Facebook Twitter

ბს-1322-141-კს-04 16 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: თბილისის სააღსრულებო ბიუროს, ს/ს “თ-ის” ნოტარიუს ნ. გ-ის, ნ. ბ-ის, მე-3 პირების: ნ. ჭ-ას და ზ. მ-ის მიმართ და მოითხოვა 1994წ. 16 იანვარს მისი სახელით შესრულებული ჩუქების ხელშეკრულების, 1998 წელს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2000წ. 28 სექტემბრის აუქციონისა და განკარგულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ¹....... , 2/14-01 გაუქმება და ქ. თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 2 ოქტომბერს ზ. მ-ზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. ბ-ის სარჩელი, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი 1994წ. 16 იანვარს ი. ბ-ის სახელით შესრულებული ჩუქების ხელშეკრულება და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2000წ. 28 სექტემბრის განკარგულება აუქციონის ჩატარებისა და ზ. მ-ისათვის უძრავი ქონების საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ. ი. ბ-ეს სარჩელის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ი. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ქ. თბილისში, ... მდებარე ბინაზე ყადაღის დადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა ¹17-ს. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ყადაღის მოხსნა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ბინა, რომელსაც დაედო ყადაღა, წარმოადგენს მის საკუთრებას. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მან გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ი. ბ-ეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრიდან სადავო ბინის მისი საკუთრებიდან ამორიცხვაზე, რასაც იგი დაეთანხმა, რადგან გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. მიაჩნია, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს ბინაზე საკუთრების უფლება და, შესაბამისად, ამ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს გადაწყვეტილების აღსრულებასთან, ანუ სასამართლო არ იხილავს საკუთრების საკითხს და ბინაზე ყადაღის დადება იყო უსაფუძვლო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. მ-ის კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დავის საგანს აღარ წარმოადგენს სადავო ბინის საკუთრების საკითხი და, შესაბამისად, მას არანაირი კავშირი არ აქვს აღსრულებასთან, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრიდან სადავო ბინის ზ. მ-ის საკუთრებიდან ამორიცხვაზე. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტზე, რომლითაც ბათილად გამოცხადდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2000წ. 28 სექტემბრის ¹262/5-06 განკარგულება აუქციონის ჩატარებისა და ზ. მ-ისათვის უძრავი ქონების საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ, ანუ გაბათილდა ის საფუძველი, რომლის საფუძველზე ზ. მ-ი თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სადავო ბინის მესაკუთრედ. ამდენად, სადავო არის ბინაზე საკუთრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიზნად ისახავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რათა შემდგომში არ გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სათანადო მოპასუხეობის საკითხი, რადგან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ სარჩელი წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორს წარმოადგენს ს/ს “თ-ი”, ხოლო მოვალეებს _ ნ. ბ-ე და ნ. ჭ-ა. სასამართლომ ი. ბ-ის სარჩელზე სათანადო მოპასუხეების დადგენის შემდეგ უნდა განსაზღვროს განსახილველი დავის განსჯადობა და იმსჯელოს საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.