Facebook Twitter

საქმე №ა-4744-შ-119-2017 30 მაისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

შუამდგომლობის ავტორი – შპს ''ი.'' (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ.უ.

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''კ–მა'' (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ვ.ჟ–ი (საწარმოს დირექტორი), გ.ხ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის #A40-59758/15-28-463 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ი–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, კრედიტორი ან შუამდგომლობის ავტორი) და შპს „კ–მას“ (მოპასუხე, მყიდველი, მოვალე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2014 წლის 24 იანვარს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში: ნასყიდობის ხელშეკრულება) სამედიცინო პროდუქციის, სამედიცინო მოწყობილობის, სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული პროდუქციის, ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის, პარაფარმაცევტული პროდუქციის, შესახვევი მასალებისაგან დამზადებული ნაწარმის, სამედიცინო დანიშნულების სხვა საგნებისა და სახალხო მოხმარების საქონლის შესახებ. საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა ცალკეულ პარტიებად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 000 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

2. გამყიდველმა მყიდველს 138 560,94 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გადასცა, თუმცა მყიდველს ნასყიდობის საფასური სრულად არ გადაუხდია, რის გამოც მოვალეს კრედიტორის მიმართ დავალიანება 124 560,94 აშშ დოლარი ეკისრება.

3. გამყიდველმა სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მის სასარგებლოდ მოვალისათვის ძირითადი ვალდებულებისათვის - 124 560,94 აშშ დოლარის, პროცენტისათვის - 773,52 აშშ დოლარის, სახელმწიფო გადასახადებისათვის - 65 081 რუბლისა და 4 700,55 რუბლის დაკისრება მოითხოვა.

4. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის #A40-59758/15-28-463 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) დადგენილია, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ მიწვეული სასამართლო განხილვაზე, თუმცა მოპასუხე საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა და არც წარმომადგენელი გაუგზავნია სასამართლოში, მოპასუხეს არც შუამდგომლობით მიუმართავს სხდომის გადადების თაობაზე. ამასთან, არც სასარჩელო მოთხოვნა ცნო და არც რაიმე დოკუმენტი წარუდგენია, რომელიც მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა ან გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის არსებობას საქონლის უხარისხობაზე მითითებით. უცხო ქვეყნის სასამართლომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა - დასაბუთებულად.

5. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც სარჩელს შეწინააღმდეგებია, უცხო ქვეყნის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველს გამყიდველის მოთხოვნებზე პრეტენზია არ გააჩნია.

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი მყიდველის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შემდეგი თანხების გადახდა დაეკისრა:

6.1. ძირითადი დავალიანება - 124 560,94 აშშ დოლარი;

6.2. პროცენტი - 773,52 აშშ დოლარი;

6.3. სახელმწიფო გადასახადები - 65 081 რუბლი;

6.4. საადვოკატო ჰონორარი - 12 500 აშშ დოლარი;

6.5. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო გადასახადი 4 700 რუბლი დაუბრუნდა.

7. მოსარჩელემ, 2017 წლის 14 ნოემბერს, წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ.

8. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, გამყიდველის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

10. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

11. მოპასუხემ 2018 წლის 13 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი, მოსაზრების წარმოსადგენად განსაზღვრული, 5-დღიანი ვადის გაგრძელება, სულ მცირე, 14 დღით ითხოვა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით მყიდველის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მასვე განემარტა, რომ განჩინების გადაცემიდან 20 დღის ვადაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, აგრეთვე შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

13. მოპასუხემ, 2018 წლის 28 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა და მოსაზრება წარმოადგინა, სადაც მითითებულია, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ქ. მოსკოვში მიმდინარე სასამართლო პროცესების თაობაზე, მას გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, შესაბამისად, არც მისი გასაჩივრების შესაძლებლობა ჰქონდა, რის გამოც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა საეჭვოა. მოწინააღმდეგე მხარემ საქმის ზეპირი განხილვა და თარჯიმნის მომსახურება მოითხოვა, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო ენას არ ფლობს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა, 2018 წლის 17 მაისს, 16:30 საათზე დაინიშნა, რის შესახებაც, კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იქნენ მხარეები.

15. მოპასუხემ 2018 წლის 11 მაისს კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით და საქართველოს ფოსტის 2018 წლის 29 მარტის გზავნილი წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციიდან 2017 წლის 7 აგვისტოს გამოგზავნილი წერილი მყიდველს არ ჩაბარდა და ჩაუბარებელი სახით გამომგზავნს დაუბრუნდა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის სხდომაზე შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხე უცხო ქვეყანაში გამართულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განხილვის თაობაზე წინასწარ იყო ინფორმირებული. კრედიტორის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოვალის პრეტენზიას მისთვის უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მოპასუხეს იმ მისამართზე გაეგზავნა, სადაც უზენაესი სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და თავად მყიდველიც საკუთარ მისამართად დღემდე იგივე მისამართს უთითებს.

17. მოპასუხის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განმარტა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა საეჭვოა, რადგან გადაწყვეტილების ასლი მას არ ჩაბარებია. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოგზავნილი გამყიდველის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებისას შეიტყო. მყიდველის წარმომადგენლის განმარტებით, უცხო ქვეყანაში 2017 წლის 3 ივლისის სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო, მან საკასაციო სასამართლოს უცხო ქვეყნის სასამართლოს ის დადგენილებაც კი წარუდგინა, რომლითაც უცხო ქვეყნის სასამართლომ 2017 წლის 3 ივლისს, 10:00 საათზე, საქმის განხილვა ჩანიშნა. წარმოდგენილი დადგენილება საკასაციო სასამართლომ საქმეს დაურთო. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, უცხო ქვეყნის სასამართლოს მოპასუხის მოსაზრებები გაეგზავნა, მოპასუხე მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადებულა და არსებითი განხილვის ჩანიშვნას ელოდებოდა. მყიდველმა ერთ-ერთ არგუმენტად იმაზე მიუთითა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია და არ შეიცავს გასაჩივრების წესის დეტალურ აღწერას. მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ) უნდა იხელმძღვანელოს და ამგვარად გადაწყვიტოს სადავო საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

გამყიდველის შუამდგომლობით მოთხოვნილი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, რაც ემყარება ხელშეკრულებისა და საქმის მასალების შეზღუდული სახით გამოკვლევას და მხარეთა პოზიციების ზეპირი მოსმენით განხილვას, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

18. საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე შუამდგომლობის ავტორმა დააზუსტა ამ განჩინების მესამე პუნქტში მითითებული მოთხოვნა და განმარტა, რომ მოპასუხისათვის სასამართლო ხარჯის 4 700.55 რუბლის დაკისრებას არ ითხოვს, რადგან ეს თანხა, როგორც ზედმეტად გადახდილი, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უბრუნდება.

19. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სახეზეა თუ არა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა /მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება/ და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით /გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები/ გათვალისწინებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ ხელმძღვანელობს გაეროს ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენციით, რადგან უცხო ქვეყნის სასამართლო რუსეთის ფედერაციის საერთო სასამართლოების შემადგენლობაშია და არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საარბიტრაჟო ინსტიტუტს.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს. მან არა მარტო უნდა მიუთითოს საკასაციო სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველზე, არამედ უნდა წარუდგინოს კიდეც სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები.

21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის, თუმცა, მან ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება.

22. საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეაფასებს მოწინააღმდეგე მხარის, ამ განჩინების მე-13 და მე-17 პუნქტებში დასახელებულ, პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სასამართლოსათვის თავისი პრეტენზიის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება, არ წარმოუდგენია.

23. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე მსჯელობისას სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას არსებითად არ განიხილავს.

24. მოვალის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დადგენილება (იხ. ამ განჩინების მე-17 პუნქტი) უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო კრედიტორის მიერ აღძრული სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის თაობაზე. მოპასუხეს სარჩელის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეწინააღმდეგებოდა სარჩელს და კრედიტორის მოთხოვნის საწინააღმდეგო არგუმენტები წარედგინა, რაც მოვალეს არ განუხორციელებია. მყიდველი აცხადებს, რომ მან უცხო ქვეყნის სასამართლოში მოსაზრებები გაგზავნა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საკასაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოვალის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმის მსვლელობის შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო უცხო ქვეყნის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.msk.arbitr.ru), ამასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარემ სადავოდ გახადა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად იყო ვალდებული სცოდნოდა ინტერნეტის გამოყენება და რუსული ენა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იურიდიული პირი ვალდებულია სარჩელში ელექტრონული ფოსტის მისამართი მიუთითოს, რაც შეეხება რუსული ენის ცოდნას - ამ არგუმენტის იმ მხარის სასარგებლოდ გაზიარება, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობს და საქართველოში გამართულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თარჯიმნის მომსახურება სჭირდება, შეუძლებელია.

25. მოპასუხის მიერ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გაცხადებული პრეტენზიის პასუხად, სასამართლო განმარტავს, რომ დავის განმხილველი სასამართლოს ადგილსამყოფელის მიხედვით მოქმედი სამართლით არის მიღებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულებაა მოთხოვნილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების სამართლებრივ გამართულობაზე. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და საქართველოს უზენაესი სასამართლო მხოლოდ ამ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების სამართლებრივ საკითხზე მსჯელობს.

26. საკასაციო სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულების მე-10 თავზე გაამახვილებს ყურადღებას აღნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ სადავო საკითხების გადაწყვეტის წესზე, რომლებიც ხელშეკრულების შესრულების, შეცვლის, შეწყვეტის შედეგად წარმოიშვება. ამ შეთანხმების თანახმად სადავო საკითხები ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო, საარბიტრაჟო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებები სავალდებულოა ორივე მხარისათვის. აღნიშნული ხელშეკრულება რეგულირდება რუსეთის ფედერაციის მატერიალური სამართლით. საარბიტრაჟო პროცესის ენა და სრული დოკუმენტბრუნვა რუსულ ენაზე ხორციელდება.

27. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ ის რუსულ კანონმდებლობას არ ფლობს.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერც წერილობით და ვერც ზეპირი ახსნა-განმარტებების დროს სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე სათანადო წესით არ იყო ინფორმირებული უცხო ქვეყანაში წარმოებული საქმის თაობაზე.

29. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზია საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, დაუსაბუთებელია.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს უცხო ქვეყნის სასამართლოს მოსამართლე. ამგვარი ჩანაწერი იმდენად მაღალი ლეგიტიმაციის მქონეა, რომ მარტოოდენ მოწინააღმდეგე მხარის მას ვერ გააბათილებს. კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ სასამართლო ჩანაწერის გაქარწყლებას დასაბუთებული მტკიცებულება სჭირდება, რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

31. საკასაციო სასამართლომ შუამდგომლობით მოთხოვნილ საადვოკატო ხარჯთან -12 500 აშშ დოლართან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს თანხა მოიცავს საადვოკატო მომსახურებას, როგორც უცხო ქვეყნის სასამართლოში, ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხსაც. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უცხო ქვეყნის სასამართლოში გაწეული საადვოკატო ხარჯის ანაზღაურება უცხო ქვეყნის სასამართლოში უნდა მოეთხოვა და არა გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 12 500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაეკისროს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ეს თანხა ადვოკატის მიერ გაწეული სამუშაოს ადეკვატურია, რაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს უკავშირდება.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამყიდველის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი–ის“ /ს.კ. ...../ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის #A40-59758/15-28-463 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შპს „ი–ის“ /ს.კ. ...../ სასარგებლოდ, მოპასუხე შპს ''კ–მას'' (ს/კ .....) /საქართველო, ქ. თბილისი, 0158, ისანი-სამგორის რაიონი, .... სახლი 42, ბინა13/ დაეკისრა:

2.1. ძირითადი დავალიანების - 124 560,94 (ას ოცდაოთხი ათას ხუთას სამოცი აშშ დოლარი და ოთხმოცდათოთხმეტი ცენტი) აშშ დოლარის;

2.2. პროცენტის - 773,52 (შვიდას სამოცდაცამეტი აშშ დოლარისა და ორმოცდათორმეტი ცენტის) აშშ დოლარის;

2.3. სახელმწიფო გადასახადებისათვის გაწეული ხარჯის - 65 081 (სამოცდახუთი ათას ოთხმოცდაერთი) რუბლის გადახდა;

3. მოპასუხე შპს ''კ–მას'' შპს „ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება;

4.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ეკატერინე გასიტაშვილი

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე