Facebook Twitter

№ ას-526-526-2018 4 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. გ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. მ-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ს მიმართ (შემდგომში - „მოპასუხე“) ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობისა და მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარმოედგინა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც იგი მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია; გ) განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

6. 2018 წლის 21 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელმა ლ. თ-მ წერილობითი განცხადებით მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის, ლ. თ-ს შუამდგომლობა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების თანახმად, სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდებოდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს, ლ. თ-ს პირადად 2018 წლის 7 მარტს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 8 მარტს და ამოიწურა 2018 წლის 14 მარტს. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ ჰქონდა შევსებული და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7-დღიან საპროცესო ვადაში არ ჰქონდა შევსებული ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიუმართავს სასამართლოსათვის, სახეზე იყო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.

10. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტის წარმომადგენელმა ლ. თ-მ წარმოადგინა კერძო საჩივარი და ითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო სპეციალურ ფორმაში და შეიცავდა სააპელაციო საჩივრისთვის აუცილებელ ყველა რეკვიზიტს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოტივაციას აპელანტი სასამართლოს ვრცლად მოახსენებდა სხდომაზე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

12. 2018 წლის 15 მაისს კერძო საჩივრის ავტორმა წერილობითი განცხადებით მოითხოვა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი შეიცავდა ყველა აუცილებელ რეკვიზიტს და არ არსებობდა ხარვეზის დადგენის საფუძველი.

16. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით მას მართებულად დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების შესახებ, რომელთა გამოც აპელანტი გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა (იხ. ს.ფ. 159-167), უფრო მეტიც, სააპელაციო საჩივარში თავად აპელანტი უთითებდა, რომ სააპელაციო საჩივარში შემოიფარგლა მოკლე მოსაზრებით, რადგან აპელაციისათვის განკუთვნილი ვადა ეწურებოდა, ვრცელ დასაბუთებას აპელაციას წარუდგენდა უახლოეს დღეებში (იხ. ს.ფ. 160).

17. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი დაუდგინდა არა მხოლოდ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის გამო, არამედ სხვა საფუძვლებითაც (სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან), თუმცა, აპელანტს ხარვეზი არც ამ ნაწილში შეუვსია.

18. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორს მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ 2018 წლის 21 თებერვალს მისმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის თაობაზე, სადავოდ არ გაუხდია, პირიქით, განცხადების ბოლოს აღნიშნავდა, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 5 დღით გაგრძელების შემთხვევაში, წარადგენდა სრულყოფილ დოკუმენტაციას (იხ. ს.ფ.177).

19. სასამართლოში სამოქალაქო საქმისწარმოებისას საპროცესო მოქმედებების შესრულების წესი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

21. საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს და პირადად ჩაბარდა მას მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2018 წლის 7 მარტს (იხ. ს. ფ. 181). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 14 მარტს. აპელანტს კი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სააპელაციო პალატისთვის რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს და არც ხარვეზი შეუვსია.

22. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

23. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო განჩინებით დადგენილი გარემოებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

25. კერძო საჩივრის ავტორის 2018 წლის 15 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან მოითხოვა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს კერძო საჩივრის განხილვის ფორმას და ადგენს, რომ განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვის საკითხს სასამართლო წყვეტს საქმის სირთულის გათვალისწინებით, რაც შესაფასებელი გარემოებებიდან გამომდინარეობს. ზემოთ განხილული საკითხების გათვალისწინებით საკასაციო პალატამ წინამდებარე დავა არ მიიჩნია იმ ხარისხის სამართლებრივი სირთულის მატარებლად, რაც ზეპირი მოსმენის დანიშვნას განაპირობებდა. ამასთან, არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია დასაბუთებული შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, მის განცხადებაში მითითებული არგუმენტაცია შეეხება მხოლოდ ძირითადი დავის არსებით მხარეს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

26. რაც შეეხება ნ. მ-ს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია ახალ ფაქტებზე მითითება ან ახალი მტკიცებულებების წარდგენა, რაც განპირობებულია თავად საკასაციო სასამართლოს საქმიანობის თავისებურებით, კერძოდ კი, იმ გარემოებით, რომ აღნიშნული სასამართლო ინსტანციის ფუნქციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. საქმის ფაქტობრივ გარემოებებს საკასაციო სასამართლო არ ადგენს. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (განცხადებები; ხელწერილი; 2018 წლის 26 აპრილის #... მიმართვა; 2018 წლის 24 აპრილის განცხადება; კერძო საჩივარი; თხოვნა-განცხადება; განცხადება; 2018 წლის 29 მარტის შეტყობინება #... რეაგირების ოქმი; 2018 წლის 19 აპრილის #M- მიმართვა; 2018 წლის 19 აპრილის განცხადება; შეტყობინების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები; ზეპირი გასაუბრების ოქმი #...; განცხადება; ოქმი #...; 2018 წლის 26 თებერვლის #M- მიმართვა; 2018 წლის 30 იანვრის #M- მიმართვა; 2018 წლის 28 იანვრის მიმართვა; 2018 წლის 22 იანვრის განცხადება; 2018 წლის 30 იანვრის ზეპირი გასაუბრების ოქმი; 2018 წლის 2 თებერვლის #M- მიმართვა; 2018 წლის 17 აპრილის ოქმი ზეპირი განცხადების მიღების შესახებ #...; 2018 წლის 19 აპრილის #M- მიმართვა; 2018 წლის 29 მარტის შეტყობინება #...; 2018 წლის 16 მარტის #...- მიმართვა; 2018 წლის 1 მაისის #... მიმართვა; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; შესაგებელი) მთლიანობაში „35“ ფურცლად (ს.ფ. 219-249; ს.ფ. 253-256).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. მ-ს შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ. მ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინება;

4. კერძო საჩივრის ავტორს, ნ. მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (განცხადებები; ხელწერილი; 2018 წლის 26 აპრილის #... მიმართვა; 2018 წლის 24 აპრილის განცხადება; კერძო საჩივარი; თხოვნა-განცხადება; განცხადება; 2018 წლის 29 მარტის შეტყობინება #...; რეაგირების ოქმი; 2018 წლის 19 აპრილის #M- მიმართვა; 2018 წლის 19 აპრილის განცხადება; შეტყობინების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები; ზეპირი გასაუბრების ოქმი #...; განცხადება; ოქმი #...; 2018 წლის 26 თებერვლის #M- მიმართვა; 2018 წლის 30 იანვრის #M- მიმართვა; 2018 წლის 28 იანვრის მიმართვა; 2018 წლის 22 იანვრის განცხადება; 2018 წლის 30 იანვრის ზეპირი გასაუბრების ოქმი; 2018 წლის 2 თებერვლის #M- მიმართვა; 2018 წლის 17 აპრილის ოქმი ზეპირი განცხადების მიღების შესახებ #...; 2018 წლის 19 აპრილის #M- მიმართვა; 2018 წლის 29 მარტის შეტყობინება #...; 2018 წლის 16 მარტის #... მიმართვა; 2018 წლის 1 მაისის #... მიმართვა; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; შესაგებელი) მთლიანობაში „35“ ფურცლად (ს.ფ. 219-249; ს.ფ. 253-256);

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე