Facebook Twitter

№ას-820-820-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „ფ.ბ.ს.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ქ.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ფ.ბ.ს–ოსა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) და მ.ქ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტის ამღები ან მსესხებელი) შორის 2015 წლის 26 დეკემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სესხის ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი - 12 000 ლარი 1461 დღით, 2019 წლის 26 დეკემბრამდე, წლიური 25.95% - იანი სარგებლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).

2. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.00%, საურავი 60 კალენდარული დღის განმავლობაში განხორციელდებოდა (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები), (იხ. სესხის ხელშეკრულება ს.ფ. 14-18).

3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და ვ.მ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან თავდები) და მ.ს–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან თავდები) შორის 2015 წლის 26 დეკემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდებობის ხელშეკრულება), რომლის თანახმად, თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებით თავდებების მაქსიმალური პასუხისმგებლობის ზღვარი 12 000 ლარით განისაზღვრა (იხ. ს.ფ. 21-24).

4. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2017 წლის 27 თებერვლის შემდგომ თანხა არ გადაუხდია.

5. 2016 წლის 21 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 14 552.84 ლარის, საიდანაც ძირითადი თანხა - 9 863.58 ლარი, პროცენტი - 618.18 ლარი და ჯარიმა - 391.89 ლარია, ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად გადასახდელი სარგებლის, 3 679.19 ლარის, დაკისრების მოთხოვნით.

6. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, წარდგენილ შესაგებელში პირველმა მოპასუხემ მიუთითა, რომ, მართალია სასესხო ურთიერთობაში იმყოფება მოსარჩელესთან, მაგრამ თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნია, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ, თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიუხედავად, ვალდებულება მათი შესასრულებელი არ არის და იგი პირველმა მოპასუხემ უნდა შეასრულოს.

7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 14 552.84 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, საიდანაც ძირითადი თანხა - 9 863.58 ლარი, დარიცხული პროცენტი - 618.18 ლარი, დასარიცხი საპროცენტო სარგებელი - 3 679.19 ლარი და პირგასამტეხლო - 391.89 ლარია. თავდებების სოლიდარული პასუხისმგებლობა დაკისრებული თანხიდან, 12 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე, 403-ე, 411-ე, 873-ე, 891-ე და 898-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

8.1. აპელანტის მტკიცებით, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, 2017 წლის თებერვლამდე კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას (ყოველთვიურად იხდიდა სესხის თანხას 405 ლარს), მაგრამ ქონებრივი მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, გადავიდა დაბალხელფასიან სამსახურში, შეუმცირდა შემოსავალი. გარდა ამისა, სესხი გამოტანილი ჰქონდა სხვა ბანკებიდანაც, რომელიც, შეთანხმების თანახმად, სს “ფ.ბ.ს–ოს“ უნდა გადაეფარა. მოსარჩელემ არ მისცა საშუალება, რომ თანხა ეტაპობრივად, ხელფასიდან დაეფარა, პირიქით, დაარიცხა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მაღალი პროცენტი, რაც არ შეესაბამება სამოქალაქო ურთიერთობებში არსებულ კეთილსინდისიერებისა და მხარეების მიერ ერთმანეთისადმი პატივისცემის პრინციპებს. აღნიშნულ გარემოებას კი, ყურადღება არ მიაქცია პირველი ინსტანციის სასამართლომ და, სათანადოდ არ შეაფასა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 14 552,84 ლარიდან დასარიცხი საპროცენტო სარგებლის - 3 679,19 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 436.58 ლარიდან, 31,46 ლარის გადახდა დაეკისრა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ, 9 863,58 ლარის წლიური 10%-ის გადახდა დაეკისრა, არაუმეტეს 2017 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 26 დეკემბრამდე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი და გადასახდელი პირგასამტეხლო, აპელანტის მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან შედარებით, შეუსაბამოდ მაღალი და კანონსაწინააღმდეგო არ იყო. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის, სარჩელის აღძვრამდე გადასახდელი სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია.

10.1. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს, ვადის გადაცილების შემთხვევაში, პროცენტის გადახდის ვალდებულება არ შეუთანხმებიათ, პალატამ მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აპელანტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის სრულად დაკისრების თაობაზე ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობდა. პალატის დასკვნით, აპელანტის მიერ დასაბრუნებელი თანხით, მოსარჩელეს უთუოდ შეეძლო, სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ოდენობით მიეღო სარგებელი, და იმის გათვალისწინებით, რომ, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 2017 წელს სხვადასხვა სახის სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 8-დან 20%-მდე მერყეობდა, მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს მიუღებელი შემოსავალი, ყოველწლიურად სესხის ძირითადი თანხის, 9 863.58 ლარის, 10%.

10.2. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის დაკისრება მოითხოვა ხელშეკრულების მოშლის მომენტიდან, ე.ი. 2017 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 26 დეკემბრამდე, ამიტომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის ძირითადი თანხის 10% უნდა გადაუხადოს ვალდებულების შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს - სარჩელით მოთხოვნილი ვადისა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

11.1. კასატორის მტკიცებით, 2015 წლის 26 დეკემბერს სესხის ხელშეკრულების 4.4 მუხლის თანახმად, მსესხებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა განიხილება, როგორც აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი წერილობით ატყობინებს ამის შესახებ მსესხებელს, რომელიც შეტყობინების ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში ვალდებულია, მთლიანად დაფაროს არსებული სესხის, აგრეთვე, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სრული სარგებელი და შესაძლო საურავი. აღნიშნული მუხლი ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად ხელშეკრულების მხარეებისათვის. ამდენად, რეალურად მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ვადის გადაცილების შემთხვევაში, პროცენტის გადახდის ვალდებულების თაობაზე, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა ემტკიცებინათ, თუ რამდენპროცენტიანი სარგებლით შეეძლოთ ამ თანხის გაცემა. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ხელშეკრულების 4.4 მუხლზე.

11.2. კასატორის მითითებით, ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდიდან მიღებული მონაცემების გამოყენებით, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა, სადაც ვალუტა მითითებული არ არის და ლარზე მინიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთიც 12 000 ლარიან სესხებზე ნამდვილად არ იწყება წლიური 8%-დან, არასწორია, რითაც დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი და საქმის ობიექტურად გადაწყვეტაზეც უარყოფითად იმოქმედა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა პირველი მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიაზე მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და, საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ბანკის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე/კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, 9 863,58 ლარის, 10%-ის დაკისრებას, ამ განჩინების 11.1 და11.2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შდრ. ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს, და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისებრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. „მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (შდრ. სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ კვალიფიციური შედავების პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, 9 863,58 ლარის, 10%- ის დაკისრების დაუსაბუთებლობის გასაქარწყლებლად, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-ზე მეტია.

20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების 4.4. მუხლის თანახმად, ვადის გადაცილების შემთხვევაში, პროცენტის გადახდის ვალდებულებაზე მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილისა (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია, პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელად დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს.

21. რაც შეეხება საკასაციო სამართალწარმოებას, ამავე კოდექსის 404-ე და 407-ე მუხლების პირველი ნაწილებიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება გათვალისწინდეს ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), საკასაციო სასამართლოში ახალ გარემოებებზე მითითება და მათი კვლევა კანონით აკრძალულია, საკასაციო პრეტენზიათა ფარგლებში შესწავლას ექვემდებარება ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებების პროცესუალური თვალსაზრისით შეფასების კანონიერება (სსსკ-ის 105-ე მუხლი) და ამ გზით სასამართლოს შინაგანი რწმენით დადგენილი ფაქტების მატერიალური სამართლის ნორმებთან სუბსუმირების სისწორე (შდრ.სუსგ.#ას-123-123-2018; 09.11.2018წ).

22. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის შედავებას, რომ, 2015 წლის 26 დეკემბერის ხელშეკრულების 4.4. მუხლის თანახმად, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ვადის გადაცილების შემთხვევაში, პროცენტის გადახდის ვალდებულებაზე, ვინაიდან საკასაცო პალატა არ წარმოადგენს არც მტკიცებულებათა მიღებაზე უფლებამოსილ და არც ფაქტების დამდგენ სასამართლოს, ხოლო მოსარჩელეს/კასატორს, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ მუხლზე არ მიუთითებია და აღნიშნული ქვმდგომი სასამართლოების შეფასების საგანი არ ყოფილა. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც ის არ უნდა იქნეს განხილული.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან .

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #75849159, გადახდის თარიღი 26.06.2018), 70% – 210.00 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ფ.ბ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ფ.ბ.ს–ოს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #75849159, გადახდის თარიღი 26.06.2018), 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი