№ას-582-582-2018 28 დეკემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ი.ბ., ბ.ა.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ.გ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ.გ–სა (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) და მ.ბ–ს (ამჟამად, სახელისა და გვარის შეცვლის შედეგად მ.რ–ძე, შემდეგში - მესამე მოპასუხე) შორის 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა უძრავი ნივთის (მდებარე: ქალაქ ჭიათურაში, ...... ბინა #8, ს/კ #....), (შემდეგში სადავო ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საფასური 300 ლარით განისაზღვრა.
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, მესაკუთრის სარჩელი მოპასუხეების - ბ.ა–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), ი.ბ–ისა (შემდეგში - მეორე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და მესამე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად.
3. მითითებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის სახელზე კვლავ საკუთრების უფლებით აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ფ 15-16).
4. მოპასუხეებმა, შეცვალეს 350 ლარად ღირებული სადავო ბინაში შესასვლელი კარი, მათვე გაწიეს მოსარჩელის მეუღლის დაკრძალვის ხარჯიც.
5. მოპასუხეები, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას ფლობენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
6. უძრავ ნივთს მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
7. 2017 წლის 13 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, იგი სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები განაგრძობენ მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და არ ათავისუფლებენ მას.
8. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
9. 2017 წლის 12 ივლისს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი წარადგინეს მოსარჩელის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მეუღლის, მოვლის, დაკრძალვისა და ქელეხის, ასევე სადავო ქონებაზე გაწეული ხარჯების (250 ლარის) ანაზღაურების მოთხოვნით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოსარჩელესა და მის მეუღლეს წლების განმავლობაში უვლიდნენ და პატრონობდნენ, მოსარჩელის მეუღლე ლოგინად იყო ჩავარდნილი, საჭიროებდა მედიკამენტურ მკურნალობას და ფიზიკურ მოვლა-პატრონობასაც, რისთვისაც 2000 ლარის ხარჯი გაიღეს, აქედან, გაპატიოსნების, დასაფლავებისა და ქელეხის ხარჯია 900 ლარი, დარბაზის თანხა - 400 ლარი, სუფრასთან მომსახურების - 150 ლარი, სადგომისა და გადასვენების ხარჯი - 350 ლარი. ამასთან, სადავო უძრავ ქონებაზე საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად 3 000 ლარი დახარჯეს, რითაც ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამდენად, უძრავი ქონების დაკავების უფლება მანამ აქვთ, სანამ მესაკუთრე სრულად არ აუნაზღაურებთ სადავო ქონებაზე გაწეულ ხარჯს.
10. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებულ მოპასუხეს, შეგებებული მოსარჩელეების სასარგებლოდ, 350 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 170-ე, 172-ე, 312-ე, 941-ე, 942-ე, 949-ე და 976-ე მუხლები გამოიყენა.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღების, ძირითადი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. აპელანტების მტკიცებით, სადავო უძრავ ქონებაზე საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად გარკვეული სარემონტო სამუშაოები შეასრულეს, კერძოდ, სახლში არ იყო ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალგაყვანილობა. წარდგენილი ფოტოსურათებითა და მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად დასტურდებოდა მათ მიერ სადავო ქონებაზე და მოსარჩელის მეუღლის მოვლა-პატრონობისა და დაკრძალვის ხარჯების გაწევა, რაც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში და, ამავე ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებულ მოპასუხეს, შეგებებული მოსარჩელეების სასარგებლოდ, 900 ლარის გადახდა დაეკისრა.
12.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა.
12.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ, შეგებებული მოსარჩელეების მიერ, გარდა შესასვლელი კარის დამონტაჟებისა, სადავო ქონებაზე სხვა ხარჯის გაწევის ფაქტი არ დასტურდებოდა.
12.3. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლის, დაკრძალვისა და სარიტუალო - ქელეხისა და ორმოცის ხარჯი, აპელანტებმა გაიღეს და აღნიშნა, რომ იმგვარი პრეტენზია, რომელიც შესრულების კეთილსინდისიერებას გამორიცხავდა, მოსარჩელეს აპელანტებისათვის არ წაუყენებია. აპელანტების მიერ მოხოვნილი თანხაც, 900 ლარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ დადგენილ ოდენობაზეც ბევრად ნაკლებია, ამდენად, შეგებებული სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანი და დასაბუთებული იყო.
13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღების, ძირითადი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. მათ სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მიუთითეს (იხ. პ. 11.1) და დამატებით განმარტეს, რომ სააპელაციო სასამართლომაც არ გაიზიარა მათი პოზიცია და ყველაზე მინიმალური თანხა დააკისრა მხარეს გადასახდელად. შესაბამისად, ითხოვეს შეგებებული მოსარჩელისათვის 5000 ლარის, დამატებით დაკისრება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის (უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა) სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა (მოვლის, დაკრძალვისა და ქელეხის ხარჯებისა და უძრავ ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება) ამავე კოდექსის 973-ე მუხლის (შემსრულებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული), 164-ე მუხლის მესამე წინადადებიდან (ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია, მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად) და 987-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) შეიძლება გამომდინარეობდეს.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შეგებებულმა მოსარჩელეებმა/აპელანტებმა სადავო ქონებაზე, გარდა შესასვლელი კარის დამონტაჟებისა, სხვა ხარჯის გაწევის ფაქტი ვერ დაამტკიცეს, პალატა მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს: სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებითაც შეიძლება დადგინდეს, კონკრეტულად რამდენი ხარჯი გაიღეს სადავო უძრავ ნივთზე და როდის, არ წარმოუდგენიათ.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით და განმარტავს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 4 მარტის (№3კ/441-01) განჩინებაში აღნიშნა, რომ პირს, სსკ-ის 973-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშეც აქვს უფლება, მოითხოვოს დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, ქელეხისა და ორმოცის გადახდის ხარჯების ანაზღაურება გონივრული ოდენობის ფარგლებში. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებაზეც, სადაც განმარტებულია, რომ „საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული... მართალია, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან“ (შდრ. სუსგ # ას-791-748-2015, 12 ოქტომბერი 2015 წელი).
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა შეგებებულ მოპასუხეს, მეუღლის დაკრძალვისა და სხვა რიტუალებზე, შეგებებული მოსარჩელეების მიერ დავალების გარეშე გაწეული ხარჯი, ჯამში - 900 ლარი.
22. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების პრეტენზიას მათ მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურებამდე სადავო ნივთზე მფლობელობის შენარჩუნების შესახებ, კერძოდ, მათი ეს უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს, უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები, როგორც კეთილსინდისიერი (მართლზომიერი) მფლობელები, სადავო ბინაში ცხოვრობდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდგომ კი, მესაკუთრეს წარმოეშვა ქონების დაბრუნების უფლება. მესაკუთრის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ, სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელები არაუფლებამოსილები გახდნენ (დაკავებული ჰქონოდათ სხვისი ბინა), მათ დაკარგეს მფლობელობის უფლება და წარმოეშვათ ვალდებულება, დაებრუნებინათ ნივთი უფლებამოსილი პირისათვის, თუმცა კასატორებმა (მოპასუხეებმა) დაამტკიცეს, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით, რომ მათ წარმოეშვათ სადავო ნივთზე კეთილსინდისიერი (მართლზომიერი) მფლობელობის დროს გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, პალატა იზიარებს კასატორების პრეტენზიას ხარჯების ანაზღაურებამდე სადავო ნივთზე მფლობელობის შენარჩუნების შესახებ, ვინაიდან კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს, უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
23. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება და მიუთითებს, სსსკ-ის 251-ე მუხლზე რომლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული საპროცესო ღონისძიებები, როგორც წესი, დგინდება გადაწყვეტილების გამოტანისას და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამასთან, შესაძლებელია, ასეთი საპროცესო მოქმედებების განხორციელების საჭიროება წარმოიშვას გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ცხადია, ასეთ დროსაც დასაშვებია, მსგავსი საკითხების მოწესრიგება, სსსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების გზით. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სსსკ-ის 2671 მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის წესს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს შეუძლიათ, შესაბამისი განცხადებით მიმართონ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და მოითხოვონ გადაწყვეტილების აღსრულების წესის იმგვარად დადგენა, რომ სადავო ბინიდან მათი გამოსახლება მოხდეს მას შემდეგ, რაც მოსარჩელე აანაზღაურებს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ხარჯებს.
25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ–ისა და ბ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი