საქმე №ას-1168-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ხ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ. ხ–იამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ლ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, მ-ის I მიკრორაიონში, მე-3 კორპუსში მდებარე #55 ბინის (ს/კ #01....--, შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1999 წლის 18 აგვისტოს ვ. თ-სა და ვ. ხ–იას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე გახდა სადავო ბინის მესაკუთრე, მან 2005 წელს დროებით დატოვა საქართველო, ხოლო აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა მისი მეუღლე ე. ხ–ია, რომელიც გარდაიცვალა 2007 წლის 22 სექტემბერს. მეუღლის გარდაცვალების შესახებ მესაკუთრეს შეატყობინა ნაცნობმა ქალბატონმა, რომელსაც მოსარჩელემ დართო ნება, ანაზღაურების გარეშე ეცხოვრა მის სადავო ბინაში. ამ ქალბატონის გარდაცვალების შემდგომ, 2015 წელს მოსარჩელემ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, თუმცა ვერ ახერხებს კუთვნილი ბინით სარგებლობას, რადგან მესაკუთრის უფლებებს ხელყოფს მისთვის უცნობი პირი - მოპასუხე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა სარჩელში მითითებული გარემოებების წინააღმდეგ შედავება არ წარმოუდგენია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 1999 წლის 18 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე და საჯარო რეესტრში უძრავი ქონება რეგისტრირებულია მის სახელზე;
1.2.2. მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რეგისტრირებულ ბინას ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე;
1.2.3. მოპასუხეს არ წარუდგენია მფლობელობის მართლზომიერი უფლების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი (საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.5, 219.1, 380.2 და 407.1 მუხლების საფუძველზე, შეფასების გარეშე ტოვებს კასატორის პრეტენზიებს, რადგანაც მას შესაგებელში მათ თაობაზე დადგენილი წესით არ მიუთითებია და ეს ფაქტები არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან დადგენილა (საკასაციო საჩივარში მფლობელი განმარტავს, რომ მოსარჩელის გარდაცვლილი მეუღლისა და სარჩელში მითითებული ლ-ეს, რომელიც ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა გარდაცვლილთან, შეეძინათ შვილი _ ნ. ხ–ია, სწორედ, ლ.მ-ემ აცნობა მესაკუთრეს მეუღლის გარდაცვალების ფაქტი, ხოლო მოსარჩელემ ყოველგვარი სასყიდლის გარეშე დართო მას ნება, ესარგებლა ბინით. კასატორსა და ლ.მ-ეს შორის 2008 წლის 4 ივლისს დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე გ-ის ხევში, მე-2ა კორპუსის #154 ბინაზე და ქონება სარგებლობაში გადაეცა მოპასუხეს, ხოლო ლ.მ-ის გარდაცვალების შემდგომ ხსენებული ხელშეკრულება გააგრძელა მფლობელმა ნ.ხ–იასთან შეთანხმებით, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე მფლობელად არ ითვლება, არამედ, ის მფლობელობას ნ.ხ–იას სასარგებლოდ ახორციელებს), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იპოთეკა, სამოქალაქო კოდექსის 289-ე და 3111 მუხლების საფუძველზე, ფორმასავალდებულო გარიგებაა და ნამდვილობის თვალსაზრისით, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც არაუფლებამოსილი პირის მხრიდან, არ დგინდება, უფრო მეტიც, კასატორი იპოთეკის საგნად მიუთითებს სხვა ქონებას, რომელიც განსახილველი დავის საგანს სცდება) და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველი დავა წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფძველზე, ნახევრდება და შეადგენს 150 ლარს. კასატორმა საკუთარი ინიციატივით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი ექვემდებარება მხარისათვის დაბრუნებას. რაც შეეხება დარჩენილ 150 ლარს, ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. ლ-ეს (პ/#6-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი. ლ–ის მიერ მის მაგივრად 27.07.2018წ. #17215418 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი, სულ _ 255 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური