საქმე №ას-1953-2018 4 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ი-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე სამეურვეო ქონების მასიდან უძრავი ნივთის ამოღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-ისა“ (შემდგომში – მოპასუხე) და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე სამეურვეო ქონების მასიდან უძრავი ნივთის ამოღების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ. მეურვედ დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.
3. მოსარჩელემ იძულებით აუქციონზე შეიძინა უძრავი ნივთი. სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული №-... განკარგულება წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ.
4. საჯარო რეესტრის №-... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე. სადავო ნივთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და არ შედის სამეურვეო ქონებაში, რადგან იგი მოპასუხის მიერ უკვე განიკარგა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების მიღებამდე.
5. მიუხედავად აღნიშნულისა, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 მარტის №-... წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული ნივთი მოექცა სამეურვეო მასაში.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
7. მოპასუხემ მიუთითა, რომ სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიმართა 2017 წლის 20 ნოემბერს. სადავო აუქციონი დასრულდა 21 ნოემბერს, ხოლო განკარგულება სადავო უძრავი ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე შედგა 2017 წლის 24 ნოემბერს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება ამოღებულ იქნა მოპასუხის მიმართ დაწყებულ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე სამეურვეო ქონების მასიდან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2015 წლის 5 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა №-... სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე განხორციელდა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე მოვალის – მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 21 ნოემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მოსარჩელე.
11. მოსარჩელემ მითითებული ქონება სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად შეიძინა 5 373 580 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად.
12. 2017 წლის 27 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მოსარჩელის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა იძულებითი აღსრულება თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 ნოემბერს N-... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის №2/32158-17 საქმეზე მიღებული განჩინებით მოპასუხის მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმე და მეურვედ დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.
14. 2017 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხის მეურვეს – სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ და აცნობა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაიყიდა აუქციონზე მის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებამდე და ამჟამად არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, შესაბამისად, აუქციონზე შეძენილი ქონება არც სამეურვეო მასაში შედის.
15. სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ მოსარჩელეს აცნობა, რომ ვინაიდან გადახდისუუნარობის გახსნის მომენტიდან დღემდე უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, არის მოპასუხის საკუთრება, იგი მოქცეულია სამეურვეო მასაში.
16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სწორად მოხდა მოპასუხის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებს გამო სამეურვეო ქონების მასიდან უძრავი ქონების ამოღება.
17. საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ მე-19 მუხლის, 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამეურვეო ქონების მასიდან უძრავი ქონების ამოსაღებად უნდა არსებობდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, მოვალის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერებას ან იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიების დაწყების აკრძალვა უკავშირდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტს. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტს კი, ამავე კანონის თანახმად, წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლოს წარმოებაში მიღების დრო. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
18. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს მოთხოვნის უფლებას. სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემოაღნიშნული წინაპირობები. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, მოსარჩელისა და სხვა საბანაკო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე 2015 წლის 5 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა №-... სააღსრულებო ფურცელი. უძრავი ქონება რეალიზდა იძულებით საჯარო აუქციონზე და, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად, ჩატარდა იძულებითი აუქციონი. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე მოვალის – მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 21 ნოემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მოსარჩელე.
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს წარმოებაში მიღებული იქნა 2017 წლის 8 დეკემბერს, ანუ მას შემდეგ რაც ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 5 თებერვალს გაცემული №-... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განხორციელდა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 21 ნოემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მოსარჩელე.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტამდე აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების შესახებ, ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე, შესაბამისად, მოცემულ დავაში რეესტრის ჩანაწერში დაფიქსირებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოვალის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების სამეურვეო მასაში მოქცევა კანონშეუსაბამოა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად იყო მითითებული დავის საგანი და ერთ-ერთი მხარე. აღნიშნული ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება შეადგინა ე.წ შაბლონის გამოყენებით, რაც დაუშვებელია და მის დაუსაბუთებლობაზე მიანიშნებს.
25. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მომენტს. მართალია, 2017 წლის 8 დეკემბერს გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუმცა განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 20 ნოემბერს.
26. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო 2017 წლის 20 ნოემბერს, რაც ნამდვილად უდავოა. ამავე კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამეურვეო მასა შედგა 2017 წლის 20 ნოემბერს და მასში უდავოდ შედის სარჩელით მოთხოვნილი ქონება. ანალოგიური შინაარსისაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის №ას-166-160-2011 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად განცხადების შეტანის დღიდან არა თუ სამეურვეო მასა განისაზღვრება, არამედ მითითებული კანონის 21-ე მუხლის მოქმედებაც კი ვრცელდება.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 5 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა №-... სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე განხორციელდა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე მოვალის – მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 21 ნოემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მოსარჩელე.
30. მოსარჩელემ მითითებული ქონება სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად შეიძინა 5 373 580 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად.
31. 2017 წლის 27 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მოსარჩელის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა იძულებითი აღსრულება თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 ნოემბერს N--... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
32. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბერს №2/32158-17 საქმეზე მიღებული განჩინებით მოპასუხის მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმე და მეურვედ დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.
33. 2017 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხის მეურვეს – სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ და აცნობა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაიყიდა აუქციონზე მის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებამდე და ამჟამად არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, შესაბამისად, აუქციონზე შეძენილი ქონება არც სამეურვეო მასაში შედის.
34. სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ მოსარჩელეს აცნობა, რომ ვინაიდან გადახდისუუნარობის გახსნის მომენტიდან დღემდე უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, არის მოპასუხის საკუთრება, იგი მოქცეულია სამეურვეო მასაში.
35. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სამეურვეო მასა შედგა 2017 წლის 20 ნოემბერს და მასში უდავოდ შედის სარჩელით მოთხოვნილი ქონება.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
38. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, მოსარჩელის მიერ იძულებით აუქციონზე შეძენილი უძრავი ნივთი შედის თუ არა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას განსაზღვრულ სამეურვეო ქონების მასაში.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი ადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის წესსა და პროცედურას. 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება.
40. ამავე კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება სასამართლომ გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა უნდა გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს განჩინების დამატებით ბეჭდვით ორგანოში, მათ შორის, საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში, გამოქვეყნება.
41. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონმდებელი მოვალის წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი ღონისძიების შეჩერებას გადახდისუუნარობის თაობაზე მხარის განცხადების სასამართლოს წარმოებაში მიღების გამოტანის მომენტს უკავშირებს. მითითებული გარემოება იმითაა განპირობებული, რომ დაინტერესებული მხარისათვის გადახდისუუნარობის წარმოების შესახებ ინფორმაცია ობიექტურად ხელმისაწვდომია სასამართლოს მიერ ამგვარი განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, შესაძლებლობა გააჩნია, დაიცვას საკუთარი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებები.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, მე-5 პუნქტის მიხედვით კი, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
43. ამდენად, აღნიშნული კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განკარგულების გამოცემა წარმოადგენს საკუთრების უფლების გადასვლის წინაპირობას.
44. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე იძულებითი აღსრულების მოთხოვნით.
45. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
46. კასატორის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს წარმოებაში მიღებულ იქნა 2017 წლის 8 დეკემბერს (ს.ფ. 64). ვინაიდან განცხადების წარმოებაში მიღებამდე ჩატარებული იძულებითი აღსრულების შედეგად გაცემული განკარგულებით მოსარჩელეს სადავო ქონებაზე გადაეცა საკუთრება, საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში, გადახდისუუნარობის საქმეზე ქონების სამეურვეო მასაში მოქცევის საფუძვლები არ არსებობს.
47. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორმა ვერ წარმოადგინა.
48. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №ას-166-160-2011 საქმეზე 2011 წლის 6 ივნისს მიღებული განჩინებით დადგენილ პრაქტიკას.
49. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული განჩინებით სადავო საკითხზე სასამართლო პრაქტიკა უზენაეს სასამართლოს არ დაუდგენია, რადგან 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება სწორედ იურიდიული დასაბუთების არარსებობის მოტივით და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
50. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
51. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
53. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი