე, დავალიანების ძირითადი თანხის 0.1%-ის სოლიდარულად დაკისრება, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შპს „ე.+-ისა“ და გ. ხ-ძისათვის სოლიდარულად დაკისრებული დავალიანების ამოსაღებად პირველ რიგში კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული გ. ხ-ძისა და თ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონებების (ს/კ 01....; 01....), ხოლო შემდგომ შპს „ე. +-ისა“ და და გ. ხ-ძის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია.
1.2. შპს „ე. +-მა“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს კრედიტორის მიმართ და მოითხოვა კომპანიის დირექტორის მიერ 2014 წლის 12 ივნისის შემდეგ მოსარჩელისათვის გადახდილი 16 251 აშშ დოლარის ჩათვლა და 2013 წლის 12 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. თავდაპირველმა მოსარჩელეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს ის უსაფუძვლოდ;
2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნო არც კრედიტორმა იმ დასაბუთებით, რომ განხორციელებული შესრულება წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევით გამოწვეული პირგასამტეხლოს თანხას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ბ.“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე. +-სა“ და გ. ხ-ძეს (გ. ხ-ძის, როგორც თავდების ვალდებულება შეადგენს 500 000 აშშ დოლარს) სოლიდარულად დაეკისრათ ა) ძირითადი თანხის _ 199 997,83 აშშ დოლარის; ბ) ჯარიმის _ 13 774,73 აშშ დოლარისა და 2014 წლის 13 ნოემბრის შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენამდე ძირითადი თანხის 0,05%-ის გადახდა. დადგინდა, რომ ვალდებულების შესრულება პირველ რიგში უნდა განხორციელდეს სს „ბ.“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების, ხოლო, შემდეგ _ შპს „ე. +-ისა“ და გიორგი ხანთაძის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით, ამავე გადაწყვეყვეტილებით შპს „ე.+-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს შპს „ნ. თ. ჯ. ქ.“ უფლებამონაცვლე შპს „ე. +-მა“, მისმა დირექტორმა გ. ხ-ძემ და გ. ხ-ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტთა შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ აპელანტებს მის გამოსასწორებლად ჰქონდათ საკმარისი ვადა, გარდა ამისა, ყველა მათი შუამდგომლობა იყო იდენტური ხასიათის და და არ შეიცავდა დასაბუთებას მისი დაკმაყოფილების თაობაზე. სასამართლომ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებიც და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე დაყრდნობით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის, 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტისა და 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევით. სასამართლომ არ გამოიყენა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში _ ევროკონვენცია) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ _ სასამართლოს ვალდებულებას გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი. სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ერთ-ერთი აპელანტი _ თ.აფციაური 2017 წლის 19 ოქტომბრიდან იმყოფება აშშ-ში, რაც დასტურდება ავიაბილეთებით, მას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სააპელაციო სასამართლოს განჩინებები, გარდა ამისა, დაუსაბუთებელია პალატის შეფასება, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ყველა შუამდგომლობა იდენტურია. სასამართლოს ამგვარი მიდგომა ემსახურება მიზანმიმართულად აპელანტების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისედაც დომინანტ მხარესთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ნ. თ. ჯ. ქ.“ უფლებამონაცვლე შპს „ე. +-ის“, მისი დირექტორის _ გ. ხ-ძისა და გ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა;
1.2.2. სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს: არ შეიცავდა მითითებას თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდნენ სააპელაციო საჩივრის შემტანი პირები, ასევე, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდენ ამ გარემოებებს, ასევე, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის (5 000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 10 (ათი) დღით და აპელანტებს განემარტათ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგები;
1.2.3. სააპელაციო სასამართლომ აპელანტთა შუამდგომლობის საფუძველზე ორჯერ 10-10 დღით გაუგრძელა აპელანტებს ვადა საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა, რომ მხარეები ეკონომიკურ მდგომარეობაზე აპელირებით მოითხოვდნენ საპროცესო ვადის გაგრძელებას, თუმცა მათ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილშიც არ შეუსრულებიათ საპროცესო მოქმედება;
1.2.4. სააპელაციო პალატას უკანასკნელად მიმართა გიორგი ხანთაძემ 2017 წლის 27 ნოემბერს, წარადგინა ავიაბილეთის ამონაბეჭდი, თ.ა-ისათვის მინიჭებული ვიზის ასლი და მოითხოვა საპროცესო ვადის 2018 წლის 16 ნოემბრამდე გაგრძელება, რაც სააპელაციო პალატამ აღარ დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით დატოვა განუხილველად.
1.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტებს და განმარტავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველია, ამ საფუძვლის გამოყენებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს მის თანაზომიერებაშიც: იყო თუ არა მხარისათვის განსაზღვრული ვადა საპროცესო მოქმედების შესასრულებლად საკმარისი და შეზღუდვის გამოუყენებლობა პროპორციულია თუ არა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერი ინტერესებისა. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაეცა 2017 წლის 24 მაისს და 2017 წლის 5 დეკემბრამდე იხილებოდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადების გაგრძელების შესახებ შუამდგომლობები, რაც ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ეწინააღმდეგება, გარდა ამისა, თითქმის ნახევარ წელზე მეტი ნამდვილად საკმარის ვადას წარმოადგენდა დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, რომელიც, როგორც ზემოთაც ითქვა, ნაწილობრივაც არ განხორციელებულა (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.3. პუნქტი), აღნიშნული კი, თავისთავად გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას, რომ მათ მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება;
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს მხარეთა პრეტენზიას თ.აფციაურისათვის კორესპოდენციის კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის თაობაზე და უპირველესად აღნიშნავს, რომ არც კერძო საჩივრის ავტორებს მიუთითებით და არც საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ თ.ა-მა, როგორც დავის თანამონაწილემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესით საქმის წარმოება მიანდო სხვა თანამონაწილეებს, შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ უფლება, თ.ა-ის ნაცვლად წარადგინონ პრეტენზიები. მიუხედავად ამ განმარტებისა, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ საქმეში არსებული ხელწერილებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები არიან ერთი ოჯახის წევრები, ასევე, სააპელაციო საჩივარში ოთხივე აპელანტი მიუთითებს ერთსა და იმავე მისამართს. ამ ფაქტების ანალიზის შედეგად პალატა ასკვნის, რომ სასამართლო კორესპოდენცია თ.ა-ს ბარდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, უდავოა, რომ თ.ა-ი გაემგზავრა საზღვარგარეთ. საქმეში არ მოიპოვება მისი განცხადება, რომლითაც ის სასამართლოს აცნობებდა ახალ მისამართს. ამგვარ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცეს კოდექსის 76-ე მუხლის დისპოციიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ თ.ა-ისათვის გაგზავნილი კორესპოდენცია ჩაბარებულად ითვლება მხარის უკანასკნელ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში.
1.5. რაც შეეხება საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების საკითხს, უდავოა, რომ განცხადება წარდგენილია მხოლოდ გ. ხ-ძის მიერ (იგი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საკუთართან ერთად, ასევე წარმოადგენს შპს „ე. +-ის“ ინტერესებს), რომელიც, მსგავსად ზემოთქმულისა, არ წარმოადგენს სხვა საპროცესო თანამონაწილეთა ინტერესებს, ამ პირთა ნაწილში სააპელაციო საჩივარი ისედაც ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას. თავად შუამდგომლობით მოთხოვნილია საპროცესო ვადის ერთი წლით გაგრძელება, რაც ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს სცდება, ამასთანავე, არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმისათვის, რომ სასამართლოს კვლავ ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
1.6. საკასაციო პალატა საბოლოოდ ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ. თ. ჯ. ქ.“ უფლებამონაცვლე შპს „ე. +-ის“, მისი დირექტორის _ გ. ხ-ძისა და გ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი