Facebook Twitter

საქმე №ას-1459-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ს–ის კანონიერი წარმომადგენელი ე.კ–ო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – კანონისმიერი მემკვიდრის მიერ კუთვნილი სამკვიდრო ქონების მიღება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ს–ის კანონიერი წარმომადგენლის ე.კ–ოს (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დ.მ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, ან კერძო საჩივრის ავტორი), წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილსის სააპლაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი -, უკვე გადახდილი 2000 ლარის გარდა, დამატებით 3 000 ლარი.

4. თბილისის სააპლაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხარვეზის თაობაზე განჩინება 2018 წლის 5 ივლისს კანონით დადგენილი წესით (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 70-78), ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის ორგანიზაციის თანამშრომელს - გ.ს–ს (ტ.2, ს.ფ. 9). აპელანტისათვის 7- დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 6 ივლისს და ამოიწურა იმავე წლის 12 ივლისს (იხ. სსსკ-ის 61-ე მუხლი). საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. ამასთან, აპელანტმა, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟი განჩინებით დადგენილ ვადაში გადაიხადა, თუმცა, ქვითარი სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინების გაგზავნის დროისათვის ის საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, განჩინება ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან გ.ს. საერთოდ არ წარმოადგენს ორგანიზაციის თანამშრომელს.

8. უშუალოდ აპელანტმა, ხარვეზის თაობაზე შემთხვევით შეიტყო მას შემდეგ, რაც თავად დაუკავშირდა სასამართლოს შესაბამის მოხელეს და იმავე დღეს- 2018 წლის 10 ივლისს, ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილ ვადაში, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

9. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 286-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას განჩინების გაგზავნისა და არა - ჩაბარების თაობაზე, ამასთან, დასახელებული ნორმის მიხედვით განჩინება მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში უნდა გაეგზავნოს მხარეს. წინამდებარე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 21 ივნისს გამოტანილი განჩინება გაუგზავნა იმავე წლის 6 ივლისს, ანუ არა კანონით დადგენილი 5 დღის ვადაში, არამედ დაგვიანებით, 10 დღის შემდეგ, შესაბამისად, სასამართლომ თავად დაარღვია საპროცესო ვადა, რის შემდეგაც მხარეს ვეღარ გაუქარწყლებდა საპროცესო მოქმედების ვადას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის თაობაზე განჩინება 2018 წლის 5 ივლისს ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენლის ორგანიზაციის თანამშრომელს - გ.ს–ს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2018 წლის 12 ივლისამდე, მხარეს სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი არ წარუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლოს თავისი ინიციატივითაც შეეძლო საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ, აღნიშნული ვადის გაგრძელება, უსაფუძვლოა (სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავხებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

17. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტება, რომ ხარვეზის თაობაზე განჩინების გაგზავნისა და ჩაბარების მომენტისათვის ის არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო გზავნილის უშუალოდ მიმღები პირი არ წარმოადგენს შესაბამისი ორგანიზაციის წარმომადგენელს, დაუსაბუთებელია და არ ეყრდნობა რაიმე სახის მტკიცებულებას.

18. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულთან ერთად ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებაზე და სსსკ-ის 286-ე მუხლის „მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა“ შინაარსის მოხმობით მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმა არ ეხება წინამდებარე სადავო ურთიერთობას.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია ტელეფონით მაინც შეატყობინოს მხარეს ხარვეზის დადგენის თაობაზე (იხ. კერძო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.20), რადგან დასახელებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ ხარვეზის შესახებ სატელეფონო შეტყობინებით აცნობოს მხარეს (მის წარმომადგენელს) და არ აკისრებს ამგვარ ვალდებულებას. კერძო საჩივრის ვერც ის პრეტენზია იქნება გაზიარებული, რომ სასამართლოს შეეძლო საკუთარი ინიციატივითაც გაეგრძელებინა ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა, რადგან სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ „სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით“ და დასახელებული ნორმა არ იძლევა იმგვარ შესაძლებლობას, როგორც ეს სსსკ-ის 64-ე განსაზღვრული „სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით“, რომელიც ზოგადად საპროცესო ვადის გაგრძელებას ადგენს.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს იმ მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

21. ამასთან, ცხადია, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, § 57, 28 მაისი, 1985 წელი). სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისთვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (იხ. Weissman and Others v. Romania, №63945/00, §34, 35, 24მაისი, 2006 წელი). ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა. უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობის გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (იხ.საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ, №38736/04, §41, 30იანვარი, 2008 წელი)

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ემუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.მ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე