Facebook Twitter

საქმე №ას-1158-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ვ., ხ.უ., გ.ა. (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 თებერვლის NA16072215-010/004 ინფორმაციით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N2/6493-15 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც, დ.ვ–ს (შემდეგში: მოვალე, მოპასუხე) დაეკისრა გ.ზ–თვის (შემდეგში: მოპასუხე, კრედიტორი) თანხის გადახდა, 950 ლარის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 7 ოქტომბერს ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ....... არსებულ ნივთებს. 2016 წლის 7 ოქტომბრის N110817 ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მიხედვით, თბილისის სააღსრულებო ბიურომ აღწერა და დააყადაღა შემდეგი დასახელების ნივთები: ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის; 2) მაცივარი ”ვესტელის” ფირმის; 3) სარეცხი მანქანა ”ვიატკას” ფირმის; 4) კომოდი 5) საწერი მაგიდა (ს.ფ. 14-15, 23);

2. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 თებერვლის NA16086163-010/004 ინფორმაციით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, სამსახური ან კასატორი) მიერ გაცემული N4-5/ს.ფ.-261-16 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოვალეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა: 8 000 ლარი - ჯარიმის სახით და 560 ლარი - აღსრულების საფასური. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 31 ოქტომბერს ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ...... არსებულ მოძრავ ნივთებს. 2016 წლის 31 ოქტომბრის N112262 ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მიხედვით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღიწერა და დაყადაღდა შემდეგი დასახელების ნივთები: 1) სარეცხი მანქანა ”ვიატკას” ფირმის; 2) გაზქურა ”ბეკოს” ფირმის; 3) ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის; 4) მაცივარი ”ვესტელის” ფირმის; 5) კომპიუტერის კომპლექტი - მონიტორი ”ACER"-ის ფირმის, კლავიატურა ”SPIRE", პროცესორი, მაუსი; 6) ტელევიზორი ”ვესტელის” ფირმის (ს.ფ. 16-17, 24).

3. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონებიდან საკადასტრო კოდით №....., კრედიტორის საკუთრებად რეგისტრირებულია შენობა - ნაგებობა N1-ის (ლიტ ,,ა”) ნახევარსარდაფი; ხ.უ–ის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) საკუთრებად რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა N2, ნ.ვ–ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) საკუთრებად რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა N3 და ნაგებობა N1 (ლიტ „ა“-ს) პირველი სართული (ტ.1,ს.ფ. 28).

4. შპს ,,მ.ჯ–ას“ 2017 წლის 9 თებერვლის N011 წერილის მიხედვით, 2007 წლის 7 სექტემბერს, მოსარჩელემ, თბილისში, ...... მდებარე „ვესტელის“ მაღაზიაში შეიძინა ,,ვესტელი”-ს ფირმის მაცივარი (ტ.1, ს.ფ. 33).

5. პირველმა მოსარჩელემ სს ,,ს.ბ–ან“ მიღებული სესხით შეიძინა ,,სამსუნგი”-ს ფირმის ტელევიზორი (ტ.1, ს.ფ. 124-132).

6. გ.ა–მა (შემდეგში: მესამე მოსარჩელე) სს ,,ს. ბ–დან“ მიღებული სესხით შეიძინა ,,ბეკო”-ს ფირმის გაზქურა (ტ.1, ს.ფ. 112-123).

7. სარჩელის საფუძვლები

7.1 მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვეს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

7.2 მოსარჩელეებმა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტეს, რომ მოვალე არის პირველი და მეორე მოსარჩელეების დედა, ხოლო მესამე მოსარჩელისათვის - სიდედრი. დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეების შეძენილია და უსაფუძვლოდ მოხდა მათ ნივთებზე ყადაღის დადება მოვალის ვალდებულების გამო.

7.3 მოსარჩელეების მითითებით, აღმასრულებლებმა, გაზქურის გარდა, ყველა დაყადაღებული ნივთი წაიღეს, რომელიც საჭიროა ოჯახისათვის, აღნიშნულის გამო მხარემ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

8. მოპასუხეების პოზიცია

8.1 მოპასუხე დ.ვ–მა სარჩელი ცნო;

8.2 კრედიტორმა სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა;

8.3 მერიის საქალაქო სამსახურმა სარჩელი არ ცნო;

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

9.2 საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მოცემულ ფაქტებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი და მეორე მოსარჩელეები წარმოადგენდნენ იმ ქონების მესაკუთრეებს, რომელში არსებული ქონებაც დააყადაღა აღმასრულებელმა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).

9.3 სასამართლოს განმარტებით, დასახელებულ უძრავ ქონებაში განთავსებული ავეჯი, თუ სამზარეულოს ტექნიკა განკუთვნილი იყო ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებული იყო მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით ირკვევა, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეთა საკუთრებას წარმოადგენდა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ გაზქურისა და კომპიუტერის მესამე მოსარჩელის საკუთრებაში არსებობის ფაქტი კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებით დგინდებოდა. სასამართლომ მოწმე ლ.ს–ძის ჩვენების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალე მისი სახსრებით ვერ შეიძენდა ყადაღადადებულ ნივთებს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4-მე-6 პუნქტები).

9.4 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდებოდა სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელეების საკუთრებაში არსებობის ფაქტი, ხოლო საწინააღმდეგო მოპასუხეებს არ დაუდასტურებიათ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონება უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან.

9.5 სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის საკმარისი საფუძვლები, რის გამოც მოსარჩელეთა შუამდგომლობა დასახელებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10.2 აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ის, რომ კომოდი და საწერი მაგიდა შეიძინა მეორე მოპასუხემ, აგრეთვე არასწორია ის, რომ პირველმა მოსარჩელემ ტელევიზორი და სარეცხი მანქანა დასთან - მეორე მოპასუხესთან მიიტანა.

10.3 აპელანტის განმარტებით, ზემოხსენებული გარემოებების დადგენისას სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები, რაც, თავის მხრივ ,არასაკმარისი მტკიცებულებაა.

10.4 აპელანტმა დამატებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოვალის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ის მისამართი, სადაც მდებარე ბინაშიც განთავსებული იყო სადავო მოძრავი ნივთები, შესაბამისად, სასამართლოს სწორედ მოვალე უნდა მიეჩნია სადავო ქონების მესაკუთრედ.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით მერიის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

11.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

11.3 სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ყადაღადადებული მოძრავი ნივთების განთავსების ადგილი წარმოადგენს კრედიტორის, პირველი და მეორე მოსარჩელეების თანასაკუთრებას. აღნიშნულთან ერთად, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო ნივთები შეძენილია უშუალოდ მოსარჩელეების მიერ, ამასთან, მოწმეება ხაზი იმასაც გაუსვეს, რომ მოვალე უსახსრობის გამო სადავო ნივთებს ვერ შეიძენდა.

11.4 ზემოხსენებულთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოვალე, იმ საცხოვრებელი ფართის, სადაც სადავო ნივთებია განთავსებული, არც მესაკუთრეს და არც ფაქტობრივ მფლობელს არ წარმოადგენს, შესაბამისად მოსარჩელეთა სახელზე, საკუთრების უფლებით აღრიცხულ სახლში არსებული ნივთები სწორედ მათ საკუთრებას წარმოადგენს.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12.2 კასატორის განმარტებით არასწორადაა დადგნილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, სადავო ქონების განთავსების ადგილზე ცხოვრობს მოვალე, შესაბამისად, სწორედ აღნიშნული პირი წამრმოადგენს სადავო ნივთების მესაკუთრეს.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: №ას-494-494-2018, 13.07.2018წ;; №ას-586-561; 29.07.2016წ; №ას-1777-1755-2011, 04.06.2012წ.).

17. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილისა: „საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად“ და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე“ მოხმობით განმარტავს, რომ მოსარჩელეები უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან, რის გამოც ივარაუდება, რომ საკუთვნებლის პრინციპიდან გამომდინარე, დაყადაღებული მოძრავი ქონება წარმოადგენს მათ საკუთრებას, რომელიც, თავის მხრივ, არ არიან მოპასუხის მოვალეეები.

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის უშუალო მოვალეს წარმოადგენს დ.ვ. აღნიშნული ვალდებულების თაობაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის უზრუნველსაყოფად კი დაყადაღებულია მოძრავი ნივთები, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისში, ...... საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დასახელებულ მისამართზე არსებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია არა უშუალო მოვალის, არამედ - მისი ქალიშვილების (პირველი და მეორე მოსარჩელეები) სახელზე.

19. სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან დასახელებული უძრავი ქონება არა მოვალის, არამედ მოსარჩელეების საკუთრებაა, ხოლო დაყადაღებული მოძრავი ნივთები სწორედ აღნიშნულ ბინაშია განთავსებული, ივარაუდება, რომ დაყადაღებული ნივთებიც მოსარჩელეების საკუთრებაა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ. წინამდებარე განჩინების 3-6 პუნქტები) და სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ სადავო ნივთები შეძენილია, მოსარჩელეთა მიერ, ხოლო მოპასუხეს შესაბამისი სახსრები არც კი გააჩნდა (დასახელებულ საკითხზე იხ. მე-17 პუნქტიც).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, შესაძლებელია საკუთვნებელის სახით არსებული გარკვეული ნივთი წარმოადგენდეს ცალკე სანივთო უფლების ობიექტს, თუმცა, ის, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელეების საკუთრებად რიცხულ ბინაში განთავსებული სადავო მოძრავი ქონება წარმოადგენს არა მოსარჩელეების, არამედ - მოვალის საკუთრებას, მერიის საქალაქო სამსახურს სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, რაც მან კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მოახერხა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად იხელმძღვანელეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის მართებულად განაწილების, ასევე, მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, მართებულად დაადგინეს მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ნივთებზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე