Facebook Twitter

საქმე №ას-1273-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი არასრულწლოვანის დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „დ.დ.ს-გ.გ.ნ–ს“ მიერ გაცემული დოკუმენტით დადგენილია, რომ გ.ა. (შემდეგში: ახალშობილი, ბავშვი ან მცირეწლოვანი) დაიბადა 2017 წლის 5 მაისს. დასახელებული დაწესებულებიდან გაიწერა იმავე წლის 10 მაისს. ახალშობილის დედა არის ნ.ა. (დაბადებული 1986 წლის 11 აგვისტოს, ისრაელის მოქალაქე, პ/ნ: ....., პასპორტი №...., გაცემული 06.02.2011წ. მცხოვრები ქ. თბილისი ......; შემდეგში: დედა; იხ. ტ.1,ს.ფ. 18; 21).

2. მინდობილობით, რომელიც დამოწმებულია 2017 წლის 8 მაისს და გაცემულია 2 წლის ვადით, დედამ ახალშობილი გადასცა ს.ს–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, აღმზრდელი, ბავშვის წარმომადგენელი).

3. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (შემდეგში: სააგენტო) სოციალური მუშაკის განმარტებით ირკვევა, რომ ახალშობილი დედისთვის მესამე შვილია, რომელზეც ბილოგიური მამა უარს ამბობს. დედის განცხადებით, ის 8 მაისს დაწერდა განცხადებას (შეავსებდა სპეციალურ ფორმას), რომლითაც უარს იტყოდა ბავშვზე და მიაშვილებდა ს.ს–ძესა და მის მეუღლეს - რ.კ–ს. დასახელებულ დღეს ახალშობილის დედა მართალია გამოცხადდა გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში, თუმცა, თან არ ჰქონდა ბავშვის დაბადების მოწმობა, რის გამოც ვერ მოხერხდა ზემოაღნიშნული განცხადების შევსება. ადვოკატის განმარტებით, დედამ ბავშვის დაბადების მოწმობა ვერ აიღო, რის გამოც სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს (დადგენილია, რომ მოგვიანებით შესაძლებელი გახდა დაბადების მოწმობის აღება; იხ. ტ.1,ს.ფ.28-29).

4. სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა მიმართა შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს უფროსს და აცნობა, რომ ქ. საჩხერეში ...... მცხოვრები მეუღლეების ოჯახში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა არაიდენტიფიცირებული არასრულწლოვანი ბავშვი. სამმართველოს უფროსის წერილის საფუძველზე დასტურდება, რომ შეისწავლეს დასახელებული ფაქტი, თუმცა, შვილად უკანონოდ აყვანის ფაქტი არ დადასტურდა (ტ.1,ს.ფ. 30-32).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1 სააგენტომ 2017 წლის 24 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ბავშვის წარმომადგენლის წინააღმდეგ, მოითხოვა არასრულწლოვანის ოჯახიდან გამოყვანა, ვინაიდან მცირეწლოვანი კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა აღნიშნულ ოჯახში.

5.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ ბავშვის განთავსება მოხდება ალტერნატიულ საცხოვრებელ პირობებში.

5.3 მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, უდავოა, რომ დედამ ბავშვი საკუთარი მოქმედებით მიატოვა, რაც იმაში გამოიხატება, რომ 2017 წლის 6 მაისს უარი განაცხადა შვილზე, რის გამოც მშობლის უფლებამოსილება შეუჩერდა, ხოლო იმავე წლის 8 მაისს გაფორმებული მინდობილობის მიზნებისათვის, ბავშვის ბიოლოგიური დედა უკვე არაუფლებამოსილ პირად ითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მშობლის მოქმედებით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, ამ უკანასკნელის ერთადერთი კანონიერი წარმოადგენელი მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოა.

6. მოპასუხის პოზიცია

6.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და დამატებით განმარტა, რომ ბავშვის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა. ამასთან, დედას აქვს უფლება, მინდობილობის საფუძველზე გადასცეს ბავშვი იმ ოჯახს, რომელსაც ენდობა და სადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული მანამ, სანამ ბავშვის რეგისტრაცია მოხდება.

7. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1287-ე მუხლით, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით, ბავშვის უფლებების კონვენციით და განმარტა, რომ მიუხედავად მოსარჩელის შესაძლო უფლებისა, მოითხოვოს ბავშვის გამოყვანა მოპასუხისაგან და ვალდებულებისაგან - დაიცვას ბავშვის უპირატესი ინტერესები, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული უფლება-მოვალეობის არსებობის დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ინტერესები და აღნიშნულზე დაყრდნობით გადაწყვიტოს მისთვის კანონით მიკუთვნებული საკითხი.

7.3 რაიონული სასამართლოს განმარტებით დადგენილი იყო და მოსარჩელეც ადასტურებდა სიტუაციური ანალიზის მიხედვით, რომ ბავშვი იმყოფებოდა თბილ და მზრუნველ გარემოში, სადაც დაკმაყოფილებული იყო მისი ძირითადი პირველადი საჭიროებები.

7.4 დადგენილია, ასევე, რომ დედას კანონით დადგენილი წესით არ გამოუთქვამს თანხმობა ბავშვის გაშვილებასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის - სასამართლოში, რაც მოწმობს დედის ინტერესესს შვილის მიმართ და გამორიცხავს წინამდებარე სარჩელის საფუძვლიანობას, მშობლის შეჩერებული უფლების გამო ბავშვის კანონიერ წარმომადგენლად სააგენტოს აღიარების თაობაზე.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.2 აპელანტის განმარტებით, ბავშვის დედამ საკუთარი მოქმედებით გამოხატა ბავშვის გაშვილების ნება, რომელიც წერილობითაც დაადასტურა.

8.3 აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან მშობელმა სამშობიაროში დატოვა ბავშვი, ხოლო კანონმდებლობა არ იცნობს მშობლის მიერ დატოვებული ბავშვის გაშვილების თაობაზე რაიმე მითითების შესაძლებლობას სავარაუდო მომავალი მშვილებლის შესახებ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბავშვი გამოყვანილი უნდა იქნეს იმ ოჯახიდან, სადაც ის კანონიერი საფუძვლის ფარეშე იმყოფება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვის მამის მონაცემები დადგენილი არ არის.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

9.2 სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა საკითხის შეფასება იმის თაობაზე, გამოხატა თუ არა ბავშვის დედამ თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით საკუთარი შვილის მიტოვების ნება. სასამართლოს შეფასებით, სწორედ აღნიშნული გარემოების გარკვევის შედეგადა უნდა დადგენილიყო, ჩაითვლება თუ არა წინამდებარე შემთხვევაში მშობლის უფლება შეჩერებულად.

9.3 სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, , რომ დედამ თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა ნება ბავშვის მიტოვებაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვი მოპასუხესთან კანონიერი საფუძვლით იმყოფება. ამასთან, უდავო გარემოებას წარმოადგენს (თავად მოსარჩელემაც არაერთხელ დაადასტურა), რომ მცირეწლოვანი თბილ და მზრუნველ გარემოშია და ამით ზიანი არ ადგება მის ინტერესს.

9.4 საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით უდავოდ დასტურდება, რომ დედამ არათუ უარი თქვა შვილზე, არამედ მშობიარობის შემდგომ იზრუნა ბავშვზე, აწარმოა დავები თბილისის საქალაქო სასამართლოში ბავშვის დაბადების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აიღო დაბადების მოწმობა, მინდობილობა გაუფორმა მოპასუხეს ბავშვის წარმომადგენლობისათვის ყველა დაწესებულებაში.

9.5 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, საქმეში არ იყო საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2 კასატორის მტკიცებით, ბავშვის დედამ 2017 წლის 6 მაისს განცხადებით მიმართა სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრს და დააფიქსირა საკუთარი ნება, რომლის მიხედვითაც შვილზე უარი თქვა.

10.3 სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ბავშვის დედამ ბავშვის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმა - უგულებელყოფა გამოიყენა.

10.4 კასატორის მტკიცებით, სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობით მესამე პირისათვის ბავშვის კანონიერი წარმომადგენლობის გადაცემა არ შეესაბამება მეურვეობა-მზრუნველობის მიზნებს.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დადგენილი.

17. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ დედამ საკუთარი მოქმედებით გამოხატა ნება ბავშვის მიტოვების თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნულის შემდეგ ბავშვის მოპასუხესთან დატოვება სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების საფუძველზე, არ გამომდინარეობს სამართლებრივი დანაწესიდან. ამ მიზეზით ბავშვზე ერთადერთი კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილება შესაძლებელია მხოლოდ სააგენტოს გააჩნდეს.

18. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის შედეგად უდავოდ დგინდება (აღნიშნული ფაქტის უტყუარობას სააგენტოს წარმომადგენლის - სოციალური მუშაკის სიტუაციური ანალიზიც ამყარებს), რომ ბავშვი მშობლის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იმყოფება მინდობილობაში განსაზღვრულ პირებთან, თბილ და მზრუნველ გარემოში, სადაც დაცულია მისი საუკეთესო ინტერესები.

19. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია წერილი, რომლითაც დედა ახალშობილზე უარს ამბობს და პირდაპირ უთითებს კონკრეტულ პირებს (მოპასუხეს და მის მეუღლეს) ბავშვის გაშვილების მიზნებისათვის, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერ ჩაითვლება მშობლის მიერ, კანონით დადგენილი წესით, ბავშვზე მოქმედებით უარის თქმად, ვინაიდან პირველ რიგში, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა უნდა დაადასტუროს სპეციალური ფორმით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი“. წინამდებარე შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ დედას სათანადო წესით ბავშვის მიტოვების თაობაზე წერილი არ დაუწერია (გამოცხადდა შესაბამის დაწესებულებაში, თუმცა, ბავშვის დაბადების მოწმობის არ ქონის გამო არ დაუწერია განცხადება, არ შუვსია სპეციალური ფორმა); სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მავშვის დედამ დავა აწარმოა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ დაბადების რეგისტრაციისა და დაბადების მოწმობის აღების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური მამის თაობაზე ინფორმაცია საერთოდ არ მოიპოვებოდა. აღნიშნულკონტექსტში, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს ბავშვის მიმართ ძალადობაზე, რაც უგულებელყოფის ფორმით გამოიხატა, არ მიუთითიებია სარჩელში (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 1-17; იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ 177-178-ე მუხლები ), თუმცა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართალწარმოებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 352-ე და 354-ე მუხლებით, რომელთა საფუძველზე დადგენილია საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი და სასამართლოს მიერ მხარეთა პრეტენზიების არარსებობის პირობებშიც კი, ბავშვის საუკეთესო და უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო ხელმძღვანელობს სამართალწარმოების ინკვიზიციურობის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომელზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მოსარჩელე სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ საკუთარი გეგმის მისაღწევად, ბავშვის გაშვილების მიზნით, მისი უგულებელყოფა მოახდინა, რაც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა (იხ. სააპელაციო საჩივარი, - ტ.1, ს.ფ.149). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე უგულებელყოფის ფორმით ვერ დგინდება, კერძოდ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437-ე დადგენილების მე-3 მუხლის „თ.ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით უგულებელყოფად მიიჩნევა მშობლის, სხვა კანონიერ წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს, სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

20. ზემოხსენებულთან ერთად, აღსანიშნავია, რომ დაბადების მოწმობის და დაბადების რეგისტრაციის ფაქტის აღრიცხვის მოწესრიგებასთან ერთად, ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ მოპასუხეს სანოტარო წესით მიანიჭა მინდობილობა და, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გადასცა უფლებამოსილება ყოფილიყო ბავშვის წარმომადგენელი ყველა ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოში, მათ შორის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და არქივში, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, საავადმყოფოსა და კლინიკაში, ნებისმიერ ბაგა-ბაღში, დააყენოს სამედიცინო აღრიცხვაზე შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, გააკეთოს აცრები, საჭიროების შემთხვევაში მისი სახელით განაცხადოს თანხმობა მისი შვილისათვის საჭირო გამოკვლევა/ოპერაციის ჩასატარებლად, შეიტანოს განცხადებები, წარადგინოს, გამოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ცნობა, საბუთი და მოწმობა, მისი სახელით განაცხადოს თანხმობები, საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს შესწორება ან/და ცვლილება ნებისმიერ საბუთში, ხელი მოაწეროს საჭირო საბუთებს და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნება აღნიშნული დავალების შესრულებასთან.

21. კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება მშობლის მიერ ბავშვის მოქმედებით ან უმოქმედობით მიტოვების ფაქტი, აგრეთვე ის ფაქტი, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება ბავშვი მოპასუხესთან, ამასთან, კიდევ ერთხელ, აღსანიშნავია თავად მოსარჩელის წარმომადგენლის - სოციალური მუშაკის სიტუაციური ანალიზის შედეგი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მისი საცხოვრებელი პირობებისა და გარემოს გათვალისწინებით დაცულია.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე