Facebook Twitter

№ას-285-273-2015 30 სექტემბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ჯ.მ–ძე, ვ.მ., მ.დ–ძე, ვ.კ–ძე, ლ.ე–ძე, მ.კ–ძე, ნ.პ., მ.ბ., მ.გ–ძე, გ.ჭ–ძე, მ. ლ., ტ.გ–ძე, ე.ც–ძე, მ.ქ., ნ.ჭ–ძე, ზ.გ., ლ.ჯ., მ.კ., მ. ხ.ძე, შ.კ., ნ.–ძე (ჟ.ხ–ძის უფლებამონაცვლე), ქ.შ–ძე (მ.მ-რ–ძის უფლებამონაცვლე), ე.ი–ძე (ლ.ი–ძის უფლებამონაცვლე), ა.გ–ძე, მ.ა. (დ.ა–ნის უფლებამონაცვლე), ზ.კ–ძე-ყ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ.ქ.ქ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით, სს ,,ხ.ქ.ფ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან საწარმო) მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმისწარმოება, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით, დამტკიცდა საწარმოს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, რომლის მეოთხე რიგის კრედიტორებად, სს „ს.ბ–სა“ და შპს „ი.ბ–თან“ (შემდეგში - კრედიტორი ბანკი) ერთად, კრედიტორ-პენსიონერებიც განისაზღვრნენ. ჯ.მ–ძე, ვ.მ., მ.დ–ძე, ვ.კ–ძე, ლ.ე–ძე, მ.კ–ძე, ნ.პ., მ.ბ., მ.გ–ძე, გ.ჭ–ძე, მ.ლ., ტ.გ–ძე, ე.ც–ძე, მ.ქ., ნ.ჭ–ძე, ზ.გ., ლ.ჯ., მ.კ., მ.ხ–ძე, შ.კ., ჟ.ხ–ძე (უფლებამონაცვლე ნ.ხ–ძე), მ.მ-რ–ის (უფლებამონაცვლე ქ.შ–ძე), ლ.ი–ძე (უფლებამონაცვლე ე.ი–ძე), ა. გ–ძე, მ.ა. (უფლებამონაცვლე დ.ა.) და ზ.კ–ძე-ყ. (შემდეგში, კრედიტორ-პენსიონერები, მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) განისაზღვრენ შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხის, 83 982 ლარის, კრედიტორებად.

2. საწარმოს კრედიტორთა 2010 წლის 20 სექტემბრის კრებამ კრედიტორებზე ქონება შპს ,,ა-ს-ც–ის” 2010 წლის 15 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის გათვალისწინებით გაანაწილა, საიდანაც კრედიტორ-პენსიონერების კუთვნილმა თანხამ კრედიტორთა საერთო მოთხოვნის - 194 095 ლარის 41.6% (80 703 ლარი) შეადგინა. ოქმის თანახმად, მოპასუხეებს ეკუთვნით 4 430 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

3. 2010 წლის 22 სექტემბერს მოპასუხეთა წარმომადგენელ ა.ჭ–სა (შემდეგში - მოპასუხეთა წარმომადგენელი) და კრედიტორ ბანკს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, ბანკმა თავისი კუთვნილი 4512 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 512 კვ.მ მოპასუხეთა სასარგებლოდ დათმო, რის შედეგადაც ამ უკანასკნელებს საკუთრებაში გადაეცემოდათ 4 925 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

4. 2010 წლის 15 ნოემბერს საწარმოს გაკოტრების მმართველმა გ.გ–მა (შემდეგში - საწარმოს გაკოტრების მმართველი) და მოპასუხეთა წარმომადგენელმა გააფორმეს ხელშეკრულება („უძრავი ქონების ნატურით გადაცემის ხელშკრულება“), რომლის თანახმად, 80 703 ლარის სანაცვლოდ, მოპასუხეებს საკუთრებაში გადაეცათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე ქ.ქუთაისში, ... ნაკვეთი 2-4, საკადასტრო კოდი ....., ფართობი 4 925 კვ.მ (22.09.2010 წლის შეთანხმების შესაბამისად). მათ გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტიც, რომლის თანახმად, მოპასუხეთა წარმომადგენელმა მიიღო 4 925 კვ.მ მიწის ნაკვეთი და სატრანსფორმატორო ჯიხური, ასევე - მოძრავი ქონება: ერთი პატარა ზეთიანი გამომრთველი, ერთი ზეთიანი გამომრთველი C-272, ორი ხის კარადა და ერთი ცალი წყლის ავზი.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ უსაფუძვლოდ გადაცემული ქონების ღირებულების - 8 540 ლარის მათთვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მოპასუხეებს უნდა გადასცემოდათ მოსარჩელის კუთვნილი, სულ 80 703 ლარის ქონება (მათ შორის - 75 314 ლარად ღირებული 4430 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და უძრავ ქონებაზე მიბმული 5389-ლარიანი ქონება: შემოღობვა, მოასფალტებული გზა, მიწისქვეშა კომუნიკაცია და სხვა). კრედიტორ-პენსიონერთა წარმომადგენელს, გარდა 4925 კვ. მ მიწის ნაკვეთისა, გადაეცა 5000 ლარად ღირებული სატრანფორმატორო ჯიხური, 3 000-ლარიანი ზეთის გამომრთველი, 300-ლარიანი პატარა ზეთის გამომრთველი, 40 ლარის ორი ხის კარადა, 200 ლარად ღირებული წყლის ავზი. ამ ქონებაზე არ იყო აღნიშნული აუდიტის დასკვნასა და კრედიტორთა კრების ოქმში, რომლითაც კრედიტორებს შორის ნატურით განაწილდა ქონება. საბოლოო ჯამში, მოპასუხეებს ნატურით საკუთრებაში უსაფუძვლოდ გადაეცათ 8 540 ლარის ქონება.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა, მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ კაპიტალური სატრანსფორმატორო ჯიხური (რომელიც მიწაზე მყარად არის დამაგრებული და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილია), ისევე როგორც მოძრავი ნივთები, არსებული დავალიანების დასაფარავად გადაეცა.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 8 540 ლარის გადახდა.

8. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე, 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 463-ე, 464-ე, 976-ე, 979-ე მუხლები და მიუთითა, რომ, რაკი მოპასუხეებს სადავო ნივთები ვალდებულების გარეშე გადაეცათ, მათ ამ ნივთების ღირებულება უნდა აენაზღაურებინათ მოსარჩელისათვის.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმედ დაკითხული საწარმოს ყოფილი გაკოტრების მმართველის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ მოძრავი ნივთები სარეალიზაციოდ არ გადაცემულა და ისინი გამოუსადეგარი იყო. სატრანსფორმატორო ჯიხური კი, მოპასუხისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი იყო და მისი ღირებულება უძრავი ქონების ღირებულებაში იყო გათვალისწინებული.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხისათვის გადაცემული ქონება (გარდა მიწის ნაკვეთისა) 8540 ლარი ღირდა. პალატის მითითებით, კრედიტორ-პენსიონერებს ნატურით გადაეცათ ისეთი ქონება, რომელიც არ იყო გათვალისწინებული კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით, შესაბამისად, ამ ქონებით მოპასუხენი უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ. რადგან ამ ქონების ნატურით უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მათი ღირებულების ეკვივალენტი თანხის გადახდევინებაც მოპასუხეთათვის სოლიდარულად, სსკ-ის 463-464-ე მუხლების საფუძველზე, რადგან დადგინდა, რომ ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხები თანაბრად განაწილდა ყველა კრედიტორ-პენსიონერზე.

12. პალატამ აპელანტთა პრეტენზია, გადაცემული ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებლად მიიჩნია, რადგან მათ არ წარუდგენიათ ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ პრეტენზიებზე მითითებით.

14. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

18. მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომკრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის მეორე ნაწილს (თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით) ეფუძნება.

19. სარჩელი წარმატებული იქნებოდა, თუ მოსარჩელე სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დაამტკიცებდა, მითითებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ შემდეგ ფაქტობრივ წინაპირობებს: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემას, მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენას, შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება, ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

20. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხეთათვის სადავო ნივთების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემა ვერ დაადასტურა, კერძოდ, 15.09.2010 წლის აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, მოპასუხეთათვის გადასაცემი თანხა 80 703 ლარს შეადგენდა, რაც კრედიტორებზე გასანაწილებელი მთლიანი თანხის 194 095 ლარის 41.6 % იყო. დასკვნისვე მიხედვით, მათ 5 389 ლარის ქონება, ხოლო მიწა - 4430 კვ.მ ეკუთვნოდათ. აუდიტმა, 10.09.2010 წლის დასკვნაზე დაყრდნობით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საბაზრო ფასი 75310 ლარით განსაზღვრა. შესაბამისად, მოპასუხეებს დამატებით უნდა გადასცემოდათ 5393 ლარის ქონება (მთლიან გადასახდელ თანხას (80703 ლარს) გამოკლებული 4430 კვ.მ მიწის ფასი (75 310 ლარი).

21. 20.09.2010 წლის კრედიტორთა კრების ოქმით, მოპასუხეთათვის გადასახდელი თანხა, აუდიტის დასკვნის შესაბამისად, 194 095 ლარის 41.6%-ით განისაზღვრა. შესაბამისად, მიწის ფართი, რომლის ღირებულება 75 310 (4430X17) ლარით განისაზღვრა, არ აღწევს კრედიტორთა მიერ მოპასუხეთათვის განაწილებული მთლიანი თანხის 41.6%-ს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადასახდელი ვალდებულება - 80 703 ლარი გადაცემული მიწის ნაკვეთით ვერ დაიფარა.

22. ამასთან, მართალია, მოპასუხეებს საბოლოო ჯამში, 4430 კვ.მ მიწის ნაცვლად, 4925 კვ.მ გადაეცათ, მაგრამ ეს განპირობებული იყო მოპასუხეებისა და ბანკი კრედიტორის შეთანხმებით, კერძოდ, ბანკმა თავისი კუთვნილი 4 512 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 512 კვ.მ მოპასუხეთა სასარგებლოდ დათმო. ამდენად, ამ შეთანხმებით მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის წინაშე, მიწის ნაკვეთის გარდა, გადაეცა 5389 ლარის ქონება, არ შეცვლილა.

23. ასეც რომ არ იყოს, სატრანსფორმატორო ჯიხური, რომელიც სწორედ იმ მიწაზე იყო განთავსებული, რომელიც საკუთრების უფლებით მოპასუხეებს გადაეცათ, ცალკე უფლების ობიექტი ვერ გახდებოდა, ვინაიდან:

23.1. სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილი (მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს), ისევე როგორც ნორმის პირველი ნაწილის შემთხვევაშია (ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ნივთს მიწასთან მყარად დაკავშირებულად განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მისი განცალკევება შეუძლებელია სუბსტანციის ან დანიშნულების მოსპობის გარეშე. აქედან გამომდინარე, სატრანსფორმატორო ჯიხური, როგორც სპეციალური კაპიტალური ნაგებობა, რომელიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, იმ მიწის არსებითი შემადგენილი ნაწილია, რომელზეც იგი დგას.

23.2. ამასთან, 20.09.2010 წლის ოქმით განისაზღვრა, რომ „ქონება მიბმულია მიწასთან, შემოღობვა, გზა, ხეივანი და მიწისქვეშა კომუნიკაციების გათვალისწინებით“. 15.11.2010 წლის ხელშეკრულებიდანაც (რომლითაც მოპასუხეებს მიწა გადაეცათ) გამომდინარეობს, რომ მხარეებმაც სატრანსფორმატორო ჯიხური მიწის არსებით შემადგენელ ნაწილად მიიჩნიეს. 15.11.2010 წლის მიღება-ჩაბარების აქტითაც ის, როგორც უძრავი ქონება, მოპასუხე მხარეს მიწასთან ერთად გადაეცა (აქტში ცალკეა ჩამოთვლილი გადაცემული მოძრავი ქონება). ამდენად, ჯიხური რომ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელი ნაწილი იყო ხელშეკრულებითაც განისაზღვრა.

23.3. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი კი, მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და, როგორც წესი, იგი არ შეიძლება, იყოს ცალკე უფლების ობიექტი, მასზე დამოუკიდებელი სანივთო უფლება არ წარმოიშობა. არსებითი შემადგენელი ნაწილი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე (შდრ სუსგ Nას-1081-1110-2011, 10.11.2011; Nას-500-476-2013, 21.10.2013).

23.4. სსკ-ის 171-ე მუხლიდან (ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც) გამომდინარე, რადგან მოპასუხეებს წარმოეშვათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული სამართლებრივი შედეგი - საკუთრება იმთავითვე გავრცელდა სადავო მიწის არსებით შემადგენელ ნაწილზე - კაპიტალურ სატრანსფორმატორო ჯიხურზე. იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების ფასი 75 310 ლარით განისაზღვრა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მან მოიცვა ასევე ამ ქონების არსებითი შემადგენელი ნაწილის ფასიც, ვინაიდან მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხების არსებობა არ იკვეთება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კაპიტალური სატრანსფორმატორო ჯიხურის მოპასუხეებისათვის გადაცემა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა და ამით მოპასუხეები გამდიდრდნენ. არასწორია ასევე მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მოძრავი ნივთების მოპასუხეებისათვის გადაცემას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის, მიწის ნაკვეთთან ერთად, 5389 ლარის ქონებაც უნდა გადაეცა.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები. გადაცემულ ქონებას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, რომელიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განჩინებიდან და მხარეთა შეთანხებიდან გამომდინარეობდა.

26. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. მოპასუხეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მათ სასამართლო ხარჯი არ გაუღიათ. რაც შეეხება მოსარჩელეს, მას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სარჩელზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივლისის განჩინებით (იხ. ს.ფ. 86-88).

28. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 55.2 მუხლის (სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სარჩელზე (256.2 ლარი), სააპელაციო საჩივარსა (341.6 ლარი) და საკასაციო საჩივარზე (427 ლარი) გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის, 1024.80 ლარის, გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 55.2-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ჯ.მ–ის, ვ.მ–ის, მ.დ–ის, ვ.კ–ის, ლ.ე–ის, მ.კ–ის, ნ.პ–ის, მ.ბ–ას, მ.გ–ის, გ.ჭ–ის, მ.ლ–ის, ტ.გ–ის, ე.ც–ის, მ.ქ–ას, ნ.ჭ–ის, ზ.გ–ას, ლ.ჯ–ას, მ.კ–ას, მ.ხ–ის, შ.კ–ის, ნ.ხ–ის, ქ.შ–ის, ე.ი–ის, ა.გ–ის, მ.ა–ის, ზ.კ-ყ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ხ.ქ.ქ–ის“ გაკოტრების მმართველის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. სს „ხ.ქ.ქ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1024.80 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი