საქმე №ას-1197-2018 14 დეკემბერი, 2018 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შ.ი. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ნ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე ს/კ: № ....., 11 008 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე №1, №2, №3, და №4 შენობა-ნაგებობი წარმოადგენს მ.ნ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) საკუთრებას (ტ.1,ს.ფ.14-15).
2. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ... შ.ი–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) საკუთრებაშია ს/კ: № ....., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 566 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით და № .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 185 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. № .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს „სასადილო“. აღნიშნულ უძრავ ქონებას სამი მხრიდან ესაზღვრება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი; ასევე- ტ.1,ს.ფ. 42-43; 71-71-75).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1 მოსარჩელემ 2016 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
3.2 მოსარჩელის განმარტებით, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ქონება წარმოადგენს ბაზრის ტერიტორიას. მოპასუხემ, დასახელებულ ნაკვეთზე უნებართვოდ ააშენა საპირფარეშო და მოშალა ბაზრის ტერიტორიაზე შესასვლელი რკინის კარი.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის შეძენის დროს საპირფარეშო უკვე აშენებული იყო. ამასთან, მას არ აქვს დაკავებული მოსარჩელის მიწის ნაკვეთი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.
5. გურჯაანის რაიონული სასამართლო
5.1 გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ქონება.
5.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.3 რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საპირფარეშოს ფლობს მართლზომიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
5.4 საჯარო რეესტრის ამონაწერით უდავოდ დგინდებოდა, რომ მოპასუხეს გააჩნია „სასადილო“, რომელსაც გვერდიდან მიშენებული აქვს საპირფარეშო, ეს უკანასკნელი კი მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
5.5 მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს განმარტებით, კვების ობიექტისათვის აუცილებელი იყო საპირფარეშო, საქმის მასალებით კი დადგენილი იყო, რომ სადავო საპირფარეშოს გარდა, სხვა არ არსებობდა „სასადილოს“ შიგნით ან მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, მოპასუხეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგებოდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1 გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2 აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისგან გამოთხოვილ იქნა მიწის ნაკვეთი მთლიანად, ხოლო დავა მიმდინარეობს მხოლოდ საპირფარეშოს შენობით არამართლზომიერად დაკავებულ ფართზე. ამასთანავე, გადაწყვეტილებიდან არ ჩანს კონკრეტულად რომელ ნაკვეთზე მდებარეობს სადავო ქონება და არც შესაბამისი მტკიცებულება მოიპოვება საქმეში აღნიშნული საკითხის გასარკვევად.
6.3 სადავო საპირფარეშო 2002 წელს აშენდა. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთი (ს/კ: № ....) შეიძინა 2012 წელს, ხოლო თავად აპელანტმა 566 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ: № ....) შეიძინა 2010 წელს, შესაბამისად, მოსარჩელე 2012 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთს ვერ დაირეგისტრირებდა და მოხდებოდა გადაფარვა, რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ სადავო შენობა-ნაგებობა განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:№ ....) საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
8. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების უკანონოდ დაკავებული 4 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. მასზე განთავსებული შენობის მოპასუხის ხარჯებით დემონტაჟის შემდეგ მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
8.2 რაიონულმა სასამართლომ საქმეში წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განმარტა, რომ მოპასუხის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი ხვდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის სახელზე (ს/კ:№ ....) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ხდება გადაფარვა, აღნიშნული ზედდების ფართობი შეადგენს 53 კვ.მ-ს.
8.3 საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი.ქ–მა დაადასტურა, რომ საპირფარეშოს შენობა შედის ზემოხსენებული გადაფარვის ფართობში, რაც გულისხმობს, რომ სადავო საპირფარეშო მთლიანად მოსარჩელის მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
9.3 საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გასცა ექსპერტმა გ.მ–ძემ, ხოლო სხდომაზე გამოიკითხა ექსპერტი ი.ქ., ისე, რომ მოპასუხე მხარეს არ მიეცა შეკითხვების დასმის უფლება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
10.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება განთავსებული იყო იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მას.
10.3 სააპელაციო პრეტენზიის პასუხად სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოწმის დაკითხვის წესის დარღვევა არ დგინდებოდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი დარღვევა გამოვლინდებოდა, აღნიშნული არ ჩაითვლებოდა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.2 კასატორის განმარტებით, მას არ მიეცა საშუალება ჯეროვნად დაეცვა საკუთარი ინტერესები, ვინაიდან, სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
17.2 ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
17.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
18. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მესაკუთრის ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საკუთრებაშიც რიცხულ მიწის ნაკვეთზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განთავსებულ სადავო შენობა-ნაგებობას, ფაქტობრივად, არამართლზომიერად ფლობს კასატორი.
19. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 3761-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორიცელებული საკანონმდებლო ცვლილებების „თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება ....., აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას .....სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“ მოხმობით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენა შესაძლებლობა განეხილა საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო კასატორს რაიმე ვარგის არგუმენტზე, რომლითაც ივარაუდება, რომ განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია (იხ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შ.ი–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N18431165, გადახდის თარიღი 2018 წლის 2 ნოემბერი), 70% – 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე