Facebook Twitter

¹ ბს-1306-882(კს-05) 7 დეკემბერი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: იურიდიული ფაქტის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 19 ნოემბერს აჭარის კოოპერაციული ინსტისტუტის რექტორმა შ. ფუტკარაძემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე.

განმცხადებელი განცხადებით ითხოვდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენას, კერძოდ, შპს “ა. კ. ი.” სამართალმემკვიდრე შპს ““ა. კ. ი.” მიერ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ¹36 834 სამხედრო ნაწილისაგან ქ. ბათუმში, ... ქ. ¹16-ში მდებარე 2,15 ჰა მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 13 დასახელების შენობა-ნაგებობების კეთილსინდისიერი შეძენის ფაქტისა და ამ მიწის ნაკვეთსა და შენობებზე შპს “ა. კ. ი.” მესაკუთრედ ცნობას.

განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებებზე, რომ ზემოაღნიშნულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 13 დასახელების ნაგებობას იგი მართლზომიერად ფლობდა 1992 წლიდან. რაზედაც არსებობს სათანადო დოკუმენტები და მტკიცებულებები, კერძოდ, ეს მიწის ნაკვეთი განმცხადებელს შეძენილი აქვს ამიეკავკასიის სამხედრო ოლქის ¹36834 სამხედრო ნაწილისაგან 1992 წელს 300 000 რუსულ მანეთად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით “ა. კ. ი.” განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს “ა. კ. ი.” 1992წ. 3 აპრილიდან არის კანონიერი და კეთილსინდისიერი მფლობელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობებისა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹16-ში 1998წ. 15 დეკემბრის მიწათსარგებლობის გეგმით დადგენილ საზღვრებში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება. შპს “ა. კ. ი.” განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს “ა. კ. ი.” დირექტორმა შ. ფ-ემ და ამავე ინსტიტუტის რწმუნებულმა ვ. ლ-ამ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის განჩინებით ა. კ. ი.” რექტორის შ. ფ-ისა და ა. კ. ი.” რწმუნებულის ვ. ლ-ას კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედაგად მიიჩნევს, რომ შპს “ა. კ. ი.” რექტორისა და ამავე ინსტიტუტის რწმუნებულის ვ. ლ-ას კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას განჩინების მიღებისას არ დაურღვევია სსკ-ის მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შპს “ა. კ. ი.” განცხადება განხილულია სსკ-ის XXXV-XXXVI თავით დადგენილი ნორმების გამოყენებით. მითითებული ნორმები არეგულირებენ საქმის უდავო წარმოებისა და იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის პროცედურასა და წესს, რაში გარკვევის მიზნითაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმის განსაზღვრვას, რა შემთხვევაში დაიშვება სასამართლოს მიერ მითითებული ნორმების გამოყენება.

უდავო წარმოება მიეკუთვნება სასამართლო წარმოების ერთ-ერთ დამოუკიდებელ სახეს, რომელიც პრინციპულად განსხვავდება სასარჩელო წარმოებისაგან. ამ კატეგორიის საქმეებზე არ არსებობს დავა მხარეთა შორის უფლეების თაობაზე. ამიტომ სასამართლოს ამოცანას წარმოადგენს არა მხარეთა შორის დავის განხილვა-გადაწყვეტა, არამედ ამა თუ იმ ფაქტის დადგენა-დადასტურება. უდავო წარმოების წესით საქმეთა განხილვისას არის მხოლოდ განცხადება და არ არიან მოდავე მხარეები.

სსკ-ის XXXVI თავი, რომელიც იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადფგენას ეძღვნება, მართალია, არ ითვალისწინებს ამ ფაქტების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და შესაძლებლობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს სსკ-ის 311-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისადაც, უდავო წარმოების წესით საქმეების განხილვა სასამართლოში წარმოებს ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. რაც ნიშნავს იმას, რომ იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში. კანონის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება საჩივრდება მხოლოდ მხარეებისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მე-3 პირების მიერ, არ შეიძლება გავრცელდეს ზემოაღნიშნული ტიპის გადაწყვეტილებების მიმართ, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა იმის საშუალებას, რომ იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცეს ყველა იმ პირს, რომელიც თვლის, რომ ამ ფაქტის დადგენით შეილახა მისი უფლებები.

ამდენად, თავისთავად ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმის მერია ქონებაზე აცხადებს საკუთარ პრეტენზიას, სასამართლოს აძლევდა პროცესუალურ უფლებას, მიეღო და განეხილა ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მერია ვერ ასაბუთებს თავის უფლებებს ქონებაზე სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ქ. ბათუმის მერიის საჩივრის საფუძველზე გაეუქმებინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს ამ ეტაპზე არ გადაუწყვეტია ქონების ამა თუ იმ პირისადმი კუთვნილების საკითხი. სასამართლოსათვის, თავისთავად ის ფაქტი, რომ მე-3 პირი ქონებაზე აცხადებს საკუთარ პრეტენზიას, საკმარისია, უარი თქვას საქმის უდავო წარმოების წესით გადაწყვეტაზე და განმცხადებელს განუმარტოს, რომ ამ შემთხვევაში მან უნდა იდავოს სასარჩელო წარმოების წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ განჩინებას არ გააჩნია პერიუდიციული ძალა და მითითებული განჩინება არც ქ. ბათუმის მერიას და არც შპს “ა. კ. ი.” სადავო ქონების მიმართ არ ანიჭებს არანაირ უფლებას. აღნიშნული, სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, წარმოადგენს სასამართლოს შემდგომი განხილვის საგანს.

აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის მიერ გასაჩივრებულია 2005წ. 15 თებერვალს ე.ი. მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესული არ იყო კანონიერ ძალაში, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დაშვებით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ა. კ. ი.” რექტორისა და ინსტიტუტის რწმუნებულს ვ. ლ-ას კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. აქვე, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორებს, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება საქმის არსებითი განხილვა რის გამოც, საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც ქვემდგომი სასამართლო, მოკლებულია იმ პრეტენზიებს განხილვისა და შემოწმების შესაძლებლობას, რაც კერძო საჩივარშია წარმოდგენილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ა. კ. ი.” რექტორისა და ინსტიტუტის რწმუნებულის ვ. ლ-ას კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პლატის 2005წ. 28 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.