საქმე №ას-1960-2018 11 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ჰ. ჯ.“
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-იძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. გ-იძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ჰ. ჯ.“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. გ-იძის სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „ჰ. ჯ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 1714,29 ლარის გადახდა და მოსარჩელის მიერ აღსრულები ეროვნულ ბიუროში გადახდილი მოსაკრენლის – 100 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ჰ. ჯ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებითსს „ჰ. ჯ.“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ჰ. ჯ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2019 წლის 8 იანვარს სს „ჰ. ჯ.“ წარმომადგენელმა ნ. ჯ-იამ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ჰ. ჯ.“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორ სს „ჰ. ჯ.“ წარმომადგენელ ნ. ჯ-იას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2018 წლის 28 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.110). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 29 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 31 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ნ. ჯ-იამ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 4 იანვარს (ს.ფ.111-113), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ჰ. ჯ.“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. სს „ჰ. ჯ.“ (ს/კ №4....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი