საქმე №ა-1717-შ-39-2018 25 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის ოლქის საერთო კომპეტენტური სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის ოლქის საერთო კომპეტენტური სასამართლოს 2016 წლის 2 მაისის განაჩენი Nშს2/0279/02/15
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის ოლქის საერთო კომპეტენტური სასამართლოს 2016 წლის 2 მაისის #შს2/0279/02/15 განაჩენის (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენი) თანახმად 2015 წლის 2 სექტემბერს ა.ჰ–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი წარადგინა დ.გ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და გ.ტ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მოვალე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ მოპასუხეებს მათ წინააღმდეგ არსებულ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ. საქმის განხილვაზე მოპასუხეები არ გამოცხადებულან. მათ კანონით დადგენილი წესით, რეგისტრირებულ და სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, სასამართლო უწყებები გაეგზავნათ, თუმცა, ადრესატებს ვერ ჩაბარდათ.
3. განაჩენით დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხეები საერთო ბიზნესს აწარმოებდნენ ქ. გიუმრში. მოსარჩელემ მოპასუხეებს 840 ევრო 2010 წლის აპრილის ბოლომდე ასესხა, სანაცვლოდ მათ ფეხსაცმლის წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობა უნდა შეეძინათ.
4. მოსარჩელემ 2015 წლის 17 ნოემბერს სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეთათვის 840 ევროს ნაცვლად 84 000 ევროს დაკისრება მოითხოვა.
5. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ქვითრით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელისაგან, 2010 წლის აპრილის ბოლომდე, 84 000 ევრო ისესხეს. აღნიშნულ ქვითარს მეორე მოპასუხემ 2009 წლის 28 ოქტომბერს მოაწერა ხელი, ხოლო პირველმა მოპასუხემ - 2010 წლის 15 მარტს.
6. 2015 წლის 2 სექტემბრის #000238 გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა - 9 000 დრამი გადაიხადა.
7. სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის გაცვლითი კურსის თანახმად 2015 წლის 2 სექტემბერს 1 ევრო 545.58 სომხეთის რესპუბლიკის დრამს უდრიდა.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 84 000 (ოთხმოცდაოთხი ათასი) ევროს ექვივალენტის 45 828 720 (ორმოცდახუთი მილიონ რვაასოცდარვა ათას შვიდასოცი) სომხეთის რესპუბლიკის დრამის გადახდა დაეკისრათ. მოპასუხეებს სომხეთის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის სახით, 907 574 (ცხრაასშვიდი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი) სომხეთის რესპუბლიკის დრამის გადახდა დაეკისრათ.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის სასამართლომ საქართველოს კომპეტენტურ სასამართლომ ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული განაჩენის საქართველს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება თხოვა მოვალის მიმართ სომხეთის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 907 574 სომხეთის რესპუბლიკის დრამის დაკისრების ნაწილში.
10. უცხო ქვეყნის სასამართლომ, 2018 წლის 12 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ითხოვა, მოწინააღმდეგე მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.
11. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
12. შუამდგომლობაზე დართული ცნობით დასტურდება, რომ მხარეები სათანდო ფორმით ინფორმირებულნი იყვნენ სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
14. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა (ოთხჯერ ფოსტის მეშვეობით), ასევე, გამოყენებული იქნა სასამართლოს დავალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული საუბნო სამსახურის მეშვეობით მოპასუხისათვის გზავნილის (განჩინების) ჩაბარების შესახებ.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება დაევალა, თუმცა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის განმარტებით, ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოვალეს საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის /შემდეგში: სპეციალური კანონი/ 71.3-ე მუხლი).
17. აღნიშნული შეტყობინება უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლის 10 დეკემბერს განთავსდა, მხარისათვის ჩაბარებულად კი მისი საჯაროდ გავრცელებიდან 7 დღის შემდეგ ითვლება. მოვალეს მის წინააღმდეგ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ“ ხელშეკრულების (შემდეგში - საერთაშორისო ხელშეკრულება) და წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენი.
18. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ირკვევა, რომ მეორე მოპასუხეს სომხეთის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა პირველ მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად, იმ ნაწილში, რომლის შესაბამისი ბაჟი მოსარჩელეს არ გადაუხდია, სარჩელი კი დაკმაყოფილდა.
19. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის განაჩენში მითითებულია, რომ მეორე მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ, თუმცა, მას გზავნილი სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე არ ჩაბარდა, ის არც სხდომაზე გამოცხადებულა და არც მოსაზრება წარუდგენია, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მეორე მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.
20. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც ხელშეკრულებების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეები. მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს, პროკურატურასა და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო სამართლის საქმეები (შემდგომში „დაწესებულებები“) წარადგინონ სარჩელი და განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებები იმავე პირობებით, როგორც მეორე ქვეყნის მოქალაქეებმა.
21. ამავე ხელშეკრულების მე-4 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 17-21 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი განაჩენის ხელმეორედ არსებით განხილვას.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების მე-18 მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 21-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.
23. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულების ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს უცხო ქვეყნის სასამართლოს შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 17-21 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის ოლქის საერთო კომპეტენტური სასამართლოს შუამდგომლობა გ.ტ–ის მიმართ, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს სომხეთის რესპუბლიკის, შირაკის ოლქის საერთო კომპეტენტური სასამართლოს 2016 წლის 2 მაისის #შს2/0279/02/15 განაჩენი, რომლითაც გ.ტ–ს სომხეთის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 907 574 (ცხრაასშვიდი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი) სომხეთის რესპუბლიკის დრამის გადახდა დაეკისრა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე