Facebook Twitter

№ას-1081-1032-2013 31 მარტი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - თ.ლ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჰ.ჰ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ლ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი) 2007 წლის 28 ნოემბერს, 90 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ვ.მ–გან (შემდეგში - გამყიდველი) შეიძინა ქ.ბათუმში, ..... მდებარე მრავალბინიან სახლში 199.63 კვ.მ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: ......), რომელიც 2007 წლის 3 დეკემბერს საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირა.

2. ჰ.ჰ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი) 2010 წლის 29 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების შედეგად, 65000 ლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ...... მდებარე 159.09 კვ.მ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: .....), რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირა.

3. ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2012 წლის 15 თებერვლის N13 მითითების შესაბამისად, მოპასუხემ ...... მდებარე შენობის ნაწილი დაშალა. შენობის დაშლილი ნაწილი მდებარეობდა ......–სა და ..... ქუჩის კვეთაზე, სადაც მოპასუხემ შემდგომში მოაწყო ავტოსამრეცხაო.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

4.1. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა;

4.2. მოპასუხისათვის 10 000 ლარის დაკისრება.

5. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ სადავო მისამართზე მის მიერ შეძენილი ფართი, ნახაზის მიხედვით, 26 მაისის ქუჩის მხრიდან მდებარეობდა, რომელიც მოპასუხემ უკანონოდ მიითვისა და დაანგრია. შენობა-ნაგებობის დანგრევით გამოწვეული ზიანი კი, 10 000 ლარია.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი 159.9 კვ.მ უძრავი ქონება მდებარეობს 1 141 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შენობის საკადასტრო კოორდინატები დაუზუსტებელია, ანუ არ არის განსაზღვრული, ზუსტად სად მდებარეობს ეს ქონება. საქმეში არსებული დოკუმენტებით კი, მოპასუხის მიერ შეძენილი ფართის მდებარეობა ზუსტადაა განსაზღვრული, კერძოდ, მოპასუხის კუთვნილი ფართი სწორედ ......–ისა და .....–ის ქუჩების კვეთაზე მდებარეობდა. შესაბამისად, მან დაანგრია შენობის თავისი კუთვნილი ნაწილი.

7. საქმეში მესამე პირად ჩართულმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კონკრეტულად არ დგინდებოდა, ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი არის რეგისტრირებული .... ქუჩის მხრიდან, შესაბამისად, დაუდგენილია, შენობის დანგრეული ნაწილი ვისი საკუთრება იყო.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

8.1. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის ქ. ბათუმში, ...... - ..... ქუჩის მხრიდან არსებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის, რომელზეც განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული 159 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, გამოთავისუფლება და გადაცემა.

8.2. სარჩელი მატერიალური ზიანის - 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

9. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 171-ე, 172-ე, 149-ე, 150-ე, 183-ე, 312-ე, 992-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები და მიუთითა შემდეგი:

9.1. სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.01.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ირკვევა, რომ ქ.ბათუმში, ........ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობდა ..... ქუჩისა და ....... ქუჩების კვეთაზე, აღნიშნული საკუთრების გვერდითი მხარე ესაზღვრებოდა ..... ქუჩას, რომელიც რეალურად აღარ არსებობდა. ამ საკუთრების ადგილას, რომლის დემონტაჟი უნებართვოდ მოხდა, ავტოსამრეცხაო იყო მოწყობილი.

9.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ქონების აუქციონზე შეძენისა და საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ მან მოიპოვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება. მოსარჩელე საჯარო რეესტრში აღრიცხულია იმ ნივთის მესაკუთრედ, რომლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასაც ითხოვს. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის კუთვნილი ქონება დაებრუნებინა.

9.3. სასამართლოს მითითებით, მართალია, მოსარჩელემ დაადასტურა ზიანის მიყენების ფაქტი, მაგრამ ვერ დაამტკიცა ზიანის ოდენობა, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა.

10.1. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით მოითხოვა:

10.1.1. მატერიალური ზიანი დასტურდება უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტებით, საიდანაც ჩანს, რომ 65000 ლარი მოსარჩელემ 159.9 კვ.მ ფართში გადაიხადა და არა - მიწის ნაკვეთში. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებული იყო შენობა, არის თანასაკუთრება, ჰყავს 15-20 თანამესაკუთრე და წილობრივად მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მეტრია მოსარჩელის კუთვნილი წილი. შესაბამისად, 10 000 ლარი არის ის მცირე თანხა, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს, იმ ქონების დანგრევით მიყენებულ ზიანისათვის, რაშიც 65 000 ლარი გადაიხადა. ამდენად, პირველი აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისრებინა.

10.2. მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით მოითხოვა:

10.2.1. უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრება დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით არის რეგისტრირებული, მას არ აქვს საკადასტრო რუკა/გეგმა, ხოლო თავისი უძრავი ქონება, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებითაა რეგისტრირებული. თავად მოსარჩელის საკუთრების სარეგისტრაციო დოკუმენტების სათანადოდ განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ მოსარჩელის საკუთრება, საერთო ფართით 159 კვ.მ, ესაზღვრება ......–ის ქუჩას და არა- .....–ის ქუჩას.

10.2.2. მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზი, რომლითაც დგინდება მოსარჩელის საკუთრების 26 მაისის ქუჩის მხრიდან მდებარეობა, არასწორადაა შედგენილი და ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრში დაცულ ტექაღრიცხვის მონაცემებს.

10.2.3. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, უნდა ითქვას, რომ 24.01.2013 წლისა და 10.10.2012 წლის დასკვნები შედგენილია ერთი და იმავე ექსპერტის მიერ და დასკვნის შედეგები ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით აპელანტთა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

11.1. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება;

11.2. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

11.3. მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისათვის ქ.ბათუმში, ....-სა და ....–ის ქუჩების კვეთაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელის შეშლა;

11.4. მოპასუხეს დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

12. სასამართლომ მიუთითა, რომ ..... მდებარე შენობა მოპასუხეს მთლიანად არ დაუნგრევია, მან დაანგრია შენობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მდებარეობდა ......–ისა და .....–ის კვეთასთან. ამგვარად, დავის გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, თუ ვის ეკუთვნოდა ზემოხსენებული ქონება.

12.1. პალატამ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათითა და ნახაზით დაადგინა, რომ შენობის ის ნაწილი, რომელიც, შემდგომში დაშალა მოპასუხემ, ეკუთვნოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და სწორედ იგი შეიძინა აუქციონზე მოსარჩელემ, რასაც ადატურებდა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შედგენილი ნახაზიც.

12.2. მოპასუხისა და მისი უფლებრივი წინამორბედის სახელზე შედგენილი აზომვითი ნახაზებიდან კი ჩანდა, რომ მოპასუხეს ეკუთვნოდა ამ სახლის ლიტერ „ვ-ს“ ის ნაწილი, რომელიც არ უკავშირდებოდა .....–ის ქუჩას. ზემოხსენებულს უთუოდ ამტკიცებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 იანვრის დასკვნაც. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მესაკუთრის თანხმობის გარეშე, გაანადგურა მისი ქონება.

12.3. კუთვნილი ნაგებობის განადგურებით მოსარჩელის ქონება შემცირდა, ანუ მას მიადგა ზიანი. ეს შედეგი კი, გამოიწვია მოპასუხის განზრახმა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, რის გამოც ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა ზიანი.

12.4. სააპელაციო სამართლომ დაადგინა, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ ქონება 65000 ლარად შეიძინა, მას სწორედ ამდენივე ზიანი მიადგა. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია, მეტიც, საქმეში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ჩანდა, რომ იმავე სახლში არსებული 199.63 კვ.მ თავად მოპასუხემ 90000 აშშ დოლარად შეიძინა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა, ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 10000 ლარის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და დასაბუთებული იყო.

12.5. უდავო იყო ისიც, რომ სახლი, რომლის ნაწილიც მოპასუხემ დაანგრია, შედგებოდა ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან), რის გამოც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ის მრავალბინიან სახლად მიიჩნეოდა. მიწის ნაკვეთი კი, რომელზეც მრავალბინიანი სახლია განთავსებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ნაგებობის ის ნაწილი, რომელიც მოსარჩელეს ეკუთვნოდა, აღარ არსებობს, ხოლო მის ადგილას არსებული მიწის ნაკვეთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაა, სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება აქვს მოპასუხესაც. მოპასუხის მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის შემთხვევაში კი, იგი ვეღარ ისარგებლებს ამ ქონებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის თაობაზე, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

12.6. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს თავისი წილი მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით არ განუკარგავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბინა დანგრეულია, მოსარჩელე მიწის თანამესაკუთრეა და შეუძლია, ამ ქონებით ისარგებლოს. ამის გამო, მოპასუხეს აეკრძალა მიწის ნაკვეთით სარგებლობაში მოსარჩელისათვის ხელშეშლა.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1. კასატორის მტკიცებით, მან მოსარჩელის მიერ დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით (რომელსაც არ გააჩნია საკადასტრო რუკა/გეგმა) უძრავი ქონების რეგისტრაციამდე სამი წლით ადრე დაირეგისტრირა უძრავი ქონება დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით.

13.2. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმით დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ....–სა და .....–ის კვეთაში განთავსებულია ლიტერი „ვ“ ორსართულიანი შენობა საერთო ფართით 921.82 კვ.მ. 27.06.2003 წლის სააღრიცხვო ბარათით დგინდება, რომ სადავო მისამართზე 921.82 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართიდან 5/23 ნაწილი ბათუმის მერიას ჰქონდა რეგისტრირებული საკუთრებაში, ხოლო 5/23 ნაწილი პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო გამყიდველის საკუთრებაში.

13.3. 2003 წლის 26 ივნისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ შედგენილი ტექნიკური პასპორტით დგინდება, რომ გამყიდველის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო სადავო მისამართზე ლიტერ „ვ“ შენობაში 199.63 საერთო სარგებლობის ფართი, რომელსაც თან ახლავს როგორც მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი, ისე ლიტერ „ვ“ შენობაში გამყიდველის ინდივიდუალურ საკუთრებაში აღრიცხული ფართის ნახაზი, რომელიც სამი ოთახისაგან შედგება: N1 - 84.39 კვ.მ, ოთახი N1ა - 49.71 კვ.მ და ოთახი N2-ის ნაწილი - ფართით 50.92 კვ.მ, საერთო ჯამში 199 კვ.მ, რომელიც ნახაზისა და მასზე დატანებული გარეთ გამავალი კარის მდებარეობით უშუალოდ ესაზღვრება გიორგი ბრწყინვალისა და 26 მაისის ქუჩების კვეთას.

13.4. იგივე დასტურდება სარჩელს თანდართული, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ტექნიკური აღრიცხვის მასალებით. გეგმა-ნახაზის მიხედვით, N1,1ა და N2 ოთახების შემდეგ მოდის ოთახები N3,4,5 საერთო ფართით 159 კვ.მ, რომელიც ესაზღვრება .....–ის ქუჩას. აღნიშნული ფართი ეკუთვნოდა ქალაქ ბათუმის მერიას და ამჟამად ეკუთვნის მოსარჩელეს.

13.5. მოსარჩერლის საკუთრების ..... ქუჩის მხრიდან მდებარეობა დგინდება მხოლოდ მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზით, რომელიც არასწორადაა შედგენილი და ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრში დაცულ ტექაღრიცხვის მონაცემებს.

13.6. რაც შეეხება 24.01.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნას, მისი არაკვალიფიციურობა და დაუსაბუთებლობა დგინდება იმითაც, რომ საქმეში წარმოდგენილია ამავე ექსპერტის 10.10.2012 წლის დასკვნა, სადაც იგი სრულიად საპირისპიროს ასკვნის, კერძოდ, დასკვნის მიხედვით, მოპასუხის კუთვნილი 199 კვ.მ ფართი მდებარეობს ....–ისა და ..... ქუჩების კვეთაში და ამ ფართის მხოლოდ ნაწილს გაუკეთდა დემონტაჟი მერიის სათანადო ნებართვის საფუძველზე. კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ, თუ იგი მერიის მოთხოვნას არ შეასრულებდა შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით, დაჯარიმდებოდა.

14. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

16. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა მტკიცების საგანში შემავალი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამის შედეგად სარჩელი საკმარისი არგუმენტაციის გარეშე იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული.

17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება გათვალისწინდეს ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებას წარმოადგენს ქ.ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონება - 159.09 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად (ს/კ .......). მისივე განმარტებით, მოპასუხემ თვითნებურად დაანგრია მითითებული არასაცხოვრებელი ფართი და მის ადგილზე ავტოსამრეცხაო მოაწყო. მოპასუხის ამ მოქმედებით მოსარჩელემ დაკარგა მფლობელობა ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე, ამასთან, მას მიადგა ზიანი.

19. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდნ გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველ ნაწილს (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), ამავე კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებს ეფუძნება.

20. სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი წინაპირობის არარსებობა თავშივე გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ისე, რომ შემდეგი წინაპირობების შემოწმება საჭირო აღარაა. ამდენად, მოსარჩელემ, უპირველესად, ის გარემოება უნდა დაამტკიცოს, რომ იგი სადავო ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს.

21. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მისი საკუთრების დასადასტურებლად წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუმცა, მოპასუხის განმარტებით, ამავე მისამართზე მასაც გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომელიც 2007 წლიდან რეგისტრირებულია მის სახელზე საჯარო რეესტრში და ეს ქონება სწორედ ისაა, რომელზედაც მოსარჩელე დავობს. ამდენად, მხარეთა შორის დავას იწვევს მათ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებების ზუსტი ადგილმდებარეობა.

22. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა დანგრეული უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილება, რადგან შენობის ამ ნაწილის მესაკუთრე თავად იყო. პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა სადავო ნივთის მოსარჩელისადმი კუთვნილება, რომ სრულად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 24.01.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრება მდებარეობდა ....სა და .....–ის ქუჩების კვეთაზე და აღნიშნული საკუთრების გვერდითი მხარე .... ქუჩას ესაზღვრებოდა, ანუ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელე იყო.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტს სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის არასრულყოფილი გამოკვლევისა და ამ გზით დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზეც და განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებ მტკიცებულებათაგან ერთ-ერთია. ექსპერტის დასკვნას სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით რაიმე უპირატესობა არ გააჩნია, იგი სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ფასდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ, სასამართლო სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. თავის მხრივ, მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.

24. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტი უთითებს, რომ დასკვნა მომზადებულია უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული აზომვითი ნახაზითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. სწორედ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და არც მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ მოპასუხის როგორც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, ისე მის საფუძველზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებულია უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელისა შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული საინვენტარიზაციო გეგმა (ს.ფ. 47);

- 27.06.2003 წელს გაცემული ბინის სააღრიცხვო ბარათი, სადაც მითითებულია, რომ სადავო მისამართზე 921.82 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართიდან 5/23 ნაწილი ბათუმის მერიას ჰქონდა რეგისტრირებული საკუთრებაში, ხოლო 5/23 ნაწილი პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო გამყიდველის საკუთრებაში (ს.ფ. 57);

- 2003 წლის 26 ივნისის კერძო საკუთრებაში არსებული ბინების, საცხოვრებელი სახლისა და არასაცხოვრებელი ფართის ტექნიკური პასპორტი, რომელსაც თან ახლავს როგორც მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი, ისე ლიტერ „ვ“ შენობის გეგმა-ნახაზი (ს.ფ. 58-61);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც სადავო მისამართზე ქ.ბათუმის მერიას საკუთრებაში ჰქონდა N3-5 ოთახები (ს.ფ. 77). გეგმა-ნახაზის მიხედვით, ოთახები N3,4,5 საერთო ფართით 159 კვ.მ, ესაზღვრება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ქუჩას, ხოლო 26 მაისის ქუჩას - მხოლოდ N1,1ა ოთახები (ს.ფ. 81).

25. აღნიშნული მასალები სასამართლოს არ აქვს გამოკვლეული და შეფასებული და ისინი არც ექსპერტიზის დასკვნას არ უდევს საფუძვლად, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები არ ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილ კვლევას.

26. ექსპერტიზის დასკვნის გარდა, ერთადერთი მტკიცებულება, რითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო ფაქტის დადგენისას, არის მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული აზომვითი ნახაზი, რომელიც 2009 წლის 10 დეკემბერსაა შესრულებული (ს.ფ. 29). მართალია, საკადასტრო აზომვითი ნახაზი უძრავი ნივთის რეგისტრაციისათვის ერთ-ერთი აუცილებელი, კანონით მოთხოვნილი ინფორმაციაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რის გამოც მხოლოდ ამ ნახაზით სასამართლო ვერ დაადგენს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. ამასთან, სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა 10.12.2009 წლის მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებულ მონაცემებს და მოპასუხის საკუთრების ტექნიკურ პასპორტს, რომელსაც თან ახლავს 2003 წლის 26 ივნისს შედგენილი გეგმა-ნახაზი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუ გამოვლინდება ერთი და იმავე ობიექტზე სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში ორი ჩანაწერის კონკურენცია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას (შდრ. სუსგ Nბს-359-349 (4კ-13), 24.04.2014).

27. მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის წარდგენისას სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სამივე საფუძვლის დამტკიცების მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება. სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით უნდა გამოარკვიოს და შეაფასოს, დაამტკიცა თუ არა მოსარჩელემ შენობის დანგრეულ ნაწილზე თავისი საკუთრება, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საპირისპირო მტკიცებულების გათვალისწინებით. ერთ-ერთი ასეთი მტკიცებულებაა 10.10.2012 წლის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის კვლევითი ნაწილის მიხედვით, 1568.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ესაზღვრება .....–ის ქუჩას და შენობის დანგრევის შედეგად გამოთავისუფლებული 235.00 კვ.მ მიწის ფართი, სადაც განთავსებულია ავტოსამრეცხაოს შენობა-ნაგებობანი და მდებარეობს ....–ისა და .....–ის ქუჩების კვეთაში. ამ კვლევას ახლავს ნახაზიც. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ შეუფასებია, რითაც სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის მოთხოვნა, კერძოდ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის სასამართლოს მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას.

28. ამასთან, მართალია, საჯარო რეესტრის შესაგებლით დაფიქსირებული პოზიცია იმგვარია, რომ არ დგინდება კონკრეტულად დანგრეული შენობის რომელიმე მხარისადმი კუთვნილება, თუმცა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა მოსარჩელეს განცხადებაზე პასუხად აცნობა, რომ ლიტ „ვ“-ს ნაწილი ....–ის ქუჩის მხრიდან რეგისტრირებული იყო მოპასუხის საკუთრების უფლებით (ს.ფ.13). მოსარჩელის მტკიცებით, ამ პასუხში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც მეორე დღეს გამოსწორდა და წერილში მიეთითა, რომ შენობა ....–ის ქუჩის მხრიდან მოსარჩელეს ეკუთვნოდა, თუმცა აღნიშნული წერილი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო საკითხთან - დანგრეული სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებასთან დაკავშირებით არ ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დარღვეულია სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა - გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის ასახული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს ერთობლივად არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და საჭიროა მათი დამატებით გამოკვლევა.

30. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული მოსაზრებების გათვალისწინებით სწორად უნდა განსაზღვროს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, სრულყოფილად გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი