Facebook Twitter

№ას-1477-1397-2017 30 იანვარი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – თ.ჭ., თ.ჭ., ლ.ჭ.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებები

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საჯარო რეესტრის 22.10.2015 წლის მონაცემებით, ქალაქ თბილისში, სოფელ .....მდებარე უძრავი ქონება (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....), (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) რეგისტრირებული იყო ნ.ნ–ძის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), მ.ხ–ის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე), მ.ხ–ის (შემდეგში - მესამე მოსარჩელე), ლ.ხ–ის (შემდეგში -მეოთხე მოსარჩელე), ი.ხ–ის (შემდეგში მეხუთე მოსარჩელე), (შემდეგში – ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები), თ.ჭ–ას (შემდეგში - პირველი მოპასუხე), თ.ჭ–ასა (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და ლ.ჭ–ას (შემდეგში - მესამე მოპასუხე), (შემდეგში – ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) თანასაკუთრების უფლებით, გადანაწილებული შემდეგნაირად: პირველ მოსარჩელეს 1/4 წილი, მეორე მოსარჩელეს 1/16, მესამე მოსარჩელეს 1/16, მეოთხე მოსარჩელეს 1/16, მეხუთე მოსარჩელეს 1/16, პირველ და მესამე მოპასუხეებს 1/4, ხოლო მეორე მოპასუხეს 1/4 წილი (იხ. ს.ფ. 16 -19, ტ.1, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

2. 2016 წლის 6 აპრილს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მიმართ სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით (იხ. ს.ფ. 1-15, ტ.1).

3. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოსარჩელეებმა, 31.08.2016 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თავიანთი წილები აჩუქეს პირველ მოსარჩელეს, რის შედეგადაც იგი გახდა სადავო უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრე. ამ გარემოების გამო ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის მონაცემებში და უძრავ ქონებაში წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: პირველი მოსარჩელს - 1/2, პირველ და მესამე მოპასუხეებს 1/4, ხოლო მეორე მოპასუხეს 1/4 წილი (იხ. ს.ფ. 149 -150, ტ.1, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 07.09.2016 წელი).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოსარჩელის სასარჩელო განცხადება დარჩა განუხილველად, ვინაიდან მითითებულმა მოსარჩელეებმა გაიხმეს სარჩელი (იხ. ს.ფ. 164-166, ტ.1).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავ ქონებაზე გაუქმდა საზიარო უფლება საგნის გაყიდვითა და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით (იხ. ს.ფ. 290-299, ტ.1).

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საზიარო უფლების ნატურით გაუქმება მოითხოვა (იხ. ს.ფ. 290-299, ტ.1).

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 160.00 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში (იხ. ს.ფ. 2-5, ტ.2).

8. სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, 06.11.2017 წელს, აპელანტმა საქმისწარმოების შეჩერების განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 26 ოქტომბერს, მან უძრავი ქონების საკუთარი წილი (1/2 წილი) აჩუქა მ.ხ–ს, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2017 წლის 4 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, არსებობდა საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი (იხ. ს.ფ. 10, ტ.2).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის განცხადება საქმისწარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 16-17, ტ.2), ხოლო ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 18-20, ტ.2).

10. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმი წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოსარჩელის სარჩელი დარჩა განუხილველად მათ მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, შესაბამისად, მესამე მოსარჩელეს ამ საქმესთან რაიმე შემხებლობა აღარ ჰქონდა. რაკი საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობდა, აპელანტმა კი, ხარვეზი არ შეავსო, მისი სააპელაციო საჩივარი გნუხილველად უნდა დარჩენილიყო.

11. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი განცხადება საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან უძრავი ნივთის განკარგვით იგი სამართლებრივი ურთიერთობიდან გავიდა და ამ ურთიერთობებში მას ჩაენაცვლა უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე, რომელიც 2017 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

14. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებების კანონიერების საკითხი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

15. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან არსებობდა საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე წარმოიშვა აპელანტის საპროცესო უფლებამონაცვლით შეცვლის საკითხი.

16. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე აპელანტმა თავისი წილი უძრავ ქონებაში გაასხვისა მესამე მოსარჩელის სახელზე, შესაბამისად, ეს უკანასკნელი გახდა ამ ქონების მესაკუთრე და მიიღო ყველა უფლება, რაც მითითებული ქონების საკუთრების შინაარსიდან გამომდინარეობს, მათ შორის, საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება (სსკ-ის 961-ე მუხლი). ამდენად, ზემოხსენებულ შემთხვევაში, საზიარო საგნიდან გამომდინარე თანამესაკუთრეთა უფლებების მომწესრიგებელი ნორმებით, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, შესაბამისად, დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც სსსკ-ის 92-ე მუხლის მიხედვით. მართალია, ამ ნორმაში პირდაპირ არაა მითითებული, რომ უძრავი ქონების გასხვისება საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია, მაგრამ ეს არის ამ ნორმით გათვალისწინებული „სხვა“ საფუძველი. ამ საფუძვლით უფლებამონაცვლეობისას საქმის წარმოების შეჩერების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან უფლებამონაცვლე იმთავითვე ცნობილია. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მესამე მოსარჩელე აპელანტის უფლებამონაცვლეა, თუმცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი საზიარო საგნის შეძენიდან რამდენიმე დღეში ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო აპელანტის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება არ გამორიცხავს აპელანტის უფლებამონაცვლედ გარდაცვლილის მემკვიდრეების საქმეში ჩაბმას, თუ ისინი კანონით დადგენილი წესით მიიღებენ გარდაცვლილის მემკვიდრეობას. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საქმის წარმოების შეჩერება სავალდებულოა სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავოსამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას) და 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა) შესაბამისად.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი არსებობდა საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს უარი არ უნდა ეთქვა საქმის წარმოების შეჩერებაზე და სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

19. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ნ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებები, საქმე, ნ.ნ–ძის 2017 წლის 6 ნოემბრის განცხადების განსახილველად და მისივე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ე. გასიტაშვილი