Facebook Twitter

საქმე №ას-1350-1270-2017 17 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ვ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ლ. ვ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელი სარჩოს სხვაობის _ 13 737 ლარის, ასევე, 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 20 ივლისამდე ყოველთვიური სარჩოს სახით 625 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემაყრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მეუღლე _ გ. ვ-ე (შემდგომში _ მარჩენალი) მუშაობდა ა/კ რკინიგზის სამტრედიის განყოფილების სალოკომოტივო დეპოს მემანქანედ. შრომითი მოვალეობის შესრულებისას იგი გარდაიცვალა. 1979 წლიდან მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა ხელფასის ¾-ის ოდენობით მდგომარეობის შეცვლამდე, ანუ შვილების სრულწლოვანების მიღწევამდე. შვილებმა მიაღწიეს სრულწლოვანებას (1996-1998 წლებში). მოსარჩელეს, როგორც ერთადერთ მარჩენალდაკარგულს, მოვალე დღემდე უხდის 239,25 ლარს, 20%-ის დარიცხვით, რაც 191,4 ლარია, ნაცვლად ხელფასის ½ ნაწილისა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე მემანქანის ხელფასი მრავალჯერ გაიზარდა, სარჩოს ოდენობის განსაზღვრა გაზრდილი ხელფასის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ არ მომხდარა. სარჩელის წარდგენამდე ბოლო სამი წლის (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე) განმავლობაში მიღებულ სარჩოსა და მისაღებ ოდენობას შორის სხვაობა, გაზრდილი ხელფასისა და სარჩენ პირთა წრის (შვილების სრულწლოვანების შემდეგ, მხოლოდ მოსარჩელე) გათვალისწინებით, ხელფასის 1/2-ის ოდენობით შეადგენს 13 737 ლარს, ხოლო, სარჩელის წარდგენიდან _ 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 20 ივლისამდე, ანუ მარჩენალის სიცოცხლის შემთხვევაში, მის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, გადასახდელი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა განისაზღვრებოდა მემანქანის ამჟამინდელი ხელფასის, 1 250 ლარის ½-ით _ 625 ლარით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სარჩო გადაანაგარიშებას აღარ ექვემდებარება, რის გამოც მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიის 2017 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს ანაზღაურება: 2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე 13 737 ლარი, ხოლო 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 20 ივლისამდე ყოველთვიურად 625 ლარი (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით).

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე და გ. ვ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1978 წლიდან. გ. ვ-ე მუშაობდა სს „ს-ის“ სამტრედიის სალოკომოტივო დეპოს მემანქანედ და გარდაიცვალა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. 1979 წლიდან, მარჩენალის გარდაცვალების გამო, მდგომარეობის შეცვლამდე, ანუ შვილების - ქ. და რ. ვ-ეების სრულწლოვანობის მიღწევამდე მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა ხელფასის 3/4-ის ოდენობით;

1.2.2. მარჩენალის დაკარგვის გამო, მოვალე წლების განმავლობაში სარჩოს სახით მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის 239.25 ლარს (დარიცხული სახით), რაც შეადგენს ხელზე მისაღებ 191,4 ლარს;

1.2.3. მოსარჩელის შვილები: რ. ვ-ე და ქ. ვ-ე სრულწლოვანები არიან, შესაბამისად, 1996 და 1998 წლებიდან;

1.2.4. სალოკომოტივო დეპოს მემანქანის ხელფასი 2012 წლის სექტემბერ-ნოემბერში შეადგენდა 1 150 ლარს, ხოლო, 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე და ამჟამადაც _ 1 250 ლარს;

1.2.5. 2012 წლის სექტემბერ-ნოემბერში მემანქანის ხელფასი განსაზღვრული იყო 1 150 ლარით, რომლის ½, რაც უნდა მიეღო მოსარჩელეს, შეადგენს 335,75 ლარს, ხოლო იმავე წლის დეკემბრიდან ხელფასი განისაზღვრა 1 250 ლარით, რომლის ნახევარიც, 625 ლარია. მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად მიღებული 239,25 ლარის გათვალისწინებით, სამი თვის მანძილზე მისაღები 335,75 ლარისა და ერთი თვის 365,75 ლარის გათვალისწინებით, მითითებულ პერიოდში მისაღები სხვაობა შეადგენს 1 393 ლარს. 2013 წლის 1 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე (2015 წლის 1 სექტემბრამდე) _ 32 თვის მანძილზე, მიღებულ თანხასა და მისაღებ სარჩოს (1 250 ლარის ½-ის გათვალისწინებით) შორის სხვაობა _ 12 344 ლარს, შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში (2012 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე) მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 1 3737 ლარს (1393+12344).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული აქვს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილება და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი, თუმცა, გამოყენებილი ნორმები არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს, უფრო მეტიც: საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის 1.2. მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. სარჩელის მოთხოვნა კი, არის უსაფუძვლო, ვინაიდან ადრე მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების“ წესის 36-ე პუნქტი შეეხებოდა მარჩენალის გარდაცვალების გამო, ზიანის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად სარჩოს დანიშვნას, სამოქალაქო საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ყოველთვიურად იღებს მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს, ხოლო, რაც შეეხება მოქმედი მუშაკის ხელფასის შესაბამისად სარჩოს გაზრდას, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის 38-ე პუნქტი შეეხებოდა მარჩენალის გარდაცვალების გამო ხელფასის ცვლილებასთან ერთად დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის #923 ბრძანებულებით 38-ე პუნქტში შევიდა ცვლილება და დანიშნული სარჩო, ხელფასის ცვლილებასთან ერთად, გადაანგარიშებას აღარ დაექვემდებარა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მოქმედი მუშაკის ხელფასიდან მისთვის სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) თაობაზე არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. ამასთან, საქართველოს მთავრობის (მოქმედი) 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილება არ ითვალისწინებს მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშების წესს და ყოველივე ეს მიუთითებს მასზე, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა;

1.4.2. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მითითებულ ნორმას _ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილს, აღნიშნული ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც არ შეიძლება, გავრცელდეს ჯანმრთლობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე, რადგანაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სპეციალური ნორმაა, რომელიც შეეხება ზიანის ანაზღაურებას სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს გადახდას, ხოლო მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმა, რის საფუძველზეც ითხოვს დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები. თუკი მოსარჩელე მხარე მოითხოვს სარჩოს დაკისრებას 2016 წლიდან, მას უნდა წარედგინა კონკრეტული მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომის უნარი დაკარგული აქვს უვადოდ.

1.4.3. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა, მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნის ლოგიკიდან გამომდინარე, მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ზიანის მიყენებისას მხარემ უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება, ანუ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ თუ არა უბედური შემთხვევა, ის ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ის მოითხოვს, ფიქსირებული სტაბილური ხელფასის სახით მისი გაზრდის გათვალისწინებით ცხოვრების ბოლომდე.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ არგუმენტაციას და ეთანხმება მის მსჯელობას, რომელიც სარჩოს მიღებას სოციალურ უფლებათა ჭრილში განიხილავს და დამატებით მიუთითებს საკასაციო პალატის ბოლოდროინდელ პრაქტიკაზე განსახილველი კატეგორიის საქმეებთან მიმართებით:

1.5.1. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების საკითხს შეეხებოდა, საკასაციო პალატამ არ გაიზიარა მოვალის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სარჩოს გადაანგარიშების უსაფუძვლობაზე მეტყველებს ამგვარი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის ნორმის არარსებობა (საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. #48 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების, ასევე, საქართველოს მთავრობის 24.03.2007წ. #53 დადგენილების გაუქმების გამო). საკასაციო პალატის განმარტებით, ორგანული კანონი _ შრომის კოდექსი აწესრიგებს შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს (სწორედ ამაზე მიუთითებდა საქართველოს მთავრობის 24.03.2007წ. #53 დადგენილებაც, რომელიც ამ დროისათვის სამართლებრივი ძალის არმქონეა) და 44-ე მუხლით ადგენს, რომ შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი მითითებითია, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ წესებში უნდა იქნას მოძიებული. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს:

ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები;

ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

1.5.2. ამავე კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლებით ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულად მიიჩნევა პირი, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) არის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი და ამ ქმედებას შედეგად მოჰყვა სხვა პირის მიმართ ზიანის მიყენება, შესაბამისად, ვალდებულ პირს ეკისრება იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა, რომ არა მისი სამართლებრივად გასაკიცხი ქმედება, ხოლო, თუკი ამ ქმედებას მოჰყვა სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება და დაზარალებულს წაერთვა/შეუმცირდა შრომის უნარი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. განსახილველ შემთხვევაში, ნორმის აბსტრაქტული ელემენტების არსებობა მხარეთა შორის სადავო არ არის, შესაბამისად, უფლებამოსილ პირად (კრედიტორი) განიხილება კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, ხოლო ვალდებულად (მოვალე) _ კასატორი. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში ზიანის (სარჩოს) ოდენობა იანგარიშებოდა დაზარალებული პირის შრომის ანაზღაურებისა და შრომის უნარის დაკარგვის პროპორციული თანაფარდობით (იხ. მაგ: სუსგ-ებები: №ას-169-497-09, 24 ივლისი, 2009 წელი; №ას-1304-1224-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი). საგულისხმოა თავად უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) მოთხოვნის ფარგლებიც: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

1.5.3. საკასაციო პალატის ბოლოდროინდელი პრაქტიკის თანახმად, ადრე მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე, პრეზუმირებულად მიიჩნევა, რომ დაზარალებული იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული პირი, აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები (იხ. სუსგ-ებები: №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი; №ას-1216-1141-2015, 3 ივნისი, 2016 წელი, №ას-1220-1145-2015, 3 ივნისი, 2016 წელი).

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების, ასევე, სარჩოს გადაანგარიშების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება (დამატებით იხილეთ სუსგ №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი, ასევე, ამ საქმეზე 2017 წლის 7 აპრილს მიღებული დამატებითი გადაწყვეტილება). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის (4) თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 09.11.2017წ. #5597 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 947,01 ლარის 70% _ 662,907 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს-ას“ (ს/კ #2-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 09.11.2017წ. #5597 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 947,01 ლარის 70% _ 662,907 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი