საქმე №ას-1313-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.ა–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჯ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის გაზრდა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.ა–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, დედა ან კასატორი) და გ.ჯ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, მამა) 2007-2010 წლებში იმყოფებოდნენ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 23 მაისს შეეძინათ ერთი შვილი - მ.ჯ–ძე (შემდეგში: შვილი, არასრულწლოვანი).
2. მეუღლეები 2010 წელს განქორწინდნენ. აღნიშნული პერიოდიდან, მ.ჯ–ძე ცხოვრობს დედასთან.
3. მოსარჩელემ 2010 წლის 15 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა, შვილის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, შვილის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად - 300 (სამასი) ლარი, 2010 წლის 15 ოქტომბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე. აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მოპასუხეს 2016 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ერიცხებოდა საალიმენტო დავალიანება 6 351.10 ლარის ოდენობით.
5. დასახელებული გადაწყვეტილების შემდეგ, მოსარჩელე დასაქმდა შპს „მ–ში“. მისი ხელფასი, დანამატის გათვალისწინებით, შეადგენდა თვეში 640 (ექვსას ორმოცი) ლარს.
6. არასრულწლოვანი სწავლობს კერძო სკოლის შპს „ი.ს–ის“ მე-4/ბ კლასში, ასევე ცეკვისა და ინგლისურის წრეზე. სწავლის საფასური სკოლაში შეადგენს 1 500 ლარს, ხოლო ცეკვისა და ინგლისურის წრეზე 110 ლარს.
7. სარჩელის საფუძვლები
7.1 დედამ, 2016 წლის 16 აგვისტოს სარჩელი აღძრა მამის წინააღმდეგ და, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, დაკისრებული ალიმენტის 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარამდე გაზრდა მოითხოვა. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა 300 ლარით, თუმცა, განმეორებით სარჩელის წარდგენის დროისათვის მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ასევე, გაზრდილია არასრულწლოვანი შვილის საჭიროებები, რის გამოც, ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს სარჩელში მითითებულ თანხამდე.
7.2 მოსარჩელის განმარტებით, უშუალოდ მოპასუხეს საკუთრებაში მოძრავი ან უძრავი ქონება არ გააჩნია, თუმცა, ამ უკანასკნელის დედა -ი. ჯ–ძე რეგისტრირებულია ორი უძრავი ქონების (ს/კ: .....; ს/კ: ....) მესაკუთრედ, რაც მიღებული აქვს ჩუქებისა და მემკვიდრეობის საფუძველზე. ასევე, ყოფილმა დედამთილმა 2015 წლის 20 მაისს შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. იმავე წლიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მისი სამომავლო საკუთრების უფლება შპს „ბ გ–ის“ საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში მდებარე მშენებარე ობიექტის ორ საცხოვრებელ და ერთ არასაცხოვრებელ ფართზე.
7.3 მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ქონებები აღრიცხულია, მოპასუხის დედის სახელზე, ისინი რეალურად უშუალოდ მოპასუხის მიერ არის შეძენილი. ა. ამასთან, მოპასუხე პროფესიით მეზღვაურია და მისი შემოსავალი საშუალოდ 8 000 - 10 000 ლარს შეადგენს.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მეზღვაურია, არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი და მხოლოდ დროებით სამუშაოებზე მუშაობს, ასევე, სარჩელში დასახელებული ქონებებიც არ არის მისი სახსრებით შეძენელი.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლებით და განმარტა, რომ პერიოდული სარჩოს ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. მშობლის გაზრდილი და სტაბილური შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და შეუქმნის განვითარების ფართო წინაპირობებს. ალიმენტის ოდენობის ცვლილების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, გაუმჯობესდა თუ არა არსებითად ალიმენტის გადამხდელი პირის ქონებრივი მდგომარეობა.
9.3 სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ მიიჩნია დადასტურებულად მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება, რაც ქმნიდა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არსებობდ.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2 სააპელაციო საჩივრის საფუძვლები სასარჩელო პრეტენზიების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1-7.3 პუნქტები).
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
11.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
11.3 სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ. წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტები) მიუთითა, რომ მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის საკითხის გადაწყვეტა.
11.4 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებაზე მითითებით განმარტა, რომ „სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია, ალიმენტი გაიზარდოს“ (სუსგ ას-303-290-2015, 13.05.2015; შდრ. სუსგ ას-1191-1121-2015, 22.01.2016).
11.5 სასამართლოს განმარტებით, აპელანტის პრეტენზია ეხებოდა იმ საკითხს, რომ ალიმენტვალდებული პირი, როგორც მეზღვაური, მაღალ ანაზღაურებას იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 2018 წლის 6 მარტს გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ თავდაპირველ სარჩელზე საქმის წარმოების დასრულებისას მოპასუხე არ იყო დასაქმებული, ასევე, სააგენტოს არ მოეპოვება მოპასუხის დასაქმების შესახებ ინფორმაცია ალიმენტის გაზრდის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვის პერიოდისათვის. სააგენტოს ცნობით, მოპასუხე 2012 წლის 13 ივლისიდან 2015 წლის 10 აპრილამდე მუშაობდა სხვადასხვა ხომალდზე პერიოდულად, აღნიშნული ფაქტი კი, თავის მხრივ, არ წარმოადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც თავდაპირველად სარჩელის დაკმაყოფილება დაედო საფუძვლად. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვის დროისთვისაც მამა ისევ პერიოდულად არის დასაქმებული, არსებითად არ არის შეცვლილი მისი მატერიალური მდგომარება, რაც ალიმენტის გაზრდას შეიძლება დაედოს საფუძვლად.
11.6 სასამართლომ ზემოაღნიშნულთან ერთად, იმაზეც იმსჯელა, რომ 2008-09 წლებში მოპასუხე ერთსა და იმავე ხომალდზე საქმიანობდა, ხოლო 2012-15 წლებში ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან აქვს დადებული, ივარაუდება, რომ ალიმენტის დაკისრებამდე მოპასუხე სტაბილურად იყო დასაქმებული, ხოლო აღნიშნულის შემდეგ იგი უკვე აღარ მუშაობდა, რაც ვერ შეფასდება ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებად.
11.7 ის, რომ გ.ჯ–ძეს შემოსავალი არ გააჩნია დასტურდება კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციითაც (ტ.1,ს.ფ. 177-195).
11.8 მამის დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლების არსებობას არ ადასტურებს არც მოწმეთა ჩვენებები. აღნიშნული მტკიცებულებებით არ ირკვევა, რომ მოპასუხე დასაქმებულია ან სტაბილური შემოსავალი გააჩნია.
11.9 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ის გარემოება, რომ მოპასუხის დედა სხვადასხვა ქონების მესაკუთრეა, არ გულისხმობს ალიმენტვალდებული პირის შემოსავლების ზრდას, ხოლო სხვა სახის სარწმუნო მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12.2 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და უგულებელჰყო ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
12.3 სასამართლომ არ გაითვალისწინა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2016 წლის 29 ნოემბრის წერილი, რომლის თანახმად, მოპასუხე მოქმედი მეზღვაურია, ირიცხება მეზღვაურად სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის, მეზღვაურთა დოკუმენტთა მართვის სისტემის ბაზაში და მასზე გაცემულია მოქმედი მეზღვაურის სერთიფიკატი.
12.4 კასატორის განმარტებით, თავად მოპასუხის ახსნა-განმარტება, იმის თაობაზე, რომ რესტორნის გახსნას აპირებდა, მის ფინანსურ სიძლიერეზე მეტყველებს, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ.
12.5 სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში მოპასუხეს ერთჯერადად ჩამოეჭრა 10 000 ლარი, რაც, თავის მხრივ, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის (დედის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები #ას-675-631-2017, 16.06.2017; №ას-58-49-2011, 27.06.2011; ას-744-1042-09, 26.10.09).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის (300 ლარი) გაზრდის საკითხი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 1221-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. სსკ-ის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
18. აღსანიშნავია, რომ ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას დასაბუთებულია კასატორის მიერ მითითებული ნორმების გამოყენება, რამდენადაც დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.
19. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით: სსკ-ის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, რა დროსაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა და საჭიროება.
20. განსახილველ შემთხვევაში კასატორის პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მისი დაუსაბუთებლობის მოტივით ეხება, თუმცა, აღნიშნულის დასამტკიცებლად მხარეს სამართლებრივად ვარგისი და სარწმუნო მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.
21. ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 12.4-12.5 ქვეპუნქტებში მითითებული კასატორის პრეტენზიების პასუხად განმარტავს: ერთ შემთხვევაში მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოთქმული პოზიცია გარკვეული ფინანსური ოპერაციის, მომავალში შესაძლო ქმედების განხორციელების თაობაზე ჰიპოთეტურად ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და იმ გარემოებების ცვლილებას, რომელიც ადრე საფუძვლად დაედო ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, მით უფრო, როდესაც საქმეში არ არის წარდგენილი სხვა სახის სარწმუნო მტკიცებულები. მეორე მხრივ კი, მოპასუხის ანგარიშზე ერთჯერადად არსებული თანხა ვერ იქნება დამაჯერებელ მტკიცებულებად მიჩნეული, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ალიმენტვალდებული პირი იღებს სტაბილურ შემოსავალს.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე