Facebook Twitter

საქმე №ა-5487-შ-137-2018 1 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.მ.

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ძ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმდა ი.მ–სა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) და ლ.ძ–ძეს (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2006 წლის 16 ნოემბერს ტონდერის/დანია მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (#...).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2018 წლის 27 ნოემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 14 სექტემბრიდან.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით, სასამართლომ მოისმინა განმცხადებლის პოზიცია, რომ წყვილი 2008 წლის მაისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხის მოსმენა სასამართლომ ვერ შეძლო, რადგან მისი საცხოვრებელი ადგილი ვერ დადგინდა. მოპასუხის მისამართის დადგენა ვერც საქართველოში გერმანიის საელჩომ და საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა შეძლეს. უცხო ქვეყნის სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

5. მოწინააღმდეგე მხარემ, 2018 წლის 27 ნოემბერს, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და განმარტა, რომ განქორწინების თაობაზე უცხო ქვეყანაში წარმოებული საქმის შესახებ ინფორმირებული იყო და პრეტენზია არ გააჩნია. ის თანახმაა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნოს.

6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ განქორწინების თაობაზე განცხადება შუამდგომლობის ავტორმა წარადგინა, რადგან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობდნენ, მოპასუხის ინფორმირება კი მისი ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო ვერ მოხეხრხდა. თუმცა, მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წერილობით განუცხადა, რომ თანახმაა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს (იხ. ამ განჩინების 4-5 პუნქტები).

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ი.მ–სა და ლ.ძ–ძეს შორის 2006 წლის 16 ნოემბერს ტონდერის/დანია მმაჩის ბიუროს მოხელესთან რეგისტრირებული ქორწინება (#....);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე