№ას-1389-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ს.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლ.რ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 30 იანვარს ს.მ–ძესა (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი კერძო საჩივრის ავტორი, მსესხებელი ან მოვალე) და ლ.რ–ს (შემდგომში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი), ხ.ფ–სა და გ.ო–ს (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც კრედიტორები) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 16-20). ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხემ გადასცა 9 000 აშშ დოლარი, ხ.ძემ - 10 000 აშშ დოლარი, გ.ო–მა - 7000 აშშ დოლარი; სესხის დაბრუნების ვადად 2015 წლის 30 იანვარი განისაზღვრა; ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ქალაქ თბილისში, .......... მდებარე, ბინა №15, საკადასტრო კოდით ........ (შემდეგში - იპოთეკის საგანი). ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ იქნა როგორც სარგებელი, თვეში 3%-ის დარიცხვით, ასევე, სესხის ან/და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 11%.
2. 2015 წლის 10 თებერვალს მოსარჩელესა და კრედიტორებს შორის, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 10 თებერვლამდე, სხვა პირობები უცვლელად დარჩა (იხ. შეთანხმება ტ.1. ს.ფ. 21).
3. კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2016 წლის 23 სექტემბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარით, რვა თვის საპროცენტო სარგებელი - 2160.00 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო 0.11%-ით - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 10 თებერვლიდან - აღსრულებამდე, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 137.34 ლარით. ვალდებულების შესრულების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. სააღსრულებო ფურცელში, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მიეთითა როგორც 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე- 2015 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება (იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ. 1. ს.ფ. 23-25).
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დარჩა განუხილველად.
8. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში სწორად განსაზღვროს დავის საგანი და ნათლად ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა, ისეთ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე არ ეთანხმება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალებულების მოცულობას, აღძრული სარჩელის მოთხოვნა შეიძლება იყოს ჯერ აღუსრულებელი სააღსრულებო ფურცლის სრულად ან ნაწილობრივ (ცვლილებების შეტანა) გაუქმება. მსგავსი სარჩელი შინაარსობრივად წარმოადგენს მოვალესა და კრედიტორს შორის დავას ვალდებულების არსებობასთან ან მოცულობასთან დაკავშირებით. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდგომ სააღსრულებო ფურცელი კარგავს იურიდიულ ძალას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ აკონკრეტებს, თუ რა ნაწილში ითხოვს სადავო შეთანხმებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას, დაუზუსტებელია მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელთან მიმართებითაც, კერძოდ, სადავო სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია არა მხოლოდ რვა თვის საპროცენტო სარგებლით - 2160.00 აშშ დოლარით, არამედ სესხის ძირითადი თანხის, 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 0.11%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან - აღსრულებამდე, აგრეთვე - სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯითაც - 137.34 ლარით და დადგენილია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, როგორც აღინიშნა, სააღსრულებო ფურცლის გაცემას საფუძვლად დაედო, როგორც 2014 წლის 30 იანვრის ძირითადი ხელშეკრულება, ასევე, 2015 წლის 10 თებერვლის ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არაერთგზის განემარტა, დაეზუსტებინა დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა, უარი თქვა იმ მოტივით, რომ მისი ინტერესი სწორედ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა იყო.
10. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იმის გათვალისწინებით, რომ, მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, მოსარჩელემ უარი თქვა მოთხოვნის დაზუსტებაზე, ვლინდებოდა სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.
11. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელემ აღძრა აღიარებითი სარჩელი, რომლის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
12. სააპელაციო პალატის დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიზანი და ინტერესი ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმებისა და სააღსრულებო ფურცლის სრულად ბათილად ცნობაა, რაც ვერ მიიღწევა 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშე, რადგან სადავო სააღსრულებო ფურცელში, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად 2015 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებასთან ერთად, 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაცაა მითითებული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დავის საგანს არ წარმოადგენს, აღძრული სარჩელით მხარის ინტერესი ვერ მიიღწეოდა.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:
13.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სარჩელში მითითებულია დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, მითითებულია იურიდიული ინტერესიც და შედეგიც, რომელიც მიიღწევა შეთანხმების ბათილად ცნობის შედეგად, კერძოდ, ზედმეტად არ იქნეს გადახდილი უკანონოდ დარიცხული რვა თვის პროცენტი, 2160 აშშ დოლარი, სარჩელის ფასშიც ეს თნხაა მითითებული და სახელმწიფო ბაჟიც ამ თანხის შესაბამისადაა შეტანილი. მართალია, სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლად ახალ შეთანხმებასთან ერთად მითითებულია თავდაპირველი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაც, რომელსაც არ ასაჩივრებს, მაგრამ მისი გასაჩივრების გარეშეც სრულიად კანონიერია სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ახალი შეთანხმებისა და საღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, რომლითაც ზედმეტად დაეკისრა 2160 აშშ დოლარის გადახდა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
15. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით მოვალის სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). მოსარჩელის/კერძო საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2015 წლის 10 თებერვლის შეთანხმებისა და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, მისთვის რვა თვის სარგებლის, 2160 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და, აქედან გამომდინარე, 2160 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლებაა. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ სადავო შეთანხმება ბათილია, რაც გამორიცხავს სარგებლის დარიცხვას და, შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობას, სხვა სიტყვებით, მოვალის სარჩელი წარმატებული იქნება, თუ გამოვლინდება მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წინაპირობები.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს სურს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ვინაიდან მიიჩნევს რომ სადავო ხელშეკრულებით უკანონოდ დაერიცხა რვა თვის პროცენტი - 2160 აშშ დოლარი და უთითებს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მსგავსი შეთანხმების დადების შეუძლებლობაზე, ანუ სარჩელის საგანს წარმოადგნეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არასებობის დადგენა. ამდენად, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრით, ესაა აღიარებითი სარჩელი, რომელიც სასარჩელო წარმოების შედარებით იშვიათი და შეიძლება ითქვას, საგამონაკლისო შემთხვევაა და რომლის მიმართაც მოსარჩელეს სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) აქვს იურიდიული ინტერესი, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა ის შედეგი, რაც მოსარჩელეს სურს, ამასთან ეს დავის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა (შდრ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ, #ას-1230-1150-2017. 13.11.2018, #ას-98-98-2018, 11.09.2018).
18. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ, მიუხედავად არაერთგზის განმარტებისა, მოსარჩელემ უარი თქვა მოთხოვნის დაზუსტებაზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას ითხოვს მხოლოდ რვა თვის სარგებლის, 2160 აშშ დოლარის, დაკისრების ნაწილში, ხოლო ძირითადი თანხის, 9 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს ნაწილში ვალდებულების არსებობაზე არ დავობს. ეს გარემოება დასტურდება როგორც სარჩელით (იხ. სასარჩელო მოთხოვნები და დავის საგნის ფასი) და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით (იხ. სხდომის ოქმი), ასევე სააპელაციო საჩივრით (იხ. სააპელაციო საჩივარი და საჩივრის ფასი). ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოთხოვნისა და მისი დაკმაყოფილების გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებების თაობაზე, არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა (შდრ. სუსგ-ებები: ას-241-241-2018, 25.09.2018წ; ას-712-682-2016, 08.02.2017წ; ას-742-703-2015, 04.12.22015წ). ამდენად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სარჩელი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
19. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საპელაციო პალატის დასკვნას, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიზანი და ინტერესი ვერ მიიღწევა 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშე. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, სააღსრულებო ფურცელში მოთხოვნის საფუძვლად, დამატებით შეთანხმებასთან ერთად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებაცაა მითითებული, მაგრამ მოთხოვნა, რომელის წინააღმდეგაც დავობს მოსარჩელე, უშუალოდ დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, ამიტომ სწორედ მისი ბათილად ცნობით მიიღწევა ის შედეგი, რაც მას სურს.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.მ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი