Facebook Twitter

საქმე №ას-56-2019 28 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ. ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. ბ-ე, ე. პ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ჯ. ი-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ის და ე. პ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ი-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. ამავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის უარი განცხადების მიღებაზე ხელს არ უშლის მოსარჩელეს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ. ი-ის კერძო საჩივარი. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება.

გამომდინარე აქედან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ჯ. ი-ის საკასაციო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჯ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური