Facebook Twitter

№ას-535-508-2015 14 ივლისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი (მოპასუხე) - ბ.მ.ს.ჭ. ს.ს.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ს–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ.ს–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბ.მ.ს.ჭ.ს.ს–ის დირექტორის 2013 წლის 19 ნოემბრის N1/78 ბრძანება ნ.ს–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

5. სსიპ ბ.მ.ს.ჭ.ს.ს–ას, ნ.ს–ძის სასარგებლოდ, 3237.36 ლარის გადახდა დაეკისრა;

6. ნ.ს–ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის 22 ივნისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ ბ.მ.ს.ჭ.ს.ს–ის დირექტორმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება ითხოვა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ კასატორისათვის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 344.40 ლარი იყო, რომელსაც აკლდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი 20% (68.88 ლარი) და მისი ე.წ. ხელზე ასაღები ხელფასი 275.52 ლარს შეადგენდა. ამდენად, კასატორი სახელფასო ანაზღაურებას ჯამში 2589.89 ლარს მიიღებდა, ხელშეკრულება რომ არ შეწყვეტილიყო. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს განიმარტოს კასატორს 3237.36 ლარი სრულად უნდა აუნაზღაურდეს, თუ დაკისრებულ თანხას უნდა გამოაკლდეს საშემოსავლო გადასახადი.

.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის (გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას) შესაბამისად, განმარტების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების საფუძველია სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, ხოლო მიზანი - გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. გადაწყვეტილების განმარტების საგანი არ არის საკითხის ხელახლა განხილვა, არამედ უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირების იმგვარი დაზუსტება, რაც ბუნდოვანებას გამორიცხავს.

განსამარტი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა კასატორის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელი იყო, რის გამოც პალატამ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მისი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად საკასაციო სასამართლომ გამოიყენა დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელეს უნდა ემუშავა დამსაქმებელთან (ხელშეკრულება ერთი წლის ვადით იყო დადებული და კასატორს მისი შეწყვეტის დროისათვის კიდევ 9 თვე და 12 დღე უნდა ემუშავა) და მისი ხელფასის ოდენობა. ამდენად, გადაწყვეტილება უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ხელფასის სახით დარიცხულ თანხას გამოაკლდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, კომპენსაციის მიზნებისათვის, ხელფასის ოდენობა ის თანხაა, რომელსაც კასატორი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გადახდის შემდეგ, რეალურად მიიღებდა. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ კომპენსაციის მიზანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის აღდგენა სასამართლოს მიერ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა კი, პალატის მოსაზრებით, სწორედ ის თანხაა, რომელსაც დასაქმებული მიიღებდა ხელშეკრულება ვადამდე რომ არ შეწყვეტილიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი, რომლითაც სსიპ ბ.მ.ს.ჭ.ს.ს–ას, კასატორის სასარგებლოდ, დაეკისრა 3237.36 ლარის გადახდა, უნდა განიმარტოს შემდეგნაირად: სსიპ ბ.მ.ს.ჭ.ს.ს–ას, ნ.ს–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 3237.36 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გმოკლებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 262-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.მ.ს.ჭ.ს.ს–ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი, რომლითაც სსიპ ბ.მ.ს.ჭ.ს.ს–ას, ნ.ს–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა 3237.36 ლარის გადახდა, განიმარტოს შემდეგნაირად: „სსიპ ბ.მ.ს.ჭ.ს.ს–ას, ნ.ს–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 3237.36 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი