Facebook Twitter

საქმე №ა-2604-შ-72-2018 9 იანვარი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.მ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე –საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების 2018 წლის 15 თებერვლის N2537/2018 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეურვის დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების 2018 წლის 15 თებერვლის N2537/2018 გადაწყვეტილებით ა.თ–ს დაენიშნა მეურვე მ.მ–ძე. სამეურვეო საბჭოს წევრებად განისაზღვრა: 1) ხ.ა. ძე ს–ას, მცხოვრები კასანდრიაში, ხალკიდიკი, მეურვის სიძე; 2) თ.მ–ძე, მეურვის და, მცხოვრები სალონიკში და 3) ი.მ–ძე, მეურვის და, მცხოვრები კასანდრიაში, ხალკიდიკი.

2. სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამწევრიანი ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარემ ძირითადი აქტით მოითხოვა არასრულწლოვანი პირის ა.თ–თვის (ც.თ–ის ასული) ოფიციალური მეურვის განსაზღვრა იმ მიზეზით, რომ ა.თ–ის დედა გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2016 წლის 15 სექტემბერს, ბიოლოგიური მამა კი მას არ აღიარებს შვილად. აღნიშნული ძირითადი აქტი ამ შინაარსით განსახილველად იქნა დაშვებული ნებაყოფლობითი სამართალწარმოების პროცედურის ფარგლებში.

3. სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების 2018 წლის 15 თებერვლის N2537/2018 გადაწყვეტილებით ასევე დგინდება, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ა.თ–ის აღზრდის და რჩენის ვალდებულება აიღო ბებიამ, მ.მ–ძემ. არასრულწლოვანი დადის საჯარო სკოლაში, არის მე-5 კლასში, ბებიასთან აქვს კარგი ურთიერთობა, ცხოვრობს კეთილმოწყობილ სახლში. მ.მ–ძე ზაფხულობით მუშაობს სალონიკის პორტო კუფოს ტავერნაში და ზამთარში იღებს დახმარებას, რომელიც განკუთვნილია უმუშევარი პირებისთვის. მ.მ–ძეს ბავშვის რჩენაში ეხმარებიან თავისი და და სიძე, რომლებიც ცხოვრობენ კასანდრიაში, ხალკიდიკში. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მ.მ–ძე განისაზღვრა არასრულწლოვანი ა.თ–ის მეურვედ.

4. საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა.თ–ის მეურვემ და ითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა იმ დასაბუთებით, რომ არასრულწლოვანი არის საქართველოს მოქალაქე, მის პასპორტს გაუვიდა ვადა და ახალი პასპორტის აღების მიზნით, სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია საბერძნეთში.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ არასრულწლოვნის მეურვის მოთხოვნა საბერძნეთის, – სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების 2018 წლის 15 თებერვლის N2537/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა, რომლის საფუძველზეც არასრულწლოვან ა.თ–ს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, დაუდგინდა მეურვეობა და მის მეურვედ განისაზღვრა მ.მ–ძე.

8. დასახელებული კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის გამოვლენილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების 2018 წლის 15 თებერვლის N2537/2018 გადაწყვეტილება, რომლითაც ა.თ–ს (დაბადებული: 05 მაისი, 2006 წ.) დაენიშნა მეურვე მ.მ–ძე;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი