საქმე №ას-1257-2018 26 დეკემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.ლ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს მისო “ა.ე.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა.ე–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია) სარჩელი ს.ლ–ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), თ.გ–ძისა და კ.ა–ის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
2. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. ზემოხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, მისი უცვლელად დატოვების განჩინების გაუქმება და საქმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 31 მაისის განჩინებით წარდგენილი კერძო საჩივარი პროცესუალური თანმიმდევრობისა და შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნია სააპელაციო საჩივრად და აპელანტს დაავალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 1 313.24 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 50 ლარის გამოკლებით.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განჩინება ხარვეზის თაობაზე ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 13 ივნისს (ტ.1,ს.ფ.204), შესაბამისად ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო იმავე წლის 14 ივნისიდან და ამოიწურა 25 ივნისს, იმის გათვალისწინებით, რომ 23-24 ივნისი უქმე დღეები იყო (იხ. სსსკ-ის მე-60; 61-ე; 63-ე მუხლები). საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
9. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში, კერძოდ, საპროცესო ვადის ბოლო დღეს - 25 ივნისს, ფოსტის მეშვეობით წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 3 177.69 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო წარმოების ეტაპზე, მხარეს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით სასამართლოსათვის რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენია. კერძო საჩივარში, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება, რომ გადახდის ქვითარი ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილი საპროცესო ვადის ბოლო დღეს - 25 ივნისს წარუდგინა სასამართლოს არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთან, კერძო საჩივარზე დართულია მხოლოდ სააპელაციო საჩივარი და საფოსტო ქვითარი.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივარზე არსებულ სასამართლო კანცელარიის ბეჭედზე (იხ. ტ.1,ს.ფ. 210), რომლიდანაც ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე დართულია სააპელაციო საჩივარი, შედგენილი 9 ფურცლად, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, ან რაიმე ისეთ მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდებოდა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის დასაბუთებულობა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით.
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ლ–ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე