Facebook Twitter

№ას-1118-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ.შ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ჩ.რ.ბ.მ.ჯ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონება, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №......, მ.შ–ის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი ს.ფ. 15-16, ტ.1).

2. შპს ,,ჩ.რ.ბ.ჯ." (შემდეგში მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ხაშურის რაიონის სოფელ ..... აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება მიწისქვეშა აფეთქებები.

3. აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანიის "ექსორიქსის" დასკვნით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ზემოქმედების ზოლის გარეთ და არა რისკის ზონაში.

4. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 5 ივნისის #003076817 დასკვნის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. დაზიანებები გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობით: ფუძე-გრუნტების გაწყლიანებით, შენობის ტორსული კედლების მთელ სიგრძეზე შემონაკირწყლის უქონლობის გამო, ექსპლუატაციის მანძილზე სხვადასხვა სიძლიერისა და სიხშირის მიწისძვრით. შესაძლოა, გამოწვეული იყოს რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვებითაც. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია თუმცა, საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის გარე სივრცეში გაიკრას ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები) (იხ. დასკვნა ს.ფ 20-33).

5. ინდივიდუალური მეწარმე ,,ზ.გ–ძის" მიერ მომზადებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეული ზარალი 11 248.66 ლარია.

6. 2017 წლის 26 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტში სარკინიგზო გვირაბებს აშენებდა, რის გამოც მისი სახლი დეფორმირდა და დაზიანდა.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილ არცერთ დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის.

8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე და 413-ე მუხლები გამოიყენა.

9. რაიონული სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან, არ დგინდებოდა უშუალო კავშირი გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებით სამუშაოებსა და მოსარჩელის უძრავ ქონებაზე წარმოშობილ დაზიანებას შორის, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა და მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ სახლის მდგომარეობა არ იყო გამოწვეული რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესით, ამასთან, ადგილზე დათვალიერების მიუხედავად, სასამართლოს არც აღნიშნული საპროცესო მოქმედების შედეგად გამოვლენილი გარემოებები არ გაუთვალისწინებია და ამ მხრივ არც გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია ექსპერტიზის დასკვნაში დაზიანებების სავარაუდო მიზეზად მითითებული ისეთი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობა-არარსებობის ფაქტი, როგორიცაა - მიწისძვრა, კერძოდ კი, არ მოუთხოვია მხარეთათვის სეისმოლოგიური ცენტრის დასკვნების წარმოდგენა, რაც ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს გაამყარებდა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 5 ივნისის დასკვნით ცალსახად არ არის დადგენილი, მოსარჩელის სახლის დღევანდელი მდგომარეობის გამოწვევა მშენებლობის პროცესში რკინიგზის გვირაბის განხორციელებული აფეთქებებით (იხ. დასკვნა პ. 4). სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილია აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანიის "ექსორიქსის" დასკვნა, რომლის მიხედვითაც, აპელანტის სახლი მდებარეობს ზემოქმედების ზოლის გარეთ და არა რისკის ზონაში (იხ. დასკვნა პ.3). პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ/აპელანტმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 12.1).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების წინაპირობების არარსებობამ განაპირობა. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

18. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაში საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზად მითითებულია, რომ იგი აშენებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით, არ არის მოწყობილი სანიაღვრე სისტემა ატმოსფერული ნალექი ჩაედინება გრუნტში და ა.შ, რაც იწვევს საძირკვლის ქვეშ გრუნტის გაწყლიანებას, რაც ექსპერტთა მიერ განხილულია, როგორც ზიანის გამომწვევი ცალსახა, უტყუარი ფაქტორი. ამავდროულად, დასკვნაში ვარაუდის სახით არის დაფიქსირებული ექსპერტიზის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სახლის დაზიანება, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თვალსაჩინო მიზეზებისა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს რკინიგზის N9 გვირაბის სამშენებლო პროცესში მიმდინარე მრავალჯერადი აფეთქებების დინამიკური პროცესის გამოც. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულ უტყუარ ფაქტორებს ვერ გადაწონის ამავე დასკვნაში ვარაუდის სახით დაფიქსირებული ზიანის გამომწვევი მიზეზები, ამასთან, პალატა მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებს და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, წარადგინა აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანიის "ექსორიქსის" დასკვნა, რომლის მიხედვითაც, კასატორის სახლი მდებარეობს ზემოქმედების ზოლის გარეთ და არა რისკის ზონაში, შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოპასუხეს ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც ის არ უნდა იქნეს განხილული.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან პრაქტიკისაგან.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი