Facebook Twitter

საქმე №ა-2035-შ-49-2018 3 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ. ტ

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა-ს ძე ბ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ს ასულ ტ-ს სარჩელი, არასრულწლოვან გ. რ-ის ასულ ბ-ს ინტერესებიდან გამომდინარე, რ. ა-ს ძე ბ-ს მიმართ მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა; 1… წლის … ივნისს დაბადებულ რ. ა-ს ძე ბ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2… წლის … ოქტომბერს დაბადებულ გ- რ-ს ასულ ბ-ს მიმართ.

2. ლ. ტ-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. ლ. ტ-მ იურიდიულ ინტერესად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სურს მისმა შვილმა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.

3. რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 23 ივნისს; მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მონაწილეობდა სასამართლო განხილვაში და სარჩელი ცნო სრული მოცულობით.

4. შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებით ლ. ტ-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა და თანდართული მასალები რ. ა-ს ძე ბ-ს გაეგზავნა 2018 წლის 18 მაისს და ჩაბარდა 2018 წლის 25 მაისს. მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ტ-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ს ასულ ტ-ს სარჩელი, არასრულწლოვან გ. რ-ს ასულ ბ-ას ინტერესებიდან გამომდინარე, რ. ა-ს ძე ბ-ს მიმართ მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა; 1… წლის … ივნისს დაბადებულ რ. ა-ს ძე ბ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2… წლის … ოქტომბერს დაბადებულ გ. რ-ს ასულ ბ-ს მიმართ; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 23 ივნისს; მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მონაწილეობდა სასამართლო განხილვაში და სარჩელი ცნო სრული მოცულობით; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის შესახებ.

14. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ტ-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის მაიკოპის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-ს ასულ ტ-ს სარჩელი, არასრულწლოვან გ- რ-ს ასულ ბ-ს ინტერესებიდან გამომდინარე, რ. ა-ს ძე ბ-ს მიმართ მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა; 1… წლის … ივნისს დაბადებულ რ. ა-ს ძე ბ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2… წლის … ოქტომბერს დაბადებულ გ. რ-ს ასულ ბ-ს მიმართ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე