საქმე №ა-1847-შ-49-2017 5 იანვარი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებლი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „პ. პ.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს ანაზღუარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა.“ შპს „პ. პ.“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 68 531,40 ევროს, პირგასამტეხლოს (საურავის) _ 10 591,39 ევროსა (იხ. ამავე სასამართლოს 26.05.2016წ. განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ) და სახელმწიფო ბაჟის _ 52 438 რუბლის გადახდა.
2. საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „პ. პ.“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
2.1. შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება შემდეგი:
ა) მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა, მას გაეგზავნა კორესპონდენცია და საქმის განმხილველი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ითვლება ინფორმირებულად (მოპასუხოსათვის საქმის მასალების ჩაბარების ფაქტი დადგენილია, როგორც ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 08.02.2016წ. განჩინებითა და ამავე თარიღის მოსამზადებელი სხდომის ქომით, ისე _ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო დოკუმენტაციით, სადაც მითითებულია, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპოდენცია ჩაბარდა ადრესატს);
ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;
გ) მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისს განჩინების საფუძველზე შპს „პ. პ.“ წარმომადგენელმა წარმოადგინა შპს „ა.“ და შპს „პ. პ.“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. მოწინააღმდეგე მხარეს _ შპს „ა.“ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების თაობაზე ეცნობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-ე და 73-ე მუხლების თანახმად, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე შეტყობინება ადრესატს გაეგზავნა ორჯერ და ვინაიდან ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამავე კოდექსის 72-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეტყობინების ჩაბარება 16.10.2017წ. განჩინებით დაავალა შსს-ს შესაბამის სამსახურს. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე ვერც ამ გზით იქნა ინფორმირებული, სსსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატის 08.11.2017წ. განჩინებით შეტყობინება გავრცელდა საჯაროდ ვებგვერდზე: www.supremecourt.ge) და განემარტა, რომ მას ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, თუმცა, მას არ განუკარგავს საკუთარი საპროცესო უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „პ. პ.“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა.“ შპს „პ. პ.“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 68 531,40 ევროს, პირგასამტეხლოს (საურავის) _ 10 591,39 ევროსა და სახელმწიფო ბაჟის _ 52 438 რუბლის გადახდა.
2. საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „პ. პ.“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება შემდეგი:
ა) მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა, მას გაეგზავნა კორესპოდენცია და საქმის განმხილველი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ითვლება ინფორმირებულად (იხ. აღწერილობითი ნაწილის 2.1. პუქნტის „ა“ ქვეპუნქტი);
ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;
გ) მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია (იხ. აღწერილობითი ნაწილის 2.1. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
დ) საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული, თუმცა, მას საკუთარი საპროცესო უფლებებით არ უსარგებლია (იხ. აღწერილობითი ნაწილის მე-3 პუნქტი).
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
5. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
6. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.“ (ს/კ #4...) შპს „პ. პ.“ სასარგებლოდ დაეკსირა დავალიანების _ 68 531,40 ევროს, პირგასამტეხლოს (საურავის) _ 10 591,39 ევროსა და სახელმწიფო ბაჟის _ 52 438 რუბლის გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
7. რაც შეეხება შუამდგომლობაზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს შემდეგი გარემოებების გამო:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომელზეც სავალდებულოა მხარემ წინასწარ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. კანონის მოხმობილ დანაწესთაგან არც ერთი არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას. მართალია, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა2“ პუნქტით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შუამდგომლობისათვის დადგენილია სახელმწოფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ „რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო სასამართლოების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 1995 წლის 5 აპრილის ფედერალური საკონსტიტუციო კანონის პირველი მუხლის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში საარბიტრაჟო სასამართლოები წარმოადგენენ ფედერალურ სასამართლოებს და შედიან რუსეთის ფედერაციის საერთო სასამართლოების სისტემაში. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა2“ ქვეპუნქტის დანაწესი განსახილველ საკითხზე არ ვრცელდება, რის გამოც, ამავე კოდექსის 42-ე მუხლის საპროცესო ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს საკუთარი ინიციატივით წინასწარ გადახდილი ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „პ. პ.“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.“ (ს/კ #4...) შპს „პ. პ.“ სასარგებლოდ დაეკსირა დავალიანების _ 68 531,40 ევროს, პირგასამტეხლოს (საურავის) _ 10 591,39 ევროსა და სახელმწიფო ბაჟის _ 52 438 რუბლის გადახდა.
3. შპს „პ. პ.“ (რუსეთის ფედერაცია, ОГРН 1075001004704, ИНН 5001064461, 143916, МО, ქ.ბალაშიხა, მ/რ სალტიკოვა, პოპოვას ქ#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ. კ-იას (შპს „ბ.“) მიერ 08.05.2017წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი