საქმე №ას-1627-2018 29 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ა-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 1 679,9 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ა–ს“ (შემდგომ – შპს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს-მ იკისრა ვალდებულება, ძველი თბილისის რაიონში შეეკეთებინა მთაწმინდის ზონის გზები და ქუჩები.
3. 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ს ოდენობით.
4. 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 12 თებერვალს შპს-ს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია 20 400 ლარის ოდენობით.
5. 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შპს-მ დაარღვია, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებით.
6. 2013 წლის 19 მაისის მდგომარეობით, შპს-ს მიერ შესრულებული იყო 78 944,61 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო შესასრულებელი – 601 054,86 ლარის ღირებულების სამუშაო. 601 054,86 ლარის 3% შეადგენდა 18 031,65 ლარს.
7. 2014 წლის 31 იანვარსა და 2014 წლის 25 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება. მოპასუხემ ბენეფიციარს გადაუხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილი – 16 351,75 ლარი, ხოლო 1 679,9 ლარის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2014 წლის 25 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილობით მიმართა მას და მოსთხოვა 16 351,75 ლარის ანაზღაურება. მოპასუხემ მოთხოვნილი თანხა აანაზღაურა.
9. 2014 წლის 25 ივლისს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიმართა მოპასუხეს და 1 679,9 ლარის გადახდის მოთხოვნით. 2013 წლის 12 თებერვალს გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 1 თებერვლამდე. ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხეს 1 679,9 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა საბანკო გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც მოპასუხემ უარი განაცხადა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს-მ იკისრა ვალდებულება, ძველი თბილისის რაიონში შეეკეთებინა მთაწმინდის ზონის გზები და ქუჩები.
13. 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ს ოდენობით.
14. 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს-ს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 12 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 20 400 ლარს, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
15. 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შპს-მ დაარღვია და შეთანხმებული სამუშაო შეასრულა 30 დღეზე მეტი ვადის გადაცილებით.
16. 2014 წლის 31 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხეს წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა შპს-ს მიერ 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 16351,7475 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.
17. 2014 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა 16 351,75 ლარი.
18. 2014 წლის 25 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილი გაუგზავნა მოპასუხეს და, შპს-ს მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მოსთხოვა 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხიდან დამატებით 1679,9 ლარის ანაზღაურება.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 879-ე მუხლის, 880-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება.
21. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.
22. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილით, 887-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ, როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სსკ-ის 885-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია, გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება.
23. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 1 თებერვლამდე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის - 1 679,9 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა 2014 წლის 25 ივლისს. ამდენად, აპელანტის მიერ მოთხოვნა წარდგენილ საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, უარი განეცხადებინა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სსკ-ის 885-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად. შესაბამისად, სააპლაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მან ძირითადი მოთხოვნა წარადინა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, ხოლო მოთხოვნის შემდგომი დაზუსტება არ ქმნის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს და განმარტა, რომ 2014 წლის 25 ივლისს მოთხოვნა წარმოადგენდა ცალკე, დამოუკიდებელ მოთხოვნას და არა მოთხოვნის დაზუსტებას, რის გამოც იგი ვერ განიხილება საბანკო გარანტიის ვადაში წარდგენილ მოთხოვნად.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
26. კასატორმა მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ საბანკო გარანტიის ანაზღაურების შესახებ ძირითადი მოთხოვნის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში წარდგენის ფაქტი, ხოლო განმეორებითი მოთხოვნით თანხის ოდენობა შემდგომ დაზუსტდა, რაც არ ქმნის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს.
27. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ გარანტს უნდა წარედგინოს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, თუმცა სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს თავდაპირველად მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე – 2014 წლის 31 იანვარს. არსებით გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დროულად მოახდინა თავისი უფლების რეალიზება და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, რაც გარანტის მიერ არ შესრულებულა. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი მოთხოვნა აკმაყოფილებდა სსკ-ის 885-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც წარმოშობდა გარანტის ვალდებულებას ამავე კოდექსის 879-ე და 886-ე მუხლების საფუძველზე მოეხდინა ბენეფიციარისათვის ანგარიშსწორება მისივე მოთხოვნის ფარგლებში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა მოცემული დავის მოსაწესრიგებლად შესაბამისი ნორმები და, აღნიშნულის ნაცვლად, გადაწყვეტილება დააფუძნა სამართლის იმ ნორმებს, რომლის გამოყენების შესაძლებლობას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა.
28. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს აღნიშნული გარემოება და ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტის მიმართ წარდგენილ იქნა ვადაში, რაც დაზუსტებულ იქნა 2014 წლის 25 ივლისის წერილით.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
32. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს-მ იკისრა ვალდებულება, ძველი თბილისის რაიონში შეეკეთებინა მთაწმინდის ზონის გზები და ქუჩები.
33. 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ს ოდენობით.
34. 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს-ს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 12 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 20 400 ლარს, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
35. 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შპს-მ დაარღვია და შეთანხმებული სამუშაო შეასრულა 30 დღეზე მეტი ვადის გადაცილებით.
36. 2014 წლის 31 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხეს წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა შპს-ს მიერ 2013 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 16351,7475 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.
37. 2014 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა 16 351,75 ლარი.
38. 2014 წლის 25 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილი გაუგზავნა მოპასუხეს და, შპს-ს მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მოსთხოვა 2013 წლის 12 თებერვლის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხიდან დამატებით 1679,9 ლარის ანაზღაურება.
39. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ საგარანტიო თანხის მოთხოვნით აპელანტს მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე – 2014 წლის 31 იანვარს, ხოლო 2014 წლის 25 ივლისის წერილით მხოლოდ დააზუსტა მოთხოვნა, რაც საბანკო გარანტიის ვადის გაშვებით მოპასუხისათვის მიმართვად არ უნდა შეფასდეს.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან მომდინარე ვალდებულება, რომლის შესაბამისად საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სსკ-ის 879-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით – არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება – ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. სსკ-ის 887-ე მუხლის ეს დანაწესი უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის საიმედოობას და იმავდროულად, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ საბანკო გარანტიით გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. ამასთან, კრედიტორის(ბენეფიციარის) მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად წარდგენილი პირობებით საბანკო გარანტიის არჩევა, ნიშნავს მის თანხმობას ამ პირობებზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
43. საკასაციო სასამართლო, საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, უთითებს, რომ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილეები არიან რა ბენეფიციარი, პრინციპალი და გარანტი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ფაქტობრივად ორი ხელშეკრულება იდება: 1. გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულება (სსკ-ის 880-ე მუხლი) და 2. თვით საბანკო გარანტია, რომელიც ცალმხრივი გარიგებაა და წარმოშობს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ (სსკ-ის 879-ე მუხლი). ამავდროულად, საბანკო გარანტიის გაცემით გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობა დამოუკიდებელია იმ ძირითადი ვალდებულებებისაგანაც, რომლის შესრულების უზრუველსაყოფადაც არის ის გაცემული (სსკ-ის 881-ე მუხლი).
44. სსკ-ის 885-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. ამდენად, მხარეები თავისუფალი არიან საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრის წესში, რაც შეიძლება დამოკიდებული იყოს როგორც კალენდარულ თარიღზე, რაიმე პირობაზე, რაიმე მოვლენის დადგომაზე, ასევე, რაიმე მოქმედების შესრულებაზე (იხ. სუსგ 20.10.2009წ. საქმე №ას-562-871-09).
45. მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარისათვის წარდგენილ საბანკო გარანტიაში განსაზღვრულია გარანტიის მოქმედების ზუსტი ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 2014 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
46. განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მიმართა თუ არა მოსარჩელემ სადავო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეს საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ ვადაში.
47. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ მოსარჩელის 2014 წლის 31 იანვარის წერილობით მოთხოვნაზე საბანკო გარანტიის ფარგლებში განსაზღვრული კონკრეტული თანხის ოდენობის – 16351,7475 ლარის ანაზღაურების შესახებ (ს.ფ 23).
48. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოპასუხემ აღნიშნული თანხა სრულად დაფარა და არც მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია მითითებულ ნაწილში არ გააჩნია.
49. ამავდროულად, სარჩელს ერთვის მოსარჩელის განმეორებითი წერილობითი მიმართვა მოპასუხისათვის, რა დროსაც მისთვის საბანკო გარანტიით ასანაზღაურებელ თანხად მიუთითა უკვე 18031,65 ლარი (საიდანაც ფაქტობრივად გადასახდელი და სადავო დარჩა 1679,9 ლარი). აღნიშნული მიმართვა დათარიღებულია 2014 წლის 25 ივლისით (ს.ფ 25).
50. საკასაციო პალატა აღნისნავს, რომ მართალია, საბანკო გარანტიის გაცემა და მისი ნამდვილობა სადავო არ არის, მაგრამ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მაინც ვერ მიიღწევა, რადგან სახეზეა მოთხოვნის გამომრიცხველი ის გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 885-ე მუხლის მეორე ნაწილით, კერძოდ, დარღვეულია საბანკო გარანტიის საფუძველზე ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წარდგენის ვადა (შეად. სუსგ ას- 755-706-2017, 11.07.2017, პ.18.2; სუსგ ას-894-834-2017, 03.11.2017, პ.46; სუსგ ას- 960-925-2016, 27.09.2017, პ.55; სუსგ ას-1595-1498-2012, 01.11.2013).
51. ყოველივე ზემოაღნიშნულის შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის იმ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელემ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული სადავო მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძვლის არსებობას გამორიცხავს.
52. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
53. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
54. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
55. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე