საქმე №ას-431-431-2018 29 ივნისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მოპასუხისათვის თაღლითური ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის _ 16 172 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ის არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის განცხადება საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინებაზე მ. ა-ის მიერ 2018 წლის 15 იანვარს წარდგენილ საჩივარზე შეწყდა წარმოება.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მ. ა-ს მოწინააღმდეგე მხარის ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, არც ამ საჩივარზე უთქვამს უარი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის უცნობია, რა საჩივარზე შეწყვიტა სასამართლომ საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინების კანონიერება. ხსენებული განჩინების დასაბუთება ემყარება შემდეგ ფაქტებს:
1.2.1. 2018 წლის 9 იანვარს აპელანტმა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ითხოვა შპს „ე-ის“ ანგარიშებზე ყადაღის დადება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველად;
1.2.2. 2018 წლის 15 იანვარს მ.აბრამიშვილმა წარადგინა საჩივარი 2018 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმების თხოვნით;
1.2.3. 2018 წლის 23 იანვარს საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა დაზუსტებული და დასაბუთებული საჩივრის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
1.2.4. 2018 წლის 26 იანვარს მ. ა-მა განმარტა, რომ მას საჩივარი სასამართლოს შემადგენლობის აცილების და არა უზრუნველყოფის საკითხზე ჰქონდა წარდგენილი, რაც სააპელაციო პალატამ საჩივარზე უარის თქმად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, ასევე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნია.
1.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა არარსებულ საჩივარზე და შეწყვიტა წარმოება, კერძოდ, საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ:
1.3.1. 2018 წლის 9 იანვრის განცხადებით მ. ა-ი მართლაც მოითხოვდა საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილებას, ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარის ანგარიშებზე ყადაღის დადებას;
1.3.2. 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს უკვე ნამსჯელი ჰქონდა ხსენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განცხადება დატოვა განუხილველად;
1.3.3. ამის შემდგომ საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე შუამდგომლობა, რომელთაც მხარე საჩივრად მოიხსენიებს და სამივე ამ შუამდგომლობის შესწავლით ირკვევა, რომ მ. ა-ს სურდა საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილება, რაიმე მოთხოვნა სააპელაციო პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე არც ერთ ხსენებულ დოკუმენტში არაა დაფიქსირებული;
1.3.4. 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით მართლაც დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა და აცილებულ იქნა საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობა და საქმე სხვა შემადგენლობაზე განაწილდა განსახილველად, ხოლო 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო პალატის ახალმა შემადგენლობამ რა საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი მ. ა-ს გაურკვეველია;
1.3.5. 2018 წლის 26 იანვრის განცხადებით აპელანტმა სასამართლოს დაუზუსტა, რომ მას საჩივრები მხოლოდ მოსამართლეთა აცილების თაობაზე ჰქონდა წარდგენილი და არ გაუსაჩივრებია ამავე სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინება, უფრო მეტიც, სასამართლო მოხელის მიერ შედგენილ სატელეფონო შეტყობინების აქტში მხარე კვლავ აფიქსირებს, რომ საჩივარი ზემოხსენებულ განჩინებაზე არ არის წარმოდგენილი. ამდენად, საკასაციო პალატისათვის გაურკვეველი რჩება საჩივრის არარსებობის პირობებში სასამართლომ რომელ საჩივარზე შეწყვიტა წარმოება. ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე