Facebook Twitter

№ას-1249-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,

. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „კ.ჯ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „მ.უ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი –თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2017 წლის 21 მარტს შპს „მ.უ–ამ“ (შემდეგში - მოსარჩელე, განმცხადებელი, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა შპს „კ.ჯ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, საჩივრის ავტორი ან მყიდველი) მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის 12 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 337 750 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 38 266,95 აშშ დოლარის, ხოლო 2017 წლის 22 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახდელი თანხის - 337 750 აშშ დოლარის 006%-ის გადახდა დაეკისრა; სარჩელი ზიანის ანაზღაურების სახით, 114 416,16 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უარყოფილ იქნა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე, დაკისრებული ფულადი ვალდებულების 536 736,515 აშშ დოლარისა და 3 978 ლარის ფარგლებში, ყადაღის დადება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია იმ საშიშროებით, რომ მოპასუხეს არ გააჩნია უძრავი ქონება ან სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება იქნება უზრუნველყოფილი, ამასთან, მოპასუხეს სხვა პირებისა და სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები აქვს და იმ შემთხვევაშ, თუ მესამე პირების მიერ დაიწყება მოპასუხის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოება და მოხდება ქონების რეალიზაცია, ფაქტობრივად მოსარჩელეს წაერთმევა შესაძლებლობა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის, მოპასუხის საკუთრებაში საკმარისი ქონების არარსებობის გამო, აღასრულოს გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას, 376 398,58 აშშ დოლარის ფარგლებში, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 271-ე მუხლზე, ასევე, ამავე კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ინდივიდუალურად, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი უთითებდა ისეთ გარემოებაზე, რომელიც ასაბუთებდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჭიროებას, ვინაიდან, არსებობდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების საშიშროება, თუმცა განცხადება ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. პალატამ აღნიშნა, რომ განჩინების აღსრულების მიზნით, სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრადი უნდა იყოს ის ნივთები, რომელთაც ყადაღა დაედება. განსახილველ შემთხვევაში, რომელ ნივთებს დაედება ყადაღა, ან არსებობს თუ არა ზოგადად ასეთი ნივთები მოპასუხის საკუთრებაში, მოსარჩელე არ უთითებდა, შესაბამისად, მოძრავი ნივთების დაყადაღების ნაწილში მოთხოვნა პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

6.1. რაც შეეხებოდა ანგარიშებზე ყადაღის დადებას, პალატის განმარტებით, უზრუნველყოფის უკიდურესი სახეა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მხარეთა უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოიძიება, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე, ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. განსახილველ შემთხვევაში, იმ უდავო გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის სახელზე არ ირიცხებოდა უძრავი ქონება ან სატრანსპორტო საშუალება, ამასთან, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მისი მთელი ქონება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით იყო დატვირთული, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა დაკისრებული თანხის ნაწილზე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

7. დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება. საჩივრის ავტორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით გაუმართლებლად შეიზღუდა მყიდველის ინტერესები, მეტიც, შესაძლოა, უზრუნველყოფის ამ ღონისძიებით კომპანია გადახდისუუნარო გახდეს. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხეს სხვა რაიმე ქონება არ გააჩნია. საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით, შეიძლება, აღმოჩნდეს ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, როდესაც მეწარმე სუბიექტი ვერც ნებაყოფლობით და ვერც „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით, ვეღარ შეძლებს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შდრ. სუსგ # ას -69-63-2015, 19.03.2015).

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა (თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონების გასხვისების აკრძალვის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ საშიშროებით, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა უძრავი ქონება ან სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღსრულდებოდა, მას მესამე პირებისა და სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები ეკისრება და, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ მოპასუხის წინააღმდეგ დაიწყებოდა სააღსრულებო წარმოება და ქონება გაიყიდებოდა, ეს გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებშიც იკვეთება დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელის პერსპექტიულობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლებით და მართებულად უზრუნველყო გადაწყვეტილების აღსრულება.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლებას. ანგარიშებზე ყადაღის დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვის) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის დაწესებით, კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი, უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, ანგარიშებზე ყადაღის დადება ამგვარი მიზნის ლეგიტიმურია.

14. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ანგარიშებზე ყადაღის დადება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ საბანკო ანგარიშები წარმოადგენს მოვალის ერთადერთ აქტივს (მის სახელზე არ ირიცხება არანაირი უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში), ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამართლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხეს სხვა ქონება არ გააჩნდა, საბანკო ანგარიშების გარდა. პალატა მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მოვალეს, კრედიტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 196.3 მუხლს (ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია, მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე) მოიხმობს, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, რაც საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება, გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.).

16. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.ჯ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი