Facebook Twitter

საქმე №ას-1396-1316-2017 15 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა ვალდებულების დარღვის გამო 5 832 ლარის დაკისრება (მსგავსი სასარჩელო მოთხოვნები აღძრული იყო სხვა პირთა მიმართაც, თუმცა, ვინაიდან მათ მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე საჩივარი არ არის წარდგენილი, საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინებაში არ მოიხსენიებს მათ).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა, ამასთანავე, ხელშეკრულების პირობების შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 4 740,96 ლარის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით დაადგინა ხარვეზი და აპელანტს დაავალა 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 189,63 გადახდა, აღნიშნული მოქმედება აპელანტმა შეასრულადა, თუმცა, რადგანაც საქმის მასალებში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი არ აღმოჩნდა, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოდგინა სადავო დოკუმენტი და სწორედ მის საფუძველზე ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არჩილ კოტაშვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება. ამ საკითხის სწორად შეფასებისთვის კი, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ;

1.2.2. სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს _ მასზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 189,63 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა პროცესის ხარჯის გადახდის გადავადების თაობაზე. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 14 (თოთხმეტი) დღით და აპელანტს განემარტა საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგების შესახებ;

1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ორჯერ გაეგზავნა ფოსტით სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაჰბარდა ადრესატს 2017 წლის 16 ივნისს;

1.2.4. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას საპროცესო ვადის გამოანგარიშების ნაწილში და მიიჩნევს, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს და ამოიწურა 2017 წლის 30 ივნისს, პარასკევს (სსსკ-ის 60.2 და 61.3 მუხლები).

1.2.5. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი და არც კერძო საჩივარში მითითება იმის თაობაზე, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი) წარდგენილ იქნა სასამართლოში.

1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოსწორების თაობაზე. ამ თვალსაზრისით, მართალია, კერძო საჩივარს ერთვის ხსენებული საპროცესო მოქმედების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულება დედნის სახით და ამ დოკუმენტის შესწავლით ირკვევა, რომ აპელანტმა 190 ლარი მართლაც ჩარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 27 ივნისს, თუმცა ეს საკითხი ვერ გახდება ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის წინაპირობა, რადგანაც საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე სასამართლო არ იყო ინფორმირებული, ამ მხრივ პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით, რომელიც პირადად ჩაბარდა მოვალეს, ამომწურავად იყო განმარტებული საპროცესო მოქმედების შესრულების წესი: სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა განჩინებით განსაზღვრული ვადის დაცვით, გარდა ამისა, მხარეს ეცნობა ამ მოქმედების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

1.4. პალატა შენიშნავს, რომ სადავო ქვითრის წარდგენა მოხდა არა 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით, არამედ, ერთვის 2017 წლის 15 ნოემბერს წარდგენილ კერძო საჩივარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს ხსენებული დოკუმენტი და საფუძვლად დაუდოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

1.5. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტმა დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა და ამ მოტივით არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე (5) მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, გასაჩივრებული განჩინების ამ დასკვნის წინააღმდეგ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები).

1.6. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული წინამდებარე განჩინებით, ამასთან, კერძო საჩივარს ერთვის აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი, პალატა მიიჩნევს, რომ ეს თანხა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374-ე (3) მუხლების შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მოვალეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. ა. კ-ს (პ/#0...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 27.06.2017წ. #123 საგადახდო დავალებით მის მიერ გაიდახდილი 190 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი