10 იანვარი, 2019 წელი ას-1149-2018 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
(მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ლ.გ–ძე (პირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი), ლ.გ–ძე (მეორე მოპასუხე), ლ.გ–ძე (მესამე მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – ბ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა (ძირითად სარჩელში), ბინის შიდა და გარე რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით:
- ბ.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელის, შეგებებული სარჩელის მოპასუხის) ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ლ.გ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხის, შეგებებული სარჩელის ავტორის), ლ.გ–ძისა (შემდეგში მეორე მოპასუხისა) და ლ.გ–ძის (შემდეგში მესამე მოპასუხის) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის უძრავი ქონება (ზღვისუბნის დასახლება, .....) და დადგინდა მისი თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა.
- პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული შიდა ხარჯების ანაზღაურება 4 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით
- შეგებებული სარჩელის მოთხოვნა გარე ხარჯების ასანაზღაურებლად 22 978 ლარის მოსარჩელისთვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით:
3.1. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3.2. შეგებებული სარჩელის ავტორის სააპელაციო საჩივარი, მოსარჩელისათვის 22 978 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს დაეკისრა 6607 ლარის გადახდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით საკასაციო საჩივრის და 818.55 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი გზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 08 აგვისტოს, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნათ კასატორებს.
7. საკასაციო სასამართლოს, დადგენილი ვადის დაცვით, მომართეს კასატორებმა, წარმოადგინეს საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებთ და ითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 სექტემბრის განჩინებით ლ.გ–ძის, ლ.გ–ძისა და ლ.გ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; კასატორებს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის, 818.55 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
8. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით, 2018 წლის 09 ნოემბერს, საკასაციო პალატას განცხადებით მომართეს კასატორებმა და ითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან ბაჟის გადახდის გადავადება პროცესის დასრულებამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით კასატორებს 5 დღით გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
12. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 24 დეკემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ერთ-ერთ კასატორს ლ.გ–ძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ შეტყობინებას გადასცემდა ლ. და ლ. გ–ძეებს (ლ.გ–ძე არის ლ. და ლ. გ–ძეების დედა).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 25 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 31 დეკემბერს. ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2018 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.გ–ძის, ლ. გ–ძისა და ლ. გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე