საქმე №ას-1156-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.წ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების, საჯარო რეესტრში, აღრიცხვა მემკვიდრის საკუთრებაში
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმე №2/12982-11 დ. და ნ. წ–ის სარჩელის (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) გამო ა.ა–ის, ა.ნ–ის და გ.ა–ის მიმართ, ა.ა–ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადასტურებისა და საალიმენტო დავალიანების სამკვიდრო ქონების რეალიზაციის გზით გასტუმრების შესახებ და სამოქალაქო საქმე №2/8790-10 გ.ა–ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების ა.ნ–ის და გ.ნ–ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ნომერი №2/8790-10 (ტ. 2,ს.ფ.8).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელეების სარჩელზე, ა.ა–ის, ა.ნ–ის და გ.ა–ის მიმართ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადასტურებისა და საალიმენტო დავალიანების სამკვიდრო ქონების რეალიზაციის გზით გასტუმრების შესახებ სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან მოპასუხე ა.ა–მა სრულად დაფარა საალიმენტო დავალიანება (ტ.2,ს.ფ.68).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...... მდებარე ა.ნ–ისა (ს/კ:.....) და გ.ნ–ნის (ს/კ:....) საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ; ამასთან, დაკმაყოფილდა ქ.შ–ის სარჩელი და ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ..... მდებარე ა. ნ–ისა (ს/კ:......) და გ. ნ–ის (ს/კ:.....) საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ.ო–ის მიერ 15.04.2010 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და მის მიერვე დამოწმებული 26.06.2010 წელს, ა. და გ.ნ–ებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გ.ა–ისა და ქ.შ–ის წილების ნაწილში (ტ.2,ს.ფ.104-116).
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ნ–ისა და გ. ნ–ის უფლებამონაცვლემ ლ.ა–მა.
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება, რის გამოც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა (ტ.4,ს.ფ. 352-356).
6. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2018 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ამ სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
7. განმცხადებელმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მარწმუნებელი მიწვეული არ იყო საქმის განხილვაზე, რითაც არსებითად შეილახა მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები.
8. მოსარჩელის წარმომადგენელმა, იმავე წლის 4 ივლისს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, მოითხოვა ნ.ა–ის უძრავ ქონებაზე, ქ. თბილისში, .... ქუჩაზე, №2ა-ში, ს/კ:....., დაზუსტებული ფართობი: 163.00კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, ყადაღის დადება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ განმცხადებლისათვის (დ.წ–ისათვის) ჯერ კიდევ 2012 წლის იანვარში იყო ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო გ.ა–ის და ქ.შ–ის სარჩელები ა.ნ–ის და გ.ნ–ის მიმართ, ქ. თბილისში, ..... მდებარე, 1966 წლის 17 მაისს გარდაცვლილი ტ.ა–ის დანაშთი სამემკვიდრეო ქონებიდან 1/3 წილის მიკუთვნების თაობაზე. უფრო მეტიც, მის კანონიერ წარმომადგენელს, როგორც მესამე პირს, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით 2010 წლის 3 დეკემბერს აღძრული ჰქონდა სარჩელი გ.ა–ის და ა.ნ–ის მიმართ, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, რომელიც 2010 წლის 8 დეკემბერს განჩინებით არ იქნა მიღებული წარმოებაში და ამის შემდეგ მას იმავე სადავო საგანზე სარჩელი არ აღუძრავს სასამართლოში. მართალია, 2010-12 წლებში განმცხადებელი (დ.წ.) არასრულწლოვანი იყო, თუმცა, ხსენებულ დავებში მას წარმოადგენდა მისი კანონიერი წარმომადგენელი, დედა - ნ.წ., რომელსაც თავის მხრივ ადვოკატი წარმოადგენდა სასამართლოში, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მიმდინარე სამართალწარმოების თაობაზე ცნობილი იყო უშუალოდ განმცხადებლისთვისაც.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2016 წლის 12 ივლისს სააპელაციო სასამართლოში, მხარეთა მორიგებით დასრულებულ საქმეზე, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება, აღნიშნული განჩინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა წარედგინა განმცხადებელს და არა - 2018 წლის 20 ივნისს. ამასთან, დასახელებული განცხადება არ არის არგუმენტირებული, არც ისეთი მტკიცებულება არის წარდგენილი, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული განცხადების ვადის დარღვევით წარდგენას, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებაზე წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის განჩინების, მორიგების დამტკიცების თაობაზე, და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება.
12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო პირველი ინსტანციის საბოლოო გადაწყვეტილებისა და სააპელაციო სასამართლოში მორიგების დამტკიცების თაობაზე. შესაბამისად იმ საფუძვლით, რომ ჩაბმული არ იყო სამართალწარმოებაში სათანადო წესით, უნდა გაუქმებულიყო გასაჩივრებული განჩინება და საქმე განხილულიყო ხელახლა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტს წარმოადგენს წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ხსენებული გარემოება საქმეთა გაერთიანების შესახებ. აღნიშნულ საქმეთაგან, ერთ-ერთში, 2010 წლის 3 დეკემბერს წარდგენილი სარჩელის მიხედვით მოსარჩელეს წარმოადგენდა ნ.ა. (იგივე ნ.წ.), კერძო საჩივრის ავტორის დედა, მოთხოვნას წარმოადგენდა, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა. აღნიშნული სარჩელი 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში არ მიიღო სასამართლომ. უდავოდ დადგენილია, და არც მხარეს მიუთითებია საპირისპიროდ, რომ აღნიშნულ დავის საგანზე, სარჩელი ან რაიმე სახის პრეტენზია სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ 2010 წელსვე კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო სასამართლო განჩინებით დადგენილი შედეგი, რომელიც შესაბამისი წესით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს, სასამართლოსათვის მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად, ვარგისი მტკიცებულება არ წარუდგენია მორიგების დამტკიცების თაობაზე 2016 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე, მხარის მიერ 2018 წლის 20 ივნისს წარდგენილი განცხადება, მისი ბათილად ცნობის შესახებ, დაუსაბუთებელია.
18. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის „განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“ მოხმობით განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებულია განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.
19. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია და სამართლებრივ შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.წ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე