№ას-1572-2018 14 იანვარი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ჯ.გ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) –შპს „ე.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- შპს „ე–ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- შპს „ჯ.გ–ს“ (შემდეგში მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 18 531 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დღისათვის შესაბამისი გაცვლითი კურსით, ეროვნულ ვალუტაში. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 12 972 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დღისათვის შესაბამისი გაცვლითი კურსით, ეროვნულ ვალუტაში და პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 92 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე.
2. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის წარმოება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების თანხის გადახდა 18 531 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით;
- მოპასუხეს ასევე დაეკისრა სარჩელის შემოტანამდე, 2017 წლის 4 სექტემბრამდე, დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 12 972 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის დღისათვის შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდა დღეში 92 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით:
- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწვეტილება პირგასამტეხლოსა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2017 წლის 4 სექტემბრამდე 1 829 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დროისათვის არსებული გაცვლითი კურსით.
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2017 წლის 4 სექტემბრიდან, დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12,97 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დროისათვის არსებული გაცვლითი კურსით.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 1244.97 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
11. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოთხსენებული განჩინება 2018 წლის 12 ნოემბერს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს ა.ც–ეს (იხ. მინდობილობა ტ. 2, ს.ფ 152).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 13 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 ნოემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე