Facebook Twitter

№ას-1246-1166-2017 28 თებერვალი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – გ.გ–ძე, ი.კ–ძე, ვ.შ., თ.ჭ–ა, ვ.დ., თ.თ., ლ.კ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.გ–ძე (შემდეგში - მამკვიდრებელი) 1994 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. გარდაცვლილის სამკვიდროს შეადგენდა საცხოვრებელი სახლი მდებარე ქალაქ თბილისში, ..... (შემდეგში - სამკვიდრო ქონება, დანაშთი ქონება, უძრავი ქონება, სადავო ქონება ან იპოთეკის საგანი).

2. მამკვიდრებელს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე - ნ.გ–ძე (შემდეგში - პირველი მემკვიდრე ან მჩუქებელი), ზ.გ–ძე (შემდეგში - მეორე მემკვიდრე ან მჩუქებელი) და მ.გ–ძე (შემდეგში - მესამე მემკვიდრე, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი).

3. 2004 წლის 26 ნოემბერს პირველი და მეორე მემკვიდრის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, და როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, გარდაცვლილის დანაშთი სამკვიდრო სრულად მიიღეს (იხ. სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 163-166, ტ.1). სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება მათ საკუთრებაში აღირიცხა.

4. მოსარჩელემ, მამის სამკვიდრო, ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო.

5. 2010 წლის 15 მაისსა და 13 დეკემბერს, პირველმა და მეორე მჩუქებლებმა, გ.გ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაჩუქრებული) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სადავო უძრავი ქონება და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ (იხ. ჩუქების ხელშეკრულებები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 167-172, 198. ტ.1).

6. პირველი მჩუქებელი გარდაიცვალა 2014 წლის 26 ოქტომბერს, მეორე მჩუქებელი - 2015 წლის 18 მაისს.

7. 2012 წლის 27 დეკემბერს ვ.დ–ს, თ.ჭ–ას, კ.უ–ს, ლ.კ–ას, თ.თ–სა (შემდეგში - ერთობლივად მოხსენებული როგორც მოპასუხეები, კრედიტორები ან იპოთეკარები), და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული, სესხისა და იპოთეკის #121364970 ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სადავო ქონება. სესხისა და სამი თვის სარგებელი 82 875 აშშ დოლარია (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 192-196. ტ.1).

8. 2013 წლის 2 მაისს ვ.შ–ასა (შემდეგში - მოპასუხე ან კრედიტორი), და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული, სესხისა და იპოთეკის #130437625 ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სადავო ქონება. სესხისა და სამი თვის სარგებელი 22 400 აშშ დოლარია (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 177-184. ტ.1).

9. 2013 წლის 2 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ, ცალმხრივად გაუქმების შესახებ შეთანხმებით, კუკური უმფრიანის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულების გამო, ნაწილობრივ, ცალმხრივად გაუქმდა 2012 წლის 27 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. დანარჩენი იპოთეკარების ნაწილში ხელშეკრულება დარჩა ძალაში (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 185-187. ტ.1).

10. 2013 წლის 30 ოქტომბრის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, 02.05. 2013 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ვადა, 2013 წლის 2 დეკემბრამდე გაიზარდა (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 188-191. ტ.1).

11. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 19 მაისის #01/04-1209 დასკვნით, სადავო ქონების საბაზრო ღირებულება 263 000 ლარია (იხ. დასკვნა ს.ფ. 211. ტ. 1).

12. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2014 წლის 20 მარტს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, პირველ მოპასუხეს, მეხუთე მოპასუხის სასარგებლოდ, თანხის გადახდა დაეკისრა. აღსრულების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო მოვალის საკუთრებაში არსებულ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას. ქონებაზე საჯარო აუქციონი არ დანიშნულა.

13. 2014 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ ჩუქების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სადავო ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობისა და მისი ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მამკვიდრებელს დარჩა პირველი რიგის სამი მემკვიდრე - მეუღლე და შვილები, მან როგორც მამკვიდრებლ;ის შვილმა და პირველი რიგის მემკვიდრემ, მამის სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით და წარმოადგენს სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრეს. მჩუქებლებმა, მისი თანხმობის გარეშე აჩუქეს მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან კუთვნილი 1/3 წილი პირველ მოპასუხეს, რომელიც ასევე არ იყო უფლებამოსილი, თავისი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მოსარჩელის კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში.

14. პირველმა მოპასუხემ და მეორე მჩუქებლის უფლებამონაცვლე ი.კ–ძემ სარჩელი ცნეს.

15. კრედიტორებმა სარჩელი ცნეს ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში კი, სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები დადებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, წარმოადგენდნენ კეთილსინდისიერ იპოთეკარებს.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ; სადავო ჩუქების ხელშეკრულებები ბათილად იქნა ცნობილი, თითოეული 1/6-1/6, ჯამში - 1/3 ნაწილში; სარჩელი 2012 წლის 27 დეკემბრისა და 2013 წლის 2 მაისის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში უარყოფილ იქნა; უარყოფილ იქნა სარჩელი სადავო ქონების 1/3 ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილშიც. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 312-ე, 286-ე, 185-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 208.3 მუხლი გამოიყენა.

16.1. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, რაკი უდავო იყო, რომ სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებული აქვთ სამივე კანონისმიერ მემკვიდრეს, შესაბამისად, მოსარჩელის წილი სამკვიდრო ქონებაში შეადგენს 1/3-ს.

16.2. სასამართლოს დასკვნით, კრედიტორები კეთილსინდისიერი იპოთეკარები იყვნენ, მოსარჩელის მითითება, რომ პირველი მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში, ვერ გახდებოდა იპოთეკის ბათილად ცნობის საფუძველი. კეთილსინდისიერების პრინციპი იცავს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას და იპოთეკარის უფლება დაცულია რეგისტრაციაუნარიანი უფლების რეგისტრაციის გზით.

17. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

17.1. აპელანტის მტკიცებით, იგი არ წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს და არავითარი ვალდებულება კრედიტორების წინაშე არ გააჩნია, ქონება მისი თანხმობის გარეშე დაიტვირთა იპოთეკით, რაც გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებითი აუქციონით გასხვისება ემუქრება მის კუთვნილ წილს უძრავ ქონებაში. ამასთან, ქონების ყადაღისაგან გაუთავისუფლებლობა ართმევს უფლებას, ფლობდეს და განკარგოს საკუთარი ქონება.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ აპელანტი არ აპელირებდა ისეთ გარემოებაზე, რაც მოპასუხეების/იპოთეკარების არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებდა.

18.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას, ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო. მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამკვიდროს მიმღები მესაკუთრე/მემკვიდრეა, ვერ გამოდგებოდა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ შემძენმა იცოდა იმ მიზეზთა შესახებ, რომლის გამოც საჯარო რეესტრის ჩანაწერი იყო უზუსტო და საკუთრების უფლებას სხვა პირებიც ითხოვდნენ. შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც აღემატება ჩვეულებრივ ადამიანურ შესაძლებლობებს. შემძენისა და იპოთეკარების ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებისა და ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების მატერიალურსამართლებრივი წინაპირობები.

19. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

19.1. კასატორის მტკიცებით, სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების გზით და ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრეა. ჩუქების ხელშეკრულებით, არასწორად განიკარგა მისი კუთვნილი წილი, ქონების საკუთრებაში აღრიცხვის შემდეგ პირველმა მოპასუხემაც მისგან ფარულად, იპოთეკით დატვირთა სადავო ქონება და მასში შემავალი მისი წილიც, რითაც იძულებითი აუქციონით გასხვისების საფრთხე შეიქმნა, ხელყოფილია მისი კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე.

19.2 კასატორის მითითებით, თუკი სასამართლომ ცნო სადავო ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ, მაშინ მისი კუთვნილი წილიც უნდა გაეთავისუფლებინა იპოთეკისა და სააღსრულებო ბიუროს ყადაღისაგან, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს და მას რაიმე სახის ვალდებულება კრედიტორების მიმართ არ გააჩნია.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და, იპოთეკარის მოთხოვნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესია, საკუთრებაში მიიღოს იპოთეკისაგან დაუტვირთავი უძრავი ქონება, ანუ მისი მიზანია იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება კუთვნილ 1/3 წილზე. აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნა იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მოთხოვნა უსაფუძვლო იქნებოდა შემდეგ გარემოებათა გამო:

24.1. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია მოსარჩელის კუთვნილი წილის ნაწილში, ვინაიდან, პირველი მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, სხვისი ქონება დაეტვირთა იპოთეკით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ბათილობა არ იწვევს იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებას, ვინაიდან დადგენილია, რომ იპოთეკარები კეთილსინდისიერი შემძენები არიან, შესაბამისად, მათ იცავთ სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით დადგენილი კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი.

24.2. შემძენის/იპოთეკარის კეთილსინდისიერების საკითხზე არსებობს მყარად დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი კლასიკური გაგებით, უკავშირდება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა აწესრიგებს ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც, ანუ ამ ნორმათა ანალიზით, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობაზეა, შემძენს/იპოთეკარს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში, არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ ვითარებას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე - რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, არამედ უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება, სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე“ (შდრ. სუსგ №ას-394-373-2013, 20 .05.2014წ). მოცემულ შემთხვევაში, კასატორს, რაიმე გარემოება, რაც იპოთეკარების მიერ (რომელიც რეესტრის უტყუარობის პორეზუმფციას ემყარებოდა) უფლების ხარვეზის შესახებ ინფორმირებას დაადასტურებდა, კასატორს არ მიუთითებია. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება, მოსარჩელის პრეტენზიას, რომ მსესხებელი არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა კასატორის კუთვნილი წილი სადავო ქონებაში, არ წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს და მას რაიმე სახის ვალდებულება კრედიტორების მიმართ არ გააჩნია, რადგანაც მოპასუხეებს შეუძლიათ დაეყრდნონ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. №ას-736-688-2017, 15.09.2017წ).

28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

30. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.გ–ძეს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4115.85 ლარის (300 ლარი, გადახდის თარიღი 12.09.20107; 3815.85 ლარი, საგადახდო დავალება #12, გადახდის თარიღი 30.10.2018) 70% – 2 881.09 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი