№ ას-495-495-2018 3 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ლ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ს- (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ამავე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში
დავის საგანი – გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ. ლ-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ს-ს (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, დისციპლინური ღონისძიების სახით დაკავებული თანხის დაკისრების, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის, კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ მოითხოვა ასევე მოცემულ საქმეზე მის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისაღები შემაჯამებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს-ს 2015 წლის 4 დეკემბრის №4-880/კ ბრძანების I პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ხელფასის 1400 (დარიცხული) ლარის გათვალისწინებით, 10 თვის განმავლობაში მისაღები ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 1400 ლარის (დარიცხული) ოდენობით; მოსარჩელის სარჩელი დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, სსიპ ს-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ ს-ს თბილისის ს…-ს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 7 იანვრიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე თვეში 1200 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს-ს დირექტორის 2015 წლის 26 მარტის №04-8/დ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დისციპლინური ღონისძიების სახით დაკავებული თანხის - ერთი თვის შრომის ანაზღაურების 10%-ის - 140 ლარის (დაუბეგრავი) ანაზღაურება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა იძულებით განაცდურის სახით სამი თვის ხელფასის - 3600 ლარის (დაუბეგრავი) ანაზღაურების ნაწილში.
6. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სახის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია და სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით, როცა ასეთის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს და შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომლებიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. სააპელაციო პალატის თვალსაზრისით, მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ის გარემოება, რომ კანონი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა.
7. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ ზემოთ მითითებული გარემოებების, სამსახურის სპეციფიკურობისა და მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის გათვალისწინებით, დასაბუთებულად მიიჩნია სამი თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სამუშაო და მიიღოს გასამრჯელო. შრომის უფლება განეკუთვნება იმ უფლებათა კატეგორიას, რომელიც უზრუნველყოფს პირის ღირსეულ ცხოვრებას;
9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების გამოყენებისას კანონმდებელი არ ითვალისწინებს შუამდგომლობის ავტორის მტკიცების საჭიროებას მასზედ, თუ რა გარემოება შეიძლება შექმნას მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებამ ან რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით. ამგვარი მტკიცება საჭიროა მხოლოდ იმავე მუხლის იმავე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას;
9.3. სააპელაციო სასამართლო არ ასაბუთებს, თუ რატომ განაცხადა უარი სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე და რა მსჯელობით მივიდა უარის თქმის გადაწყვეტილებამდე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
13. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში.
14. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის განმარტების აუცილებლობა.
15. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ეს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შედის ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს უფლება აქვთ ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ და მიაღწიონ გადაწყვეტილების შეცვლას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი განსაზღვრავს სწორედ იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაც, მხარეთა თხოვნით, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
16. ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა კანონმდებელმა დაუკავშირა დავის ტიპს. ხსენებული საფუძვლებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო აფასებს, რამდენად ექცევა მის მიერ უკვე გადაწყვეტილი დავა კანონით განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიის ქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ , „ბ“, „გ“, „დ“, „ე1“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ საჭიროებს დამატებით ფაქტების დადგენას, სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არის დამოკიდებული სამართლებრივი ასპექტების შეფასებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 “ და „შპს ტელეკომპანია საქართველო “ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15).
17. ზემოთ ხსენებული საფუძვლებისაგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი გადაწყვეტილების აღსრულებას არ უკავშირებს კონკრეტული დავის ტიპს. მის საფუძველზე გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ აღსრულდეს „ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“. ხსენებული სამართლებრივი დასკვნის გასაკეთებლად სასამართლოს უცილობლად ესაჭიროება დამატებითი ფაქტების გამოკვლევა, მან უნდა განსაზღვროს, რა ზიანი შეიძლება მიადგეს გადამხდევინებელს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით. იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ალბათობა, მან უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ ზიანის დადგომას განაპირობებს, შეუძლებელია მოსალოდნელი ზიანის დადგომის ფაქტის დადგენა მხოლოდ სამართლებრივი ანალიზის შედეგად. ასევე, იმისათვის, რათა სასამართლომ დაასკვნას, რომ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულებადი გახდეს, მას სჭირდება დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სამომავლოდ გადაწყვეტილების აღუსრულებადობას განაპირობებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 “ და „შპს ტელეკომპანია საქართველო “ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-16).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე1“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა ემსახურება დავის მონაწილე მხარის დარღვეული უფლებების სწრაფ აღდგენას. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების რისკებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება დაზარალებული მხარის კანონიერი უფლებების დაცვას.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ №ას-543-518-2016, 2016 წლის 15 ივლისი; №ას-734-702-2014, 2014 წლის 25 ივლისი).
20. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს სწორედ უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
21. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ ს-ს თბილისის ს…-ს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ამასთან, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული.
22. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის სისტემური ანალიზიდან. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონმდებლის მიერ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე1“, „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის შესაძლებლობა ემყარება არა მხარის დასაბუთებულობის ხარისხს, არამედ გამომდინარეობს თავად დავის კატეგორიიდან.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებულია, რაც წარდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ამ ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. ლ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ლ. ლ-ს სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში;
3. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ლ. ლ აღდგენილ იქნა სსიპ ს-ს თბილისის ს..-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე