საქმე №ა-1925-შ-47-2018 3 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – ი. რ-ს ასული ნ., უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორები მოითხოვენ – უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ა-ს ი.რ-ს ასულ ნ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ვაჟიშვილის ა. ა-ს სარჩენად ალიმენტი, ყველა სახის ხელფასისა და სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით, 2017 წლის 15 თებერვლიდან დაწყებული მის სრულწლოვანებამდე; გ. ა-ს დაეკისრა ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფოს შემოსავალში 86 120 (ოთხმოცდაექვსი ათას ას ოცი) სუმის ოდენობით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 26 აპრილის №2926 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის ი. ნ-ს შუამდგომლობა უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც გ. ა-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ასევე უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს შუამდგომლობა გ. ა-სთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
3. უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 20 თებერვალს და არ აღსრულებულა უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
4. უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებიდან და მასზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განჩინებით ი. რ-ს ასულ ნ-სა და უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს შუამდგომლობები უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობებისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2018 წლის 11 მაისს და ჩაბარდა მის დედას - რ. ა-ს 2018 წლის 15 მაისს.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობებზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობებზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობებსა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. რ-ს ასულ ნ-სა და უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს შუამდგომლობები უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენისა და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
12. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით: უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს შუამდგომლობაში, ასევე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს საქართველო, ს-ს რაიონი, სოფელი ე-; მას ამავე მისამართზე ჩაბარდა შუამდგომლობები და თანდართული მასალები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
13. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.
14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ა-ს ი. რ-ს ასულ ნ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ვაჟიშვილის ა. ა-ს სარჩენად ალიმენტი, ყველა სახის ხელფასისა და სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით, 2017 წლის 15 თებერვლიდან დაწყებული მის სრულწლოვანებამდე; გ. ა-ს დაეკისრა ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფოს შემოსავალში 86 120 (ოთხმოცდაექვსი ათას ას ოცი) სუმის ოდენობით; ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 20 თებერვალს და არ აღსრულებულა უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე; მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობებზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
20. შესაბამისად, უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. რ-ს ასულ ნ-სა და უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს შუამდგომლობები უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის შაიხანტახურსკის სამოქალაქო საქმეთა სარაიონთაშორისო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც: გ. ა-ს ი. რ-ს ასულ ნ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ვაჟიშვილის ა. ა-ს სარჩენად ალიმენტი, ყველა სახის ხელფასისა და სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით, 2017 წლის 15 თებერვლიდან დაწყებული მის სრულწლოვანებამდე; გ. ა-ს დაეკისრა ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფოს შემოსავალში 86 120 (ოთხმოცდაექვსი ათას ას ოცი) სუმის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე