Facebook Twitter

საქმე №ას-1275-2018 28 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ. და ი. კ-ები (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ყ-ა, თ. ჭ-ა (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო წარმოების შედეგების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ. ყ-ამ (შემდგომ – მესაკუთრე მოსარჩელე) და თ. ჭ-ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. (შემდგომ – პირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) და ი. კ-ების (შემდგომ – მეორე მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხეებისა და შეგებებული სარჩელის ავტორების პოზიცია:

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოსარჩელეების წინააღმდეგ, რა დროსაც მოითხოვეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, სააღსრულებო წარმოების შედეგების ბათილად ცნობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მესაკუთრე მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელს, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, 2017 წლის 14 ივნისის საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება მესაკუთრე მოსარჩელის სახელზე და პირველი მოპასუხის სახელზე არსებული წინა ჩანაწერის აღდგენა.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და მოცემული საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

10. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ ისეთ განჩინებაზე, რომელზეც კერძო საჩივრის შეტანის უფლება მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირაა ნებადართული. აღნიშნული წესის დარღვევით შეტანილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

11. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა კერძო საჩივარი შეიტანეს საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც მათი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ წინამდებარე განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე არ ეთანხმება საკასაციო პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრის მიმართ დამდგარ სამართლებრივ შედეგს და მოითხოვა მოცემული საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემას.

13. მოპასუხეთა მითითებული მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას სსსკ-ი არ ითვალისწინებს.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და ი. კ-ების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი