№ას-1082-2018 28 დეკემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სს „ე.პ.ჯ.“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ.დ–ძე, ლ.თ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ე.პ.ჯ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან ენერგოკომპანია) ლ.თ–ძესა და ნ.დ–ძეს (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან კასატორები) ელექტროენერგიას აწვდიდა, რომლითაც მარაგდებოდა მათი კუთვნილი, ქ. ბათუმში, .... მდებარე საოფისე ფართი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან საოფისე ფართი).
2. 2013 წლის 2 მაისს მოსარჩელეებს, დავალიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი ელექტროენერგიის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულდა 2013 წლის 23 სექტემბერს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მათი სარჩელი დავალიანების დარიცხვის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელეებმა ქ. ბათუმში მდებარე უძრავი ქონება, 2013 წლის 26 აპრილიდან 8 თვით მიაქირავეს შპს „ტ.კ.“ (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც დამქირავებელი). ყოველთვიური ქირა შეადგენდა 800 ლარს. ქირავნობის ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის თანახმად, კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულება დამქირავებელს ეკისრებოდა.
6. ელექტროენერგიის შეწყვეტის შემდეგ, 2013 წლის 2 მაისიდან 2013 წლის 20 სექტემბრამდე, დამქირავებელს ელექტროენერგია გენერატორის - “AKSA AAP 800E-ის" მეშვეობით მიეწოდებოდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 19 მაისის დასკვნის თანახმად, მითითებულ გენერატორს ერთი საათით მუშაობისათვის დაახლოებით 3,2 ლიტრი ბენზინი სჭირდებოდა.
7. მოსარჩელეებსა და დამქირავებელს შორის ქირავნობის ხელშეკრულება ვადამდე, 2013 წლის 20 სექტემბერს, შეწყდა.
8. 2015 წლის 13 მაისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ, მატერიალური ზიანის - 18 497,71 ლარისა და მორალური ზიანის - 5 000 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით. მათი მტკიცებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხესა და მოსარჩელეებს შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების სახელშეკრულებო ურთიერთობა. მოპასუხემ დენის მიუწოდებლობით დაარღვია ორმხრივი ვალდებულება, რითაც მათ ზიანი მიადგათ. მოსარჩელეების მტკიცებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგენილი იყო მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც ელექტროენერგიის უკანონოდ გათიშვით გამოიხატა. მათ უძრავი ქონება მესამე პირს მიაქირავეს, რის გამოც იძულებული გახდნენ დამქირავებელი ელექტროენერგიით - ბენზოგენერატორის საშუალებით ყოველდღიურად 16 საათის განმავლობაში მოემარაგებინათ. მათ მიერ 147 დღეში გახარჯული საწვავის ღირებულება ჯამში 15 805,44 ლარს, ხოლო გენერატორის საექსპლუატაციო ხარჯი, 790,27 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, ხელშეკრულება 2 თვით ადრე მოიშალა, რამაც დამატებით 2000 ლარის ზიანი მიაყენათ. მოსარჩელეების მითითებით, მათ დამქირავებელთან შეელახათ საქმიანი რეპუტაცია, რადგანაც ვერ შეძლეს ელექტროენერგიით უძრავი ქონების დროულად მომარაგება. საქმიანი რეპუტაციის შელახვას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ბენზოგენერატორით გამოწვეული დაუშვებელი ხმაური ხელყოფდა მეზობლად მცხოვრები პირების უფლებებს.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. მისი მტკიცებით, მოსარჩელეებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დავალიანების გამო, რადგანაც აბონენტი ვალდებული იყო, დადგენილ ვადაში გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მიმწოდებელს შეუძლია, მომხმარებელს პროდუქციის მიწოდება შეუწყვიტოს. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ მოსარჩელე უსაფუძვლოდ აპელირებდა სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ვინაიდან, იგი სწორედ ენერგოკომპანიის პოზიციებს ამყარებდა, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეებს დარიცხვისა და შემოწმების აქტების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში, რადგანაც მიიჩნია, რომ ისინი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო შედგენილი. მოსარჩელეებსა და დამქირავებლის ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ მითითებული ხელშეკრულების პირობები ქირავნობის საფასურთან და მისი მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, მოსარჩელეებმა არასწორად განმარტეს, ამასთან, ნიშანდობლივი იყო, რომ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად ელექტროენერგიის მიუწოდებლობა არ დასტურდებოდა, უფრო მეტიც, ქირავნობის ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის თანახმად, დამქირავებლი იყო ვალდებული გადაეხადა ქონების შენახვისა და კომუნალური ხარჯები, შესაბამისად, იკვეთებოდა, რომ მოსარჩელეები, კონკრეტულ შემთხვევაში, არ წარმოადგენდნენ სათანადო მოსარჩელეებს.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების სასარგებლოდ, მოპასუხეს 15482,88 ლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 17.1 მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-18, 394-ე, 317-ე, 992-ე, 415-ე, 411-ე და 412-ე-413-ე მუხლები.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეების მხრიდან ბენზოგენერატორის გამოყენების ფაქტს, მოსარჩელის მიერ მითითებული დროის შუალედში, უძრავი ქონების ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად;
11.2. აპელანტის მოსაზრებით, ზიანი საერთოდ არ დასტურდებოდა, ამასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, პირველმა ინსტანციის სასამართლომ, ზიანის გამოანგარიშებისას არ გაითვალისწინა ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოპასუხეს ექნებოდა ელექტროენერგიის მიწოდება რომ არ შეწყვეტილიყო;
11.3. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელეების მიერ ფართის საოფისედ გაქირავების შესახებ. ამასთან, დაუჯერებელი იყო, რომ ოფისი მარაგდებოდა ელექტროენერგიით, დღეში 16 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, უქმე დღეების ჩათვლითაც;
11.4. აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ერთი ლიტრი საწვავის ღირებულებას;
11.5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ფართი გაქირავებული ჰქონდა ყოველთვიურად 800 ლარად, ხოლო, როგორც მოსარჩელეები უთითებენ, ყოველთვიურად დამქირავებლის სასარგებლოდ ხარჯავდნენ სამჯერ მეტს - 3225.6 ლარს (საწვავის ღირებულების ხარჯი - 107.52 ლარი * 30 დღეზე);
11.6. აპელანტის განმარტებით, ყურადსაღები იყო, რომ დამქირავებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ყოველთვიურად კომუნალური გადასახადების გადახდა;
11.7. აპელანტის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნა არ ადასტურებდა მოსარჩელის მიერ ბენზოგენერატორის გამოყენების ფაქტს. საქმის მასალებითაც არ დასტურდებოდა, გამოიყენებოდა თუ არა კონკრეტული ბენზო-გენერატორი მითითებულ მისამართზე დატვირთვითა და ინტენსივობით, როგორც აღწერეს.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ 15476,44 ლარის გადახდა დაეკისრა.
12.1. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გენერატორს საწვავით სხვა პირები ამარაგებდნენ, აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, დასტურდებოდა, რომ გენერატორში საწვავს, სწორედ, მოსარჩელეები ასხამდნენ. გენერატორის საწვავის ხარჯის ანაზღაურება დამქირავებელს არ ევალებოდა, ამის გამო საწვავის ხარჯის ანაზღაურებით, მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ.
12.2. პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის პირობებიც მოპასუხემ არამართლზომიერად და ბრალეულად დაარღვია, რამაც მოსარჩელეები დააზარალა.
12.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (147 დღე) მოსარჩელეები გენერატორს საწვავით ამარაგებდნენ, რომელიც ყოველდღიურად, 16 საათის განმავლობაში მუშაობდა და 3,2X16=51,2 ლიტრ საწვავს მოიხმარდა, შესაბამისად, მოსარჩელეებმა შეიძინეს 51,2X147=7526,4 ლიტრი საწვავი, რომლიც იმ პერიოდში 2,1 ლარი ღირდა. ამდენად, ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელეებმა 7526,4X2,1=15805,44 ლარის საწვავი შეიძინეს. მოსარჩელეებმა მოთხოვნა 329 ლარით შეამცირეს.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
13.1. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესამამისად, არასწორად შეაფასა ისინი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორ სასამართლო პრაქტიკას დაამკვიდრებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პირს ექნება შეუზღუდავი შესაძლებლობა, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებების საფუძველზე, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რაც არღვევს არსებულ სამართლებრივ მართლწესრიგსა და ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ წესს. პალატამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაიზიარა მოსარჩელის დაუსაბუთებელი პრეტენზიები, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებს მოსარჩელის მიერ ბენზოგენერატორის საკუთრებაში ან სარგებლობაში ყოფნისა და შემდგომში მისი გამოყენების ფაქტს. ზიანის ფაქტი დოკუმენტაციით, საწვავის შეძენის დამადასტურებელი, თუნდაც ერთი ქვითრით უნდა დადასტურებულიყო.
13.2 სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ყოველთვიური ქირის, 800 ლარის, სანაცვლოდ, დამქირავებლის სასარგებლოდ თითქოსდა ოთხჯერ მეტს, 3225,6 ლარს ხარჯავდა. კასატორის მტკიცებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულიად დაუსაბუთებლად და მხოლოდ ცალმხრივი შეფასებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი, სახელდობრ:
19. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 494.1 (ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
21. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
22. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
23. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (შდრ.სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).
24. რაკი უდავო იყო, რომ მოპასუხემ მოსარჩელეებს სადავო პერიოდში ელექტროენერგია შეუწყვიტა მართლსაწინააღმდეგოდ, როდესაც უძრავი ქონება ელექტროენერგიით მარაგდებოდა გენერატორის საშუალებით, რომლის საწვავის ხარჯის გაღებაც დამქირავებლის ვალდებულება არ იყო, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გენერატორს საწვავით უზრუნველყოფდნენ მოსარჩელეები, ამ გარემოების გაქარწყლების ტვირთი კი, მოპასუხეს/კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები და ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას, რომ გენერატორი საწვავით არა მოსარჩელეების, არამედ სხვა პირების მიერ მარაგდებოდა. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც ის არ უნდა იქნეს განხილული.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან პრაქტიკისაგან.
26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ე.პ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ე.პ.ჯ–ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (774.00 ლარის, საგადახდო დავალება #43314001, გადახდის თარიღი 31.05.2018), 70% – 541.8 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი