№ ას-552-552-2018 4 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ს., თ., რ., ი., მ. და მ. ა-ები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს. ა-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“), თ., რ., ი., მ. და მ. ა-ებმა (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბ. ა-ს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე: ქ-, სოფ. კ-, საკადასტრო კოდი: …, გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, უკანონოდ აღმართული ღობის დემონტაჟი და მოსარჩელეებისათვის მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
2. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მათ საკუთრებას წარმოადგენს ქ-ში, სოფ. კ-ში მდებარე 3504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილს - 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე, უკანონოდ გავლებული აქვს სასაზღვრო მიჯნა (ღობე) და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2010 წლის 24 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, სადავო მიწის ნაკვეთის სამხრეთით მოსარჩელეს გადაეცა 663 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მორიგების აქტი ეწინააღმდეგება მოსარჩელის მოთხოვნას.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; მოპასუხეს აღეკვეთა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კ-ში, №… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ხელყოფა და ამ მიზნით დადგინდა 2017 წლის 3 ოქტომბრის №5005557317 ექსპერტიზის დასკვნის №3 და №4 დანართში მითითებული და სასაზღვრო მიჯნად გამოყენებული იმ ღობის დემონტაჟი, რომლითაც მოსარჩელეთა კუთვნილი 773.34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაერთიანებულია მოპასუხის ნაკვეთთან; ასევე, განისაზღვრა ღობის დემონტაჟის შემდეგ დასახელებული 773.34 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსარჩელეებისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. აპელანტმა 2018 წლის 13 მარტს წარდგენილ წერილობით განცხადებაში მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო მისი სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მოსარჩელისა და სხვათა მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების დავალდებულების თაობაზე, ასევე - მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მოითხოვა წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერება მის მიერ წარდგენილ განცხადებასა და ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სააპელაციო საჩივრის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე ს., თ., რ. და ი. ა-ების სარჩელისა გამო უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე (სამოქალაქო საქმე №2/ბ-226-18) შეჩერდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის №3-414/09 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოპასუხის განცხადების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ №13/გ-17 განცხადებაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ შემდეგ გარემოებებზე:
8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით დგინდება, რომ მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრირებულია 3504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (რეგისტრაცია განხორციელდა 2009 წელს), ხოლო მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულია 2100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წელს). დასახელებული ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის მეზობლად. 2010 წელს მხარეებს შორის სადავო გახდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. უფრო კონკრეტულად, სადავო იყო აზომვითი ნახაზის მეშვეობით 813 კვ.მ. ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტი. ორივე მხარე ამტკიცებდა, რომ 813 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მათი საკუთრება იყო. საბოლოო ჯამში, მხარეები მორიგდნენ. სახელდობრ, მოპასუხე დაეთანხმა სადავო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 137 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიეღო საკუთრებაში და ამით დაესრულებინა დავა, ხოლო, თავის მხრივ, მოსარჩელის საკუთრებაში დარჩა სადავო 663 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო მორიგების აქტზე თანდართული ნახაზის მიხედვით. მხარეთა მორიგების საფუძველზე 2010 წლის 24 თებერვალს საქმის წარმოება შეწყდა;
8.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება არ აღსრულებულა. მხარეები იმ მოცულობის მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებად არიან რეგისტრირებულები, როგორც ეს იყო 2010 წლის მდგომარეობით;
8.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ აზომვითი ნახაზით, საჯარო რეესტრის ამონაწერითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ღობის მეშვეობით მოპასუხეს დაკავებული ჰქონდა მოსარჩელის კუთვნილი 773.34 კვ.მ. ფართობი.
9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო საჩივარში მოპასუხე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობად უთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2010 წლის 24 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინების უგულებელყოფაზე.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მისი საფუძვლიანობა უნდა შემოწმებულიყო იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობდა თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფებოდა თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების არმქონე პირის მიერ.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კუთვნილება. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, რადგან კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცებული შეთანხმების თანახმად, სადავო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მას მოპოვებული ჰქონდა 137 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის უფლება.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2010 წლის 24 თებერვლის №3-414/09 კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 თებერვლის განჩინებით დასაშვებად არის ცნობილი.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლითა და 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის იყო არა საჯარო რეესტრის ჩანაწერები სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების თაობაზე, არამედ - ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის №3-414/09 კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ახლებურად განისაზღვრა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და, შესაბამისად, მისი მართლზომიერად ფლობის ფარგლები.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის შუამდგომლობა ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
15. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარმოადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება.
16. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
16.1. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი. სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების შეჩერებით რეალურად უგულებელყო მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რომელიც დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. ამჟამად სადავო უძრავი ქონება არის მოსარჩელეების საკუთრება და არ არსებობს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება. მესაკუთრეს უფლება აქვს ფლობდეს და განკარგავდეს კუთვნილ უძრავ ნივთს საკუთარი შეხედულებისამებრ და სასამართლო არ არის უფლებამოსილი თუნდაც დროებით, დავის გადაწყვეტამდე მოუსპოს ან შეუზღუდოს მხარეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება;
16.2. მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება;
16.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13 აპრილის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საქმე №3-834/17 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რომელიც აპელანტს საქმის წარმოების შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად ჰქონდა მითითებული, შეწყდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად;
16.4. 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული 2010 წელს და, შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისთვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია;
16.5. 2018 წლის 19 მარტის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, თუმცა, შუამდგომლობა არ იყო გამყარებული წერილობითი მტკიცებულებებით. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მაინც გადადო სხდომა და აპელანტს განუსაზღვრა ვადა მტკიცებულებების წარმოსადგენად. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო პროცესში გამოიყენა ერთგვარად ინკვიზიციურობის ელემენტები, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა აპელანტის არაერთგვაროვანი შუამდგომლობები, ერთ შემთხვევაში, საქმის წარმოების შეჩერების, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სასამართლო პროცესის გადადების შესახებ. თუმცა იგი ვალდებული იყო, რომ არაერთგვაროვანი შუამდგომლობები განეხილა ცალ-ცალკე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით მოსარჩელეების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმე შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობების დარღვევით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნას სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობს თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
22. ამასთან, მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა.
23. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერებას საფუძვლად დაუდო ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინების (იხ. მოცემული განჩინების 8.1. პუნქტი) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოპასუხის განცხადების ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დასაშვებად ცნობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის იყო ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ახლებურად განისაზღვრა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და, შესაბამისად, მისი მართლზომიერად ფლობის ფარგლები.
24. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დასაშვებად ცნობის ფაქტი არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობას, რადგან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე სამართალწარმოებასა და მოცემულ დავას შორის არ იკვეთება იმგვარი კავშირი, რაც გავლენას იქონიებს ამ უკანასკნელი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ მოპასუხის განცხადებაზე მიმდინარე სამართალწარმოება არ არის დასრულებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი სახეზე იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია გააუქმებდა 2010 წლის 24 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებას და განაახლებდა საქმის წარმოებას.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საკითხი, მოცემული საქმის წარმოების შეჩერება არათანაზომიერად ზღუდავს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას. საკუთრების უფლების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის დაცული.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სხვა საქმის განხილვამდე მოცემული საქმის წარმოების შეჩერების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობები, რაც წარდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს., თ., რ., ი., მ. და მ. ა-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე