Facebook Twitter

საქმე #ას-61-2019 28 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ქ-იას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – მ. ქ-იას სარჩელის გამო, ა. ქ-იასა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ქ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება, მ.ქ-იას გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 13 დეკემბერს ჩაბარდა პირადად (ტ.II, ს.ფ.133).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 14 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 25 დეკემბერს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივრით კი დასტურდება რომ, კერძო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2018 წლის 28 დეკემბერს, რაც უტყუარად ადასტურებს კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევას. აღნიშნული კი, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მ.ქ-იას განცხადება, რომლითაც ის მოითხოვს კერძო საჩივრის ვადაში წარდეგნილად მიჩნევას იმ საფუძვლით, რომ ავად იყო და იმყოფებოდა კლინიკაში. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად განცხადებას ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ მ.ქ-იამ ექიმს მიმართა 2018 წლის 28 დეკემბერს. წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც კერძო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მ.ქ-იას მიერ წარმოდგენილ განცხადებასა და მასზე დართულ მტკიცებულებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-იას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე