საქმე №ას-798-798-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ. ქ-ძე, გ. და გ. გ-ძეები (მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“ (მოსარჩელე)
მოპასუხე _ ა. გ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ს. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ძისა (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან მფლობელი) და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების: ნ. ქ-ძის, გ. და გ. გ-ძეების (შემდგომში _ მესამე პირები (იხ. 19.06.2017წ. საოქმო განჩინება), აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან #20....; #20....; #20... უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელმა და მესამე პირებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით მესამე პირების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მესამე პირებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგანაც დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით განმტკიცებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ასევე, ამავე კონვენციის მე-19 მუხლით აღიარებული სახელმწიფოს მოვალეობა, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მიღებული განჩინება ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (White and Kennedy v. Germany; Rotaru c. Roumania no 28341/95, Kopp c. Suisse; Cantal v. France; Sarkisova v. Georgia).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ძის, გ. და გ. გ-ძეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მესამე პირთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა მესაკუთრის სარჩელი ა. გ-ძის მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა მესამე პირთა შუამდგომლობა და დავაში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოპასუხის მხარეს ჩააბა ნ. ქ-ძე, გ. და გ. გ-ძეები. თავად გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი მათი, როგორც მესამე პირების უფლებებს არ შეხებია, რამეთუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით _ სარეზოლუციო ნაწილით ამ უკანასკნელთა მიმართ რაიმე ვალდებულებები არ დადგენილა და გადაწყვეტილება მესამე პირთა, როგორც ინდივიდების უფლებებს არ შეხებია;
1.2.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მხოლოდ მოპასუხის მფლობელობიდან იქნა მოთხოვილი დავის საგანი, მოპასუხესთან ერთად, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მესამე პირებმა და სააპელაციო სასამართლომ მესამე პირთა პრეტენზიის ნაწილში სააპელაციო საჩივარი იმ დასაბუთებით დატოვა განუხილველად, რომ მათ არ გააჩნდათ უფლება, გაესაჩივრებინათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
1.3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირთა წრეს, ესენი არიან: ა) დავის მხარეები და ბ) დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირები. დასახელებული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მათ შორის მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. მესამე პირის ცნებასთან მიმართებით ყურადღება, უნდა გამახვილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე და 89-ე მუხლებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან განარჩევს მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებს და მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს. საკასაციო სასამართლო განსახილველ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რამეთუ ის თავად აცხადებს პრეტენზიას დავის საგანზე და გააჩნია დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პირველი ინსტანციის/სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი უფლებების წინააღმდეგაც იყოს მიმართული და სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, ეძლევა მას გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა (შეად. სსსკ-ის 364-ე და 391.1 მუხლები), რაც შეეხება მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს, მათი პროცესში მონაწილეობა განპირობებულია არა გადაწყვეტილების სუბიექტუნარიანობით, არამედ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების შესაძლო სამომავლო სუბიექტუნარიანობით.
1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ მათ მიმართ დარღვეულია სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება და მიღებული განჩინება განსხვავდება ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლისაგან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე _ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ წარმოადგენს აბსტრაქტულ ცნებას სამართალში და ამ უფლების სუბიექტს წარმოადგენს უფლებადარღვეული პირი. სასამართლო ხელმისაწვდომობის ფართო უფლების კონკრეტულ დეფინიციას იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ უფლებით სარგებლობის სავალდებულო წინაპირობა სხვა უფლების დარღვევა ან სადავოობაა, რაც, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს, კერძოდ, არც მოსარჩელე მოითხოვს სარჩელით მესამე პირთა გამოსახლებას და არც ამგვარი ვალდებულებაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით, შესაბამისად, მხარის პრეტენზიები არ არის დასაბუთებული და ემყარება უფლების დაცვის მხოლოდ თეორიულ წინაპირობებზე მსჯელობას, ამგვარი მიდგომა კი, არც ადამიანის უფლებათა პრეცედენტულ სამართალშია აღიარებული დაცვის ობიექტად.
1.5. პალატა დამატებით განმარტავს, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ორიენტირებულია რა უფლებადარღვეული პირის უფლებრივ რესტიტუციაზე, არაერთხელ წამოჭრილა საკითხი, როდესაც მხარე ფორმალური თვალსაზრისით დავაში უფლების არმქონე პირადაა ჩაბმული, თუმცა გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებრივ მდგომარეობასაც, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყოველთვის ამოწმებს უფლების დარღვევის ნამდვილობას და, მიუხედავად პირის სტატუსისა, თუკი გადაწყვეტილება მის ინტერესებს შეეხება, განსახილველად იღებს საჩივარს (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ-ებები: №ას-705-1078-06, 22 ნოემბერი, 2006 წელი; №ას-253-578-09, 28 მარტი, 2009 წელი; №ას-364-715-07, 16 ივლისი, 2007 წელი; 210-200-2016, 22 აპრილი, 2016 წელი). ამგვარი შემთხვევა, როგორც უკვე აღინიშნა, არ გამოვლენილა.
1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურდა, რომ მესამე პირებს არ გააჩნიათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის სწორი განმარტების შედეგად უთხრა მათ უარი სააპელაციო საჩივრის მიღებაზე, ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული შედავება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ქ-ძის, გ. და გ. გ-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი