საქმე №ას-160-150-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – გ. შ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მეორე კასატორი – ჯ. მ-ე (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება რემონტზე გაწეული ხარჯის - 20 000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2012 წლის 30 აპრილს ჯ. მ-ეს (შემდეგში: მოპასუხე ან მეორე კასატორი ან გამყიდველი ან მესაკუთრე) და გ. შ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე ან პირველი კასატორი ან მყიდველი ან იპოთეკარი) შორის ბ-ში, გ–ის ქ.N18/20-ში მდებარე N36 ბინაზე (შემდეგში: ნასყიდობის საგანი ან იპოთეკის საგანი) გაფორმდა „უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“ (შემდეგში: ხელშეკრულება).
2. ხელშეკრულებით ნასყიდობის ღირებულება შეადგენდა 23000 აშშ დოლარს.
3. ხელშეკრულებით 23000 აშშ დოლარზე გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მთლიან თანხაზე შეადგენდა 5%-ს (1150 აშშ დოლარს), რომელიც უძრავი ქონების გამოსყიდვამდე უნდა გადაეხადა გამყიდველს მყიდველისათვის.
4. გამოსყიდვის ვადა შეადგენდა სამ თვეს - 2012 წლის 30 აპრილიდან 2012 წლის 30 ივლისამდე.
5. მყიდველმა გამყიდველს გადასცა 23 000 აშშ დოლარი და ნასყიდობის საგანი აღირიცხა მყიდველის საკუთრების უფლებით.
6. მოპასუხეს ნასყიდობის საგანი გამოსყიდვის ვადაში არ გამოუსყიდია.
7. ამ განჩინების პ-1-ში მითითებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე იმსჯელა ბ. საქალაქო სასამართლომ და 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების პ-1-ში მითითებული „ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“. ნასყიდობის საგანი კვლავ აღირიცხა მოპასუხის საკუთრების უფლებით. იმავდროულად, ნასყიდობის საგანი დაიტვირთა იპოთეკით მოსარჩელის სასარგებლოდ 23000 აშშ დოლარზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლის თანახმად, სესხი გაიცა სამი თვის ვადით ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლით. იმავე გადაწყვეტილებით მოსარჩელის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდა 3450 აშშ დოლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
8. აღსანიშნავია, რომ ამ განჩინების პ-7-ში მითითებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების მიხედვით მხარეებს შორის ამ განჩინების პ-1-ში მითითებული ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეთა განზრახვა არ ყოფილა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ხელშეკრულების გაფორმების რეალურ მიზანს წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მყარი გარანტიის შექმნა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 50-ე, 56-ე მუხლები].
9. ამ განჩინების პ-8-ში მითითებული დასკვნის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების პ-1-ში მითითებული ხელშეკრულება და მხარეთა შორის წარმოშობილად იქნა მიჩნეული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა 23000 აშშ დოლარზე სამი თვის ვადით, 5%-იანი სარგებლის დარიცხვის უფლებით. ვალდებულების უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით დაიტვირთა ნასყიდობის საგანი [სსკ-ის 623-ე, 286-ე მუხლები].
10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგე, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 23 000 აშშ დოლარის დაკისრება და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რელიზაციის გზით მოთხონის დაკმაყოფილება, ასევე, 20 000 ლარის დაკისრება.
11. სარჩელი 23 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში ეყრდნობა ამ განჩინების პპ: 7-9-ში მითითებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს სესხის თანხა 23000 აშშ დოლარი [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 106-ე მუხლი], ხოლო მოთხოვნა 20 000 ლარის დაკისრების ნაწილში ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის საგანი მოსარჩელეს გადაეცა დაშლილ მდგომარეობაში. 2013 წლის 12 აპრილიდან ნასყიდობის საგანზე მოსარჩელემ განახორციელა სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც გაიღო 20 000 ლარი [სსკ-ის 976-ე 979-ე მუხლები, იხ., სარჩელის სამართლებრივი საფუძველი - ს.ფ. 9, 10].
12. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების მუდმივად შემაფერხებელი შედავება, რომელშიც აღნიშნა, რომ მოთხოვნა 23 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმული იყო, რადგან სესხი გაიცა 2012 წლის 30 აპრილს 3 თვის ვადით, ხოლო სარჩელი აღიძრა 2016 წლის თებერვალში. სარემონტო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში კი, მოპასუხემ მარტივი შედავებით უარყო მოსარჩელის მიერ დასახელებული ხარჯის გაწევის ფაქტობრივი გარემოება.
13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12910,13 ლარის გადახდა. სესხის - 23000 აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი ანაზღაურება დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით.
14. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა ამ განჩინების პპ-1-9-ში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
15. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07/04/2016 წლის დასკვნით, ნასყიდობის საგნის რემონტზე მოსარჩელემ დახარჯა 12910.13 ლარი.
16. დადგენილია, რომ მოპასუხის მიმართ, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული საპროცენტო სარგებლის - 3450 აშშ დოლარის გადახდაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.
17. სასამართლომ უარყო მოპასუხის შედავება 23000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ 23000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნა წარმოიშვა 2012 წლის 01 აგვისტოდან, არამედ 2014 წლის 29 სექტემბრიდან, როდესაც სასამართლომ დაადგინა მხარეთა შორის ნამდვილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა [სსკ-ის 50-ე, 623-ე და 129.1 მუხლები].
18. ამასთან, ნასყიდობის საგანზე გაწეულ სარემონტო სამუშაოებზე სასამართლომ ნაცვლად 20000 ლარისა, დადასტურებულად მიიჩნია 12910 ლარის გაწევის ხარჯი [იხ., სსიპ ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 07 აპრილის დასკვნა, სსსკ-ის 162-ე, 105-ე, 102-ე მუხლები]. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 987-ე მუხლი მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ხარჯი იმის გამო გაიღო, რომ ნასყიდობის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენდა (იხ., ამ განჩინების პპ: 1 -5).
19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
20. მოპასუხის სააპელაციო საჩივრით კვლავ სარჩელის ხანდაზმულობა გახდა სადავო (იხ., ამ განჩინების პ- 12), ხოლო რემონტზე გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში, მოპასუხემ სადავო გახადა ექსპერტიზის დასკვნის შეფასება (იხ., ამ განჩინების პ- 18) და აღნიშნა, რომ საექსპერტო დასკვნიდან არ ირკვეოდა, თუ რის საფუძველზე მივიდა ექსპერტი დასკვნამდ. ექსპერტს არ შეუსწავლია ადგილზე არსებული მდგომარეობა და დაეყრდნო მხოლოდ მხარის განცხადებას და სურათებს. საქმეზე დაკითხულმა მოწმემ კი, სხვა თანხა დაასახელა.
21. მოსარჩელემ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში რემონტზე გაწული ხარჯის სრულად დაკისრება მოითხოვა.
22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სარემონტო ხარჯის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში, მოთხოვნა უარყოფილი იქნა. შესაბამისად იქნა უარყოფილი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი რემონტზე გაწული ხარჯის სრულად დაკისრების შესახებ.
23. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ: 1-9-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
24. სააპელაციო სასამართლომ უარყო მოპასუხის (აპელანტი) შედავება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და მოთხოვნის წარმოშობა მართალია დაუკავშირა 2012 წლის 30 ივლისს (ამ განჩინების პ-1-ში მითითებული სამართლებრივი ურთიერთობა), თუმცა მოთხოვნის დენა შეწყვეტილად მიიჩნია 2013 ლის 15 თებერვალს [სსკ-ის 138-ე, 139-ე, 140-ე მუხლები] ანუ, იმ თარიღიდან, რომელ დღესაც, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას იპოთეკის საგნის გამყიდველის (მოსარჩელე) მფლობელობიდან გამოთხოვნის მოთხოვნით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მესაკუთრის მფლობელობიდან იპოთეკის საგნის გამოთხოვნით, იპოთეკარი შეეცადა მოთხოვნის დაკმაყოფილებას სხვა შესრულებით [სსკ-ის 428-ე მუხლი]. შესაბამისად, 2013 წლის 15 თებერვალი მიჩნეული იქნა მოსარჩელის მიერ აღმასრულებელი მოქმედების განხორციელების დღედ და მაშასადამე, მოთხოვნის ხანდაზმულობის შეწყვეტის თარიღად.
25. რაც შეეხება რემონტზე გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის წარმატებას, ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონებას, დღემდე, მოსარჩელე ფლობს. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქონების დაუფლების შემდეგ, მოსარჩელემ ქონება გაარემონტა, რაშიც დახარჯა 12 910,13 ლარი. მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 987-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ გარემონტებულ უძრავ ნივთს ჯერ კიდევ მოსარჩელე ფლობს და იგი მოპასუხეს არ დაბრუნებია. შესაბამისად, სარგებელი, ე.ი. შემოსავალი ანდა უპირატესობა ამ ნივთის გარემონტების შედეგად მოპასუხეს არ მიუღია. ამის შესაბამისად, ნივთზე გაწეული ხარჯით მოპასუხე არ გამდიდრებულა. დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება კი კრედიტორს, მხოლოდ, მოვალის გამდიდრების შემთხვევაში გააჩნია.
26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.
27. პირველი კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას რემონტზე გაწეული ხარჯის - 12910.13 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებას.
28. პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი ეფუძნება ამ განჩინების პპ:1-12-ით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. იმავდროულად, პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია ფულადი ვალდებულება. შესაბამისად, 2012 წლის 30 ივლისიდან ნასყიდობის (იპოთეკის) საგნის მესაკუთრე გახდა მოსარჩელე. ამის შემდგომ, მოპასუხე იძლეოდა დაპირებას ვალის გადახდის თაობაზე, მაგრამ იგი პირობას არ ასრულებდა. მოსარჩელემ 2012 წლის 30 ნოემბერს განცხადება წარადგინა საჯარო რეესტრში და მოითხოვა ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია. ამ განცხადების საფუძვლზე 2012 წლის 06 დეკემბერს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით მოსარჩელე გახდა ამ ბინის სრულუფლებიანი მესაკუთრე. საბოლოოდ, მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა პოლიციის ორგანოებისათვის და მოეთხოვა მოპასუხის იძულებითი წესით გამოსახლება. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა 2013 წლის 12 აპრილს შეადგინა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი, რომლის საფუძველზე მოპასუხე მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა ამ ბინიდან და ეს ბინა მოსარჩელეს ჩამბარდა თავისუფალ მდგომარეობაში. მოპასუხემ წაიღო ყველა აუცილებელი ნივთები, რაც ბინაში ცხოვრებისთვის არის აუცილებელი. მათ შორის, აბანოს აქსესუარები და სხვა. ამ ბინაში ცხოვრება ფიზიკურად არ შეიძლებოდა. ამიტომაც, მოსარჩელემ ჩაატარა 20 000 ლარის სარემონტო სამუშაოები. მთელი ერთი წლის განმავლობაში მოპასუხეს რაიმე ფორმით პრეტენზია არ გამოუთქვამს ამ ბინასთან დაკავშირებით. უდავოა, რომ გარემონტებულ უძრავ ნივთს ჯერ კიდევ, მოსარჩელე ფლობს და მოპასუხეს არ დაბრუნებია. საააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არავითარი სარგებელი, ე.ი. შემოსავალი ანდა უპირატესობა ამ ნივთის გარემონტების შედეგად მოპასუხეს არ მიუღია. სასამართლოს დამტკიცებულად უნდა მიეჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს და შესაბამისად, მოსარჩელეს ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ გაწეული დანახარჯების ანაზღაურება.
29. პირველი კასატორი მიუთითებს ამ განჩინების პ-8-ში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს დღემდე არ დაუბრუნებია მოსარჩელისათვის თანხა. საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმიდან (ს.ფ. 36) დგინდება, რომ 2013 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სამმართველოს და მოითხოვა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების მოვალის მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის გადაცემა. მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2013 წლის 12 აპრილს ქონება მოსარჩელეს გადაეცა. 2013 წლის 15 თებერვალს, უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვის გზით, განახორციელა აღმასრულებელი მოქმედება. მოთხოვის ხანდაზმულობის ვადა გადიოდა 2015 წლის 30 ივლისს. ამის შესაბამისად, მან აღმასრულებელი მოქმედება განახორციელა ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, ე.ი. ამით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. გარდა ამისა, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ, მოსარჩელემ თავადაც აღძრა სარჩელი მოვალისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლომ სარჩელი 2014 წლის 29 სექტემბერს დააკმაყოფილა, მას იგი 2015 წლის 30 ივლისამდე აღუძრავს. ამის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა 2015 წლის 15 თებერვლიდან შეწყვეტილად რომც არ ჩავთვალოთ, სარჩელი ხანდაზმული მაინც არ იქნებოდა. იურიდიულად შესაფასებელია ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვის აღიარებდა მის ვალდებულებებს მოსარჩელის მიმართ და აცხადებდა რომ მას ქონდა ვალი, რაც დღემდე არ გადაუხდია. ამ საქმეზე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებთან გვაქვს საქმე, ხოლო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა იპოთეკა, რაც უკვე საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული.
30. მეორე კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.
31. მეორე საკასაციო საჩივრით კვლავ მოთხოვნის ხანდაზმულობაა სადავო.
32. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხემ 2012 წლის 30 აპრილს მოსარჩელისაგან ისესხა 23 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით ანუ, სესხის თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2012 წლის 30 ივლისს. მოსარჩელემ კი, სარჩელი ამ მოთხოვნით აღძრა 2016 წლის თებერვალში.
33. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო პრაქტიკით თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების ორივე მხარე შეთანხმებულად, შეგნებულად მოქმედებს და ფარავენ სხვა გარიგებას ანუ, დებენ თავლთმაქცურ გარიგებას [სსკ-ის 56-ე მუხლი]. ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 30 აპრილს დადებული ხელშეკრულება ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას, რაც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით, მიუთითებს იმაზეც, რომ მოსარჩელემ თავიდანვე იცოდა, რომ რეალურად აფორმებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას 3 თვის ვადით და რომ თანხის მოთხოვნის ვადა დაიწყებოდა 2012 წლის 30 ივლისიდან და ამ მოთხოვნაზე ვრცელდებოდა 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ამოიწურა 2015 წლის 30 ივლისს.
34. ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის მნიშვნელობას კასატორი უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს და ამ თვალსაზრისით, მიუთითებს საქმეზე ას-375-352-2014. კასატორი აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის დენის დაწყების ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად თუ, როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა (საქმე №ას-856-806-2015).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 02 მარტის განჩინებით პირველი საკასაციო საჩივარი 7089,87 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, კასატორის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო პირველი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე 12910.13 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად,
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 02 მარტის განჩინებით მეორე კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მეორე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად,
37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით პირველი და მეორე საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.
38. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, პირველი და მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
39. მეორე საკასაციო საჩივრით შედავებულია მოპასუხისათვის 23 000 აშშ დოლარის დაკისრების მართლზომიერება ხანდაზმულობის სამართლებრივი საფუძვლით (იხ., ამ განჩინების პპ: 32-35). მეორე კასატორი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს 2012 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებით („უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“) განსაზღვრული 3-თვიანი ვადის დასასრულს (იხ., ამ განჩინების პ - 1). მეორე კასატორის მოსაზრებით, მითითებული ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა სადავო თანხა 3 თვის ვადით ანუ, დაბრუნების თარიღი განისაზღვრა 2012 წლის 30 ივლისით და მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტიც იწყება 2012 წლის 30 ივლისიდან [სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი და 130-ე მუხლი]. მით უფრო, რომ 2012 წლის 30 აპრილის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი ხელშეკრულების თვალთმაქცურობისა და მხარეთა შორის წარმოშობილი სესხის რეალური ხელშეკრულებისათვის მყარი გარანტიის შექმნის მიზნით (იხ., ამ განჩინების პ -7). მაშასადამე, მეორე კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ იმთავითვე იცოდა, რომ დებდა სესხის ხელშეკრულებას 3 თვის ვადით და მოთხოვნის ხანდაზმულობა 3-წლიანი ვადით შემოიფარგლებოდა.
40. საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ, რამდენადაც მათ მიმართ საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის:
41. 2012 წლის 30 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა „უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“. ხელშეკრულებით ნასყიდობის ღირებულება შეადგენდა 23000 აშშ დოლარს. ხელშეკრულებით 23000 აშშ დოლარზე გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მთლიან თანხაზე შეადგენდა 5%-ს (1150 აშშ დოლარს), რომელიც უძრავი ქონების გამოსყიდვამდე უნდა გადაეხადა გამყიდველს მყიდველისათვის. გამოსყიდვის ვადა შეადგენდა სამ თვეს - 2012 წლის 30 აპრილიდან 2012 წლის 30 ივლისამდე. მყიდველმა გამყიდველს გადასცა 23 000 აშშ დოლარი და ნასყიდობის საგანი აღირიცხა მყიდველის საკუთრების უფლებით. მოპასუხეს ნასყიდობის საგანი გამოსყიდვის ვადაში არ გამოუსყიდია.
42. ამ განჩინების პპ: 1, 41-45-ში მითითებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე იმსჯელა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების პ-1-ში მითითებული „ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“. ნასყიდობის საგანი კვლავ აღირიცხა მოპასუხის საკუთრების უფლებით. იმავდროულად, ნასყიდობის საგანი დაიტვირთა იპოთეკით მოსარჩელის სასარგებლოდ 23000 აშშ დოლარზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლის თანახმად, სესხი გაიცა სამი თვის ვადით ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლით.
43. აღსანიშნავია, რომ ამ განჩინების პპ: 7, 47-ში მითითებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების მიხედვით მხარეებს შორის ამ განჩინების პ-1-ში მითითებული ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეთა განზრახვა არ ყოფილა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ხელშეკრულების გაფორმების რეალურ მიზანს წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მყარი გარანტიის შექმნა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 50-ე, 56-ე მუხლები].
44. ამ განჩინების პ-8-ში მითითებული დასკვნის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების პ-1-ში მითითებული ხელშეკრულება და მხარეთა შორის წარმოშობილად იქნა მიჩნეული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა 23000 აშშ დოლარზე სამი თვის ვადით, 5%-იანი სარგებლის დარიცხვის უფლებით. ვალდებულების უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით დაიტვირთა ნასყიდობის საგანი [სსკ-ის 623-ე, 286-ე მუხლები] (იხ., აღნიშნულ დავაზე გამოტანილი სუს-ს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება, Nას-301-288-2015,).
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შესაძლებელია საქმეზე მხოლოდ სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების გზით. მართლმსაჯულების შედეგი სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს. „ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3.).
46. საგულისხმოა, რომ ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული – ამა თუ იმ უფლების, ინტერესის დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევიდან გარკვეული ვადით არის შეზღუდული (იხ.,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
47. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. ასე მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების ვადები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 397-ე მუხლები). თუ განსაზღვრულ ვადებში მხარე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და პირი კარგავს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
48. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან.
49. ზემოაღნიშნული რისკები, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა მეტი საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს მოპასუხე მხარისთვის. ხანგრძლივი დროის შემდეგ დავის განახლება მათ ავტომატურად აყენებს საჭიროების წინაშე, ხელახლა მოიძიონ მტკიცებულებები, რომლებიც მათი პოზიციის მართებულობას დაადასტურებდა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა რთული ან შეუძლებელიც იყოს – მტკიცებულებები შესაძლოა ბუნებრივად აღარ არსებობდეს ან არასათანადო იყოს. შედეგად, მოპასუხემ შესაძლოა საკუთარი ინტერესი ვერ დაიცვას უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ერთ-ერთი მიზანია მხარის ინტერესების დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის მიზეზით.
50. მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადები ხელს უწყობს ფაქტების, მტკიცებულებების შემოწმების სანდოობას. ხანდაზმულობის ვადების დაწესების ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სწორედ ის, რომ მტკიცებულებათა საიმედოობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და შენარჩუნებული იქნეს. ბუნებრივია, მტკიცებულებებს საფრთხე ხანდაზმულობის ვადებშიც შეიძლება შეექმნას, ამიტომ ეს ინსტიტუტი ვერ იქნება მტკიცებულებათა უტყუარობის შენარჩუნების აბსოლუტური გარანტია, მას მხოლოდ ასეთი რისკების შეძლებისდაგვარად შემცირება შეუძლია.
51. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „ ... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ. 51).
52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).
53. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს სარჩელის მოთხოვნის განხორციელების მუდმივად შემაფერხებელი შედავების (ხანდაზმულობა) მნიშვნელობაზე. იმავდროულად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მეორე კასატორის შედავებას მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი.
54. საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიმართაც კასატორს შედვება არ წარმოუდგენია და რომელთა მიხედვით 2012 წლის 30 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა „უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“. მითითებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე იმსჯელა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების პ-1-ში მითითებული „ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“. ნასყიდობის საგანი კვლავ აღირიცხა მოპასუხის საკუთრების უფლებით. იმავდროულად, ნასყიდობის საგანი დაიტვირთა იპოთეკით მოსარჩელის სასარგებლოდ 23000 აშშ დოლარზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლის თანახმად, სესხი გაიცა სამი თვის ვადით ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლით.
55. მაშასადამე, სესხის სახით გაცემული 23 000 აშშ დოლარის უკუმოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა არა 2012 წლის 30 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც თვალთამქცურობის სამართლებრივი საფუძვლით [სსკ-ის 56-ე მუხლი] ბათილადაა ცნობილი (იხ., აღნიშნულ დავაზე სუსგ Nას-301-288-2015, 20.11.2015წ), არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანიდან, როდესაც თვალთმაქცურ გარიგებად იქნა აღიარებული 2012 წლის 30 აპრილის ხელშეკრულება და დადგინდა მხარეთა რეალური მიზნის - სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა 23 000 აშშ დოლარზე.
56. მეორე კასატორს მოსაზრება, რომ ვინაიდან მოსარჩელემ თავიდანვე იცოდა, რომ დებდა თვალთმაქცურ გარიგებას უძრავ ქონებაზე, სინამდვილეში კი, მხარეთა მიზანს სესხის ხელშეკრულებისათვის მყარი გარანტიის შექმნა წარმოადგენდა, ამიტომ 23 000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობა თვალთმაქცური გარიგებით განსაზღვრულ პერიოდს უკავშირდება (2012 წლის 30 ივლისი), ვერ იქნება გაზიარებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებითაა დადგენილი მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილი მიზანი (სესხის ხელშეკრულება), რომლის მოთხოვნის წარმოშობის მომენტიც ამავე გადაწყვეტილების გამოტანის თარიღს უკავშირდება. შესაბამისად, რომ არა აღნიშნული გადაწყვეტილება სახეზე იქნებოდა სხვა სამართლებრივიურთიერთობა სხვაგვარად განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებით. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ მეორე კასატორის აღნიშნული პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაშიც კი, კერძოდ, რომ კასატორი გარკვეული იყო გარიგების ნამდვილ შინაარსში და იცნობდა საკუთარ ნებას სასესხო ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე, ვერ ექნება გავლენა 23 000 აშშ დოლარის დაბრუნების ხანდაზმულობასთან მიმართებით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სამართლაურთიერთობაზე გავრცელდება გარიგების ბათილობიდან გამომდინარე მოთხოვნის საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.
57. ზემოაღნიშნულ;იდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტს მოთხოვნის ხანდაზმულობის არარსებობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ამ არგუმენტის გასაქარწყლებლად კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, მეორე საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
58. რაც შეეხება პირველ საკასაციო პრეტენზიას, საგულისხმოა, რომ პირველმა კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ 12910.13 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. მოთხოვნის მითითებულ ნაწილში მოსარჩელის (პირველი კასატორი) მოთხოვნა ემყარება ნასყიდობის საგანზე ხარჯის გაწევას, რომელ ხარჯსაც პირველი კასატორი აუცილებელ ხარჯად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ პოლიციის მეშვეობით ნასყიდობის საგნიდან გამოსახლებისას წაიღო აუცილებელი ნივთები, რაც ბინაში ცხოვრებისთვის არის აუცილებელი. მათ შორის, აბანოს აქსესუარები და სხვა. ამ ბინაში ცხოვრება ფიზიკურად არ შეიძლებოდა. ამიტომაც, მოსარჩელემ ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. იმავდროულად, გარემონტებულ უძრავ ნივთს ჯერ კიდევ თვითონ ფლობს და მოპასუხეს ბინა არ დაბრუნება (იხ., ამ განჩინების 28).
59. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში, პირველ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტების კვლევისა და დადგენის პროცესს სასამართლო ვერ დაიწყებს მანამ სანამ, ზუსტად და სწორად არ განსაზღვრავს იმ სამართლის ნორმას (ან ნორმებს), საიდანაც ეს შედეგი შეიძლება გამომდინარეობდეს.
61. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გაწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია, მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) გამომდინარეობს, რადგანაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი, ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება მხოლოდ მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი (იხ., სუსგ Nას-1042-962-2017, 26.03.2018წ. პ-26).
62. განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც ნასყიდობის საგანზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებას შეეხება (იხ., ამ განჩინების პპ: 10,11), შეიძლება, დაეფუძნოს სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილს (კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა).
63. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ ფაქტობრივ გარემოებებთან:
ა) ძირითადი მოსარჩელე, როგორც ნივთის არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი, რა დროიდან ფლობს ნივთს და როდიდან წარმოეშვა მას ნივთის მესაკუთრისათვის დაბრუნების ვალდებულება;
ბ) კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს გაწია თუ არა მან ხარჯები ნივთზე, დადებით შემთხვევაში - რას შეადგენდა ამ ხარჯების ოდენობა;
გ) მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯი ხომ არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და ამ სარგებლობისგან მიღებული ნაყოფით.
64. საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიმართაც პირველ კასატორს საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია (იხ., ამ განჩინების პპ: 1-9). იმავდროულად, კასატორის მიერ განმარტებულია, რომ ნასყიდობის საგანი მოსარჩელეს შეძენილად მიაჩნდა და მასზე გაწია აუცილებელი ხარჯი. 2012 წლის 30 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე პოლიციის მეშვეობით გამოასახლა სადავო ბინიდან და თავად განაგრძობს აღნიშნულ ბინაში დღემდე ცხოვრებას (იხ., ამ განჩინების პ- 28).
65. ამდენად, დადგენილია და თავად კასატორიც მიუთითებს, რომ ნასყიდობის საგანს ჯერ კიდევ, მოსარჩელე ფლობს და მოპასუხეს ბინა არ დაბრუნებია.
66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს (პირველი კასატორი) სურს, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის საგანზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება, მას შეეძლო მხოლოდ მაშინ მოეთხოვა, თუ მის მიერ ხარჯის გაღებას (იხ., ამ განჩინების პ-15) ნასყიდობის საგნის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად.
67. შესაბამისად, მოთხოვნის წარმატებულობისათვის სახეზე უნდა იყოს სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ უძრავ ნივთს პოლიციის მეშვეობით მოპასუხის გამოსახლების დროიდან დღემდე მოსარჩელე (პირველი კასატორი) ფლობს. შესაბამისად, არ დასტურდება გამდიდრდა თუ არა დაბრუნების მომენტისათვის მოპასუხე (შდრ: სუსგ №ას-182-182-2018, 08.05.2018წ. პპ: 14.1, 14.2). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველმა კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, პირველი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
68. საკასაციო პალატის ზემოთმითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიცავს იურიდიულ დასაბუთებას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძველია.
69. ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით მეორე კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 23 000 აშშ დოლარის 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1150 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
70. პირველ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში (იხ., ს.ფ. 342, 343, 349-352).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლების „გ“ პუნქტით და
დაადგინა:
1. გ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ჯ. მ-ეს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. ჯ. მ-ეს დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. თანხა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ.ალავიძე