Facebook Twitter

საქმე №ას-1365-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი.პ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ.შ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს „ი.პ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან კომპანია) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მარტს სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოპასუხე კომპანიის დირექტორი ო.ბ. (იხ.ტ.1,ს.ფ.96). დადგენილია, რომ დირექტორმა დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 41-ე დღეს - 17 აპრილს (იხ. ტ.1,ს.ფ. 110), თუმცა, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 6 აპრილს და ამოიწურა 20 აპრილს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 24 აპრილს (ტ.1,ს.ფ.121).

5. კომპანიამ კერძო საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინებაზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

6. კომპანიის დირექტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ დარჩა განუხილველი, ვინაიდან სასამართლომ არასწორად დაადგინა სააპელაციო საჩივრის წარდგენის დარღვევა. სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 21 საათზე ჩააბარა ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ფოსტის ფილიალს (სწორედ აღნიშნული ფილიალი მუშაობდა დღის ბოლომდე, 00:00 სთ-მდე), შესაბამისად ითვლება, რომ არ არსებობს მისი განუხილველად დატოვების საფუძველი. აღნიშნულის დასადასტურებლად, საჩივრის ავტორმა, კერძო საჩივარზე დართულ, ფოსტის მიერ გაცემულ საფოსტო კონვერტსა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე მიუთითა (ტ.2,ს.ფ. 20).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი 14 დღიანი ვადის გასვლამდე ჩააბარა ფოსტას, 2018 წლის 20 აპრილს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გზავნილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საფოსტო ფილიალში ჩააბარა დაახლოებით 21:07 სთ-ზე, იმ მოტივით, რომ სხვა ფილიალები უკვე აღარ მუშაობდნენ ხოლო სააპელაციო სასამართლომ არამართებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში უშუალოდ წარდგენა - 24 აპრილი, ვადის დარღვევად (იხ. კერძო საჩივარი- ტ.2, ს.ფ.17-19).

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის „თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ გამოყენების დასაბუთებულობა.

11. საქმის მასალების მიხედვით, კერძო საჩივარს ერთვის საფოსტო კონვერტისა (რომლითაც სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გაიგზავნა სააპელაციო საჩივარი) და მასზე დართული საფოსტო მომსახურების ქვითრის ასლი (იხ. ტ.2, ს.ფ. 20), ამ უკანასკნელზე მითითებულია: შპს „ს.ფ.“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, 20.04.2018წ. 21:07 სთ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, მასთან დაცული გზავნილების რეესტრის საფუძველზე კიდევ ერთხელ უნდა შეამოწმოს, თუ როდისაა სააპელაციო საჩივარი გადაცემული ფოსტისათვის და დაცული აქვს თუ არა მხარეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადა (იხ. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი). სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილებს გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).

14. ზემოხსენებულ ნორმათა სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, წინამდებარე შემთხვევაში დაიწყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (საქმეში არსებული სხდომის ოქმით დასტურდება, რომ დასახელებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი (იხ.ტ.1,ს.ფ. 96)). შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30 - დღიანი ვადა ამოიწურა იმავე წლის 6 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა მხარისათვის დაიწყო მომდევნო დღეს - 7 აპრილს, შესაბამისად, საჩივრის შეტანის 14- დღიანი ვადა ამოიწურა 2018 წლის 20 აპრილს. იმ პირობებში, რომ მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარებული აქვს, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი აქვს კანონით დადგენილ ვადაში - 20 აპრილს, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.

15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია, გამყარებულია საფოსტო მომსახურების ცენტრიდან წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებით, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, კომპანიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ''ი.პ–ის'' კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებაზე და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შპს ''ი.პ–ის'' სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე